ხუთშაბათი, იანვარი 9, 2025

ივანე ჩხაიძე – გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია, მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება და იანვარში მიაღწევს პიკს

გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია, მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დეკემბერ-იანვარი არის გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური პერიოდი.

„ყოველდღიურად გრიპის დადასტურებული შემთხვევის რაოდენობა მატულობს. დეკემბრის მეორე კვირას, ანუ კალენდარული წლის 50-ე კვირას, გრიპის მაჩვენებელი იყო 25%, 51-ე კვირას გახდა 32% და გრიპის ვირუსი გახდა დომინანტური ვირუსი. 52-ე კვირას კი მატების ეს დინამიკა შენარჩუნდა და საერთო მაჩვენებელი არის 40%. ეს ნიშნავს, რომ დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპი არის დადასტურებულ შემთხვევებში სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზე და უპირატესია სწორედ H1 ტიპის ვირუსი, იგივე ღორის გრიპი. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაში და ალბათ იანვარში მიაღწევს პიკს. სწორედ დეკემბერ-იანვარი გახლავთ გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური პერიოდი.

ასევე მნიშვნელოვანია, რა ხდება სხვა ვირუსებთან მიმართებით. გრიპი და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა 2024-2025 წლის სეზონზე, ჯამში, თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან. ანუ ახლა დაახლოებით 100 000 მოსახლეზე 160 შემთხვევა ფიქსირდება, ორი წლის წინ კი 320-330 შემთხვევა ფიქსირდებოდა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ვირუსული პნევმონიით 36 პაციენტი მკურნალობდა. ჩხაიძის განცხადებით, მათგან არცერთი არ ყოფილა ვაქცინირებული.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გრიპის შემთხვევის მატება და ეს მატებაც სტაბილურია. სწორედ გრიპის ვირუსს ახასიათებს გართულებები, როგორიც არის ფილტვების ანთება. მხოლოდ დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ვირუსული პნევმონიის 36 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, რაც დიდი რიცხვია და ნათლად მიუთითებს, რომ ბავშვებში სწორედ გრიპია ის, რამაც უფრო მეტად შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი მდგომარეობის დამძიმება. აღსანიშნავია, რომ არცერთი ამ პაციენტიდან არ იყო ვაქცინირებული. გრიპის ვაქცინაციის შესახებ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, თუმცა ეს არ გახდა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიცია, არ გახდა დაავადების პრევენციის ნაწილი. როცა ხედავთ, რომ ფილტვების ანთების ყველა შემთხვევა ემართება არავაქცინირებულ პაციენტს, ნათელია, რომ გრიპის ვაქცინას მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, ხუთ წლამდე ბავშვებში.

რაც შეეხება ადგილების რაოდენობას. ამისთვის ჩვენი კლინიკა წინასწარ ემზადება და იაშვილის საავადმყოფო ერთადერთია ქვეყანაში, რომელსაც აქვს რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტი. ეს არის განყოფილება, რომელიც იღებს მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები აქვთ. რა თქმა უნდა, ის 25 საწოლი, რომელიც ამ დეპარტამენტისთვის არის გამოყოფილი, საკმარისი არ არის. ამიტომ, გამოვათავისუფლეთ მეორე დეპარტამენტიც. ახლა იაშვილში ორი დეპარტამენტი ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებები. შესაბამისად, არ იქნება ადგილების დეფიციტი. მატება თუ კიდევ გაგრძელდება და იქნება საჭიროება, მზად ვართ, დამატებით ერთი დეპარტამენტი გამოვათავისუფლოთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სვანეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული  ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს  მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი  მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ", - წერს პროკურატურა. ორივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად),  143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი თქმით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ ქუჩებზე 9 იანვარს შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის  გორის, შმიდტის, ტატიშვილის, ბურძგლას, საირმის, გონიაშვილის, ანჯაფარიძის, მინდელის, სანდრო ეულის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას. სამგორის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის  მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 X კვარტლის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, შუამთის, გახოკიძოის, კალოუბნის, იყალთოს, ვასაძის, საცხენისის, აბაშვილის, მიშველაძის, ბერიაშვილის, ფანასკეტრელი-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, ჯავახეთის, აბულაძის, მზითაგორის, ნაირაშვილის, მაისურაძის, შტენბერგის, შანდორ პეტეფის, ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის, ლაღიძის და მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ჯო უილსონი თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატების კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. „მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების ამ განცხადების ხელმძღვანელი.  მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ სამიტის შეხვედრებისგან ივანიშვილის რეჟიმთან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ“ - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.   მასალა შეივსება.

ჯო უილსონი საქართველსოთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვას ავრცელებს. ამერიკელი კონგრესმენის თქმით, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, ყოფილი თანამდებობის პირები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი. ხელმომწერები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, არ გამართონ შეხვედრები, როგორც ისინი უწოდებენ, უკანონო რეჟიმთან, ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს. ისინი მოუწოდებენ დემოკრატიულ მთავრობებს, ერთიანი სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ წევრებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც, მათი თქმით, ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს. „ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიამ აირჩია, უგულებელყოს ოპოზიციის და საერთაშორისო მონიტორების ლეგიტიმური შეშფოთებები ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, დასვა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათას დემონსტრანტს ღამის აქციებზე. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიდგეთ მათ გვერდით“, – აღნიშნულია მიმართვაში. კონგრესმენის, ჯო უილსონის მიმართვას 43 ადამიანი აწერს ხელს.

რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 18 მოქალაქე, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს. ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკოვსკის რაიონი გახდა. კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.

ბოლო სიახლეები