რაც რუსეთში მოხდა, ქვეყნის შიდა საქმეა, მაგრამ ნათელია ყველასთვის, რომ ვლადიმერ პუტინის უკანონო ომმა უკრაინის წინააღმდეგ ბზარები გააღრმავა და დაძაბულობა შექმნა რუსეთში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჰააგაში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს უმნიშვნელოვანესია უკრაინის მხარდაჭერა და დახმარების გაძლიერება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ვილნიუსის სამიტიდან მკაფიო მხარდაჭერას დავაფიქსირებთ. უკრაინელი ჯარისკაცები კონტრშეტევას ახორციელებენ. პროცესი რთულია, მაგრამ მათ აქვთ პროგრესი. რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაიბრუნებენ და უკრაინულ მიწას გაათავისუფლებენ, მით უფრო მეტად ძლიერი პოზიციებით იქნებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან. სამიტზე შევთანხმდებით უკრაინისთვის დახმარების მრავალწლიან პაკეტზე და გავაძლიერებთ პოლიტიკურ კავშირებს. ეს უკრაინას უფრო ახლოს მიიყვანს მის კანონიერ ადგილამდე ნატოში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი გვაჩვენებს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.