სამშაბათი, აპრილი 21, 2026

იაგო ხვიჩია – ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ, ჩერგო და გვარამია „ალიანსს“ დაეპატრონენ და სააკაშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა წარმოგიდგენიათ?

„ნაცების“ „ალიანსში“ მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?! – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, ხმის ამოღების უფლებას ართმევენ.

„ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა. „ნაცების“ „ალიანსში“, რომელსაც ჩერგო და გვარამია დაეპატრონენ, გამოაცხადეს, მიშა ხმას ნუ იღებსო. ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, კაცად აქცია, ახლა იძახის, ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო. ამ ყველაფრით ძალიან გაკვირვებული ვარ. მიმაჩნია, ყველა პატიოსანი „ნაცი“, რომელსაც „ნაცური“ პრინციპების ერთგულება ესმის, თუ ასეთი ვინმე მართლა ჯერ კიდევ დარჩენილია, სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას. დღესვე უნდა ითხოვდნენ მის დაშლას, ვიდრე უფრო დიდ უტიფრობამდე და მიშას უფლებების კიდევ უფრო უარეს შეზღუდვამდე არ მისულა ეს საქმე.

ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანი ლაპარაკობდეს, მე ვარ „ნაცური“ ფრთის წარმომადგენელიო, ამავდროულად მხარს უჭერდეს იმას, რომ ამ გაერთიანების ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლეოდეს სიტყვის თქმის უფლება. გასაგებია, ბევრი წიკვინებს ამასთან დაკავშირებით, ბევრი ხმაური იქნება, მაგრამ ძალიან დიდი უტიფრობაა, რომ „ნაცურ“ გაერთიანებაში ჩერგო ბლოკავდეს მიშას მხარდასაჭერ აზრებს, პოსტებს თუ კომენტარებს.

„ნაცებს“ მოგიწოდებთ, ნუ დანებდებით და ნუ მისცემთ საშუალებას „ქოცების“ ინტერესების გამომხატველ „ალიანსს“, თავზე გადააბიჯოს „ალიანსის“ ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. იცით, მე არ ვარ კეთილგანწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ასეთი უსამართლობა დაპატიმრებული ლიდერის მიმართ, რომ მას გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ და მის მხარდამჭერებს ბლოკავდნენ მიშას დასაცავი ტექსტის დაწერისთვის, ისეთი ტიპის უსამართლობაა, რომელზეც „ქოცები“ სულ იოცნებებენ. მე არ მინდა, ასეთი უსამართლობა ხდებოდეს. მინდა, „ნაცური“ „ალიანსის“ თუ კოალიციის ლიდერი იყოს ის, ვინც ნამდვილი ლიდერია და არა ის ე.წ. ლიდერები, რომლებმაც ლიდერობა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ „ნაცების“ რეალური და ჭეშმარიტი ლიდერი არის ციხეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადების გამოეხმაურა: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან“.

18 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.

ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პოლიტიკის შედეგია მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, მოსახლეობის ინტერესების ხელშეუხებლობა, ქართული ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების დაცვა

2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც კალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პოლიტიკის შედეგია მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხელშეუხებლობა, ქართული ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების, კულტურის დაცვა.ეს არ იყო უბრალოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას. „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ეს მოთხოვნა სამოქმედო გეგმად და მთავარ პრინციპად აქცია, რომლისთვისაც არასდროს გადაუხვევია, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნის.მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, სახელმწიფოს  და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხელშეუხებლობა, ქართული ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების, კულტურის დაცვა, – ეს „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პოლიტიკის შედეგია.ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და მის მხარდამჭერებს დღევანდელ დღეს. მადლობა საქართველოს ერთგულებისთვის!“ – წერს კახა კალაძე.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის გლობალური მარაგი ერთ თვეში ამოიწურება

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის გლობალური მარაგი ერთ თვეში ამოიწურება. მათივე ცნობით, ნავთობის ფასები შექმნილი ვითარების მხოლოდ ნაწილია და სრულად არ ასახავს ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე დიდი შემცირებით გამოწვეულ პრობლემებს.გამოცემასთან საუბრისას სავაჭრო კომპანია Gunvor Group-ის კვლევის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ ლასერმა განაცხადა, რომ ომი კიდევ ერთი თვის განმავლობაში თუ გაგრძელდება, ნავთობის ბაზრებზე მარაგი ამოიწურება.ამასთან, „ბლუმბერგს“ კომპანია Trafigura Group-ის მთავარმა ეკონომისტმა, საად რაჰიმმა განუცხადა, რომ კონფლიქტმა უკვე გამოიწვია მილიარდი ბარელის მარაგის დაკარგვა, რაც, გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება 1.5 მილიარდ ბარელამდე გაიზარდოს.„მასშტაბი ისეთია, რომ ბაზარს რეალურად არ შეუძლია მისი გამოსწორება. სამშვიდობო შეთანხმება თუ მოხერხდება, ნაკადების ნორმალურ დონემდე დაბრუნებას დრო დასჭირდება. ამიტომ, ამჟამად აღქმასა და რეალობას შორის რეალური უფსკრული არსებობს“, – განაცხადა რაჰიმმა.ცნობისთვის, 18 აპრილს ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნიდან რამდენიმე საათში კვლავ ჩაკეტა. ამის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.მათივე ცნობით, სინოდის 28 აპრილის სხდომაზე პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.„ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი“, – ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.მისივე თქმით, გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს სასესიო კვირაში წარედგინება.„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას. აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2025 წლის 3 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. გეკა გელაძეს კი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 28 მაისიდან ეკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.სულხან თამაზაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. არის ამ სისტემის სტაჟიანი წარმომადგენელი. მინდა, მას ვუსურვო წარმატებები შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა პრემიერმა.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სულხან თამაზაშვილმა გეკა გელაძე შეცვალა. გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად არის წარდგენილი.

ბოლო სიახლეები