ვინ იყო მიხაილ ხაჩატურიანი – კაცი, რომელიც ქალიშვილებზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა და რომელიც ქალიშვილების ხელითვე მოკვდა.
ბიოგრაფია
ხაჩატურიანის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ის ბაქოში დაიბადა, 80-იანი წლების ბოლოს კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდობაში მიხაილ სერგეევიჩი მსახურობდა ავღანეთში.
ოფიციალური სამსახურის გარეშე მან იყიდა ორი ბინა ერთი კორპუსის სხვადასხვა სართულზე და გააერთიანა.
მეზობლებს იგი ერთგვარ ადგილობრივ „კრიმინალურ ავტორიტეტად“ მიაჩნდათ. მიხეილ ხაჩატურიანი კონფლიქტური პიროვნება იყო, მან ერთ-ერთ მეზობელს ფეხებში ესროლა.
ინტერნეტში მრავლადაა ფოტოები, სადაც მიხეილი საეკლესიო სამოსშია გამოწყობილი. მისი ნაცნობები ჰყვებიან, რომ ის წელიწადში რამდენჯერმე იერუსალიმში სალოცავად ჩადიოდა, სახლში ხშირად მასპინძლობდა სასულიერო პირებს სხვადასხვა რიტუალების ჩასატარებლად. ბინა კი ხატებით ჰქონდა სავსე.
პირადი ცხოვრება
ხაჩატურიანმა ცოლი, ეროვნებით მოლდოველი აურელია დუნდუკი სახლიდან დიდი ხნის წინ გააძევა და ქალიშვილებთან ურთიერთობა აუკრძალა. ხოლო თავისი ვაჟი სერგეი სახლიდან 2013 წელს გააგდო. მეზობლების თქმით, მამა ქალიშვილებს სწავლის საშუალებას არ აძლევდა და ხშირად სცემდა მათ.
ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, რომ დებმა მამა გააგიჟეს, არ უვლიდნენ, როდესაც ავად იყო. სასამართლოში წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები, სადაც მიხაილი ყვიროდა და ბავშვებს ემუქრებოდა გოგონებმა განზრახ ჩაიწერეს.
მიხაილ სერგეევიჩის დედა ხშირად სტუმრობდა სახლს მისი არყოფნისას, ამოწმებდა, რას აკეთებდნენ შვილიშვილები, მიაჩნდა, რომ ისინი შეუსაბამოდ იქცეოდნენ და თუ რამე არ მოეწონებოდა — მაშინვე შვილს ურეკავდა. დაბრუნების შემდეგ ხაჩატურიანი სახლში სკანდალს აწყობდა — არ არკვევდა, ვინ იყო მართალი და ვინ — დამნაშავე. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მეზობელი ღიად ამბობდა, რომ ოჯახის თავმა თვითონ მოაწერა ხელს საკუთარ განაჩენზე.
მკვლელობა
საქმის მასალების მიხედვით, ხაჩატუროვს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა ყელისა და გულ-მკერდის არეში. მის სხეულზე 36-დან 45-მდე დანით მიყენებული ჭრილობაა აღმოჩენილი. მკვლელობის შემდეგ უფროსმა დამ თავად დარეკა პოლიციაში და მომხდარი აცნობა. დები ყველაფერს აღიარებენ.
არსებობს ვერსიით, რომ ხაჩატურიანი ლიფტისკენ მიიწევდა და გაქცევას ცდილობდა რა დროსაც, ერთ-ერთმა ქალიშვილმა სახე ჩაქუჩით ჩაუმტვრია.
მიხეილ სერგეევიჩის საბანკო ანგარიშებიდან თანხა გაუჩინარდა. ოჯახის ახლობელის ინფორმაციით, ხაჩატურიანი შვილების ისრაელში გადაყვანას გეგმავდა, რათა მათ დიდი ქალაქის ცდუნებებისგან დაეცვა, და უკვე დაგროვებული ჰქონდა სოლიდური თანხა ბინის შესაძენად სხვა ქვეყანაში. თითქოს დებმა ამის შესახებ იცოდნენ და წასვლა არ სურდათ, შიშობდნენ, რომ იქ მამის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდებოდა.