შაბათი, მარტი 1, 2025

იაგო ხვიჩია – ტრამპი სამყაროს მთავარი ძალაა ახლა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამერიკულ პოლიტიკას და სინაკლულე, რაც ქართული პოლიტიკის სიკვდილით არის გამოწვეული, ავინაზღაუროთ

მინდა, რაღაცნაირად ვეცადო, გამოვისყიდო ის დანაშაული, რასაც ქართული ოპოზიცია და ენჯეოსექტორი ამ ხალხის წინაშე სჩადის, მათ შორის მედია სექტორი, რომელსაც რკინის ფარდა აქვს ჩამოფარებული საქართველოსთვის და არ ჰყვება სამყაროს მთავარი მოვლენების შესახებ, რასაც ეს ხალხი ახორციელებს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის თავისუფლების იდეის პირველი მერცხალი და პირველი გამარჯვებული სამყაროში, ბატონი ხავიერ მილეი; ბატონი დონალდ ტრამპი სამყაროს მთავარი გამბედავი ადამიანი და მთავარი ძალა ამ წუთას პოლიტიკაში, რომელიც ჩვენთან არ არსებობს და ჩვენი სამყაროს მთავარი თილისმა, ილონ მასკი, როგორც ყველაზე ნათელი გონების ადამიანი და მე მინდა, რაღაცნაირად ვეცადო, გამოვისყიდო ის დანაშაული, რასაც ქართული ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ამ ხალხის წინაშე სჩადის, მათ შორის მედია სექტორი, რომელსაც რკინის ფარდა აქვს ჩამოფარებული საქართველოსთვის და არ ჰყვება სამყაროს მთავარი მოვლენების შესახებ, რასაც ეს ხალხი ახორციელებს ამ წუთას და სინამდვილეში, კონცერტი გვაქვს მოწყობილი ქვეყანაში, რა კონცერტიც გვაქვს, სამწუხაროდ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ სტუდიაში მილეის, ტრამპის და მასკის ცვილის ფიგურები წარმოადგინა.

მისი თქმით, ჩვენ უნდა ვუყუროთ აშშ-ს, დავაკვირდეთ, რა ხდება ამ ქვეყანაში, აშშ-ში ხელისუფლებაში მოვიდა საღი გონების ადამიანები და სამყაროში მოხდა რევოლუცია, რომელიც ქართული მედიის და პოლიტიკოსების მეცადინეობით ქართველმა ხალხმა ჯერ არ იცის.

„მაგრამ რევოლუცია უკვე მომხდარია. ვარსკვლავი რომ ჩამოვარდა და შენ რომ ხედავ რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ასეა. მე მგონი, მთლად მილიონი წელი არ უნდა დაგვჭირდეს ამის დასანახად, მაგრამ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამერიკულ პოლიტიკას და ის სინაკლულე, რაც ქართული პოლიტიკის სიკვდილით არის გამოწვეული, ამით უნდა ავინაზღაუროთ. ჩემთვის ამ წუთას, ამ პროფესიაში საინტერესო მხოლოდ ის არის, რასაც ამერიკაში ეს ხალხი აკეთებს, ამერიკაში და არგენტინაში, ეს გამონაკლისია, როგორც მესია გამონაკლისი არგენტინაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა აისახოს ეს გლობალური პოლიტიკური პროცესები საქართველოზე, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ცუნამი სადღაც მოხდა, ტალღა ახლა მოდის და აქ ადამიანებს, ძირითადად ოპოზიციას ამ ხალხისთვის ომი აქვთ გამოცხადებული.

„ჩემი აზრით, საქართველოში ტრამპისტები მარტო ჩვენ ვართ და მარტო ჩვენ გვესმის სინამდვილეში, რასაც ის ხალხი აკეთებს. ხელისუფლება მოჩვენებითად ტრამპისტია. მაგალითად, განათლების სამინისტროს იქ აუქმებენ, აქ ართულებენ, ისინი რეგულირებებს აუქმებენ, ხელისუფლება ამკაცრებს, ისინი გამოხატვის თავისუფლებაზე საყვედურს აძლევენ ევროპას და თვითონ გამოხატვის თავისუფლებაზე არნახულ მასშტაბებს აღწევენ, ჩვენ კი ამ დროს, გამოხატვის შემზღუდავ კანონმდებლობას ვიღებთ. სიტყვით, „ქართული ოცნება“ გამოდის და ტრამპის არგუმენტებით ელაპარაკება ოპოზიციას. ოპოზიციას, რომელიც იმდენად წყალწაღებულია, რომ მათიანებმა ცენტრში რომ წააგეს, ჯერ ვერ გაიგეს. მარტივ მაგალითს გეტყვით, თქვენ იცით, როგორი პირწავარდნილი ვოუქისტი და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი იყო ცუკერბერგი, „ვაშინგტონ პოსტი“ და იმათ მოიბოდიშეს, ღიად განაცხადეს, ჩვენ შევცვლით პოლიტიკას, ვცდებითო და ვერ ვხვდები, რა გახდა კრებსითი ინგა გრიგოლია საქართველოში, რომ ამათ შეცდომა არ აღიარონ? მოდის აყოლა ხომ ვიცით და მოდის აყოლა ახლა არის ბოდიშის მოხდა იმ ტყუილებზე, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ე.წ პოლიტკორექტულობის, იდენტობის პოლიტიკის და ა.შ, ათასნაირი სოციალისტური ბოდვების გამო მათ შორის, სამყაროში ძალიან ცნობილი მედიასაშუალებები აკეთებდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისი აზრით, შემცირდა, თუ გაიზარდა ოპოზიციის ამომრჩეველთა რაოდენობა და რა კონფიგურაციის მივიღებთ, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ წინა არჩევნებში მისი პარტია გამარჯვებული არ ყოფილა და არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში აწყობს, რადგან ხალხმა ის მაინც დაადგინა, რომ „გირჩი“ არავის მოსყიდული არ ყოფილა, თორემ ასე რომ ყოფილიყო, პარლამენტში რომელიმე მხარე შეიყვანდა, მაგრამ დანარჩენ ოპოზიციას რისი იმედი აქვს, არ იცის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაგო ხვიჩია – სანქციების დაწესებას მთელი სამყარო ითხოვდა და არავის გაჰკვირვებია, რომ საქართველოსაც ვიღაცამ უთხრა, ასევე მოიქეცითო, რითი იმუქრებოდნენ, ამის მოსმენა უფრო საინტერესო იქნებოდა

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას მთელი სამყარო ითხოვდა და არავის გაჰკვირვებია, საქართველოსაც ვიღაცამ უთხრა, რომ თქვენც ასე მოიქეცითო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო“.„აქამდე საუბარი იმაზე იყო, როგორ გვითრევდნენ ომში, ცეცხლის გახსნას როგორ ითხოვდნენ. თურმე სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ. ამის შესახებ მთელ სამყაროში საჯაროდ ამბობდნენ და ეს ვინმეს პაპუაშვილისთვის რომ ეთქვა, გასაკვირი რატომ არის? ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნას ისე განმარტავს, როგორც არცერთ ლექსიკონში აქამდე არ წამიკითხავს. ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც ადრე გვაწვდიდნენ, როგორც ომში ჩათრევის მცდელობას? ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელზეც იმ პერიოდში ძაღლი და კატა საუბრობდა – ვიღაც სანქციას აწესებდა, ვიღაც – არა. ვინმეს საქართველოსთვის რომ ერჩია, შენც ასე მოიქეციო, ამაში რა არის გასაკვირი? რომ არ დაგვეწესებინა, რითი იმუქრებოდნენ, ამის მოსმენა უფრო საინტერესო იქნებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მარკო რუბიო – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და დრო დაგვაკარგინა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. ამის შესახებ მარკო რუბიომ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.ჟურნალისტმა სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპთან ბოდიში აქვს მოსახდელი და მარკო რუბიოს ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა ის საწინააღმდეგოდ.„დიახ, რადგან თქვენ მხოლოდ დასასრული იხილეთ. თქვენ ნახეთ, რა მოხდა დღეს. თქვენ არ ხედავთ ყველაფერს, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ, ნება მიბოძეთ, განვმარტო. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა და მე ვეთანხმები, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ. ის ცდილობს, ეს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა, კერძოდ, ჩვენ გვსურს, რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ გვინდა გამოვიკვლიოთ, არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი. მათ ეს ესმით. მათ ასევე ესმით, რომ ის შეთანხმება, რომელიც დღეს უნდა გაფორმებულიყო, უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელიც ამერიკას ეკონომიკურად უკრაინასთან აკავშირებს, რაც, ჩემთვის, როგორც მე ავხსენი და ვფიქრობ ამაზე დღეს პრეზიდენტმაც მიანიშნა, არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული; ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ინტერესები. ეს ყველაფერი იყო განმარტებული. ეს იყო გაგებული. ამის მიუხედავად, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები ამ აზრის მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა, მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და შედეგად ეს დასრულდა მოსალოდნელი შედეგით. სამწუხაროა. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან, რაც საბოლოოდ პრეზიდენტს ტრამპს სურს, ეს არის ამ ომის დასრულება“, – განაცხადა რუბიომ.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ ეს შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და ასევე იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დრო გაფლანგა იმ შეხვედრისთვის, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.„ის არ უნდა შესულიყო იქ და გამხდარიყო ანტაგონისტი. ყველაფერი ლიანდაგებიდან გადავიდა, როდესაც მან ვიცე-პრეზიდენტს უთხრა: ნება მომეცით, დაგისვათ შეკითხვა, რა დიპლომატიაზე მესაუბრებით?“ – თქვა რუბიომ.შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პუტინის ნდობა ასეთ მოლაპარაკებებში, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მთელი თავისი ცხოვრება დებდა გარიგებებს და არ აპირებს ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ნამდვილი არ იქნება.„მე გუშინ იქ ვიყავი, როდესაც პრეზიდენტმა მედიასთან თქვა, რომ ჩვენი მიდგომა იქნება – ენდე, მაგრამ გადაამოწმე. პრეზიდენტი ტრამპი გარიგებებს დებდა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, ის არ აპირებს, იყოს ჩათრეული რაღაც გარიგებაში, რომელიც არ არის რეალური გარიგება. ჩვენ ყველას გვესმის ეს. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა. სხვაგვარად როგორ დასრულდება ეს ომი? მე კითხვას ვსვამ: რა არის ევროპული გეგმა ამ ომის დასასრულებლად? მე შემიძლია, გითხრათ, რა მითხრა ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მე არ დავასახელებ, ვინ იყო ის, თუმცა მან მითხრა, რომ ომი გაგრძელდება კიდევ ერთ წელს და მაშინ რუსეთი იქნება ისეთი დასუსტებული, რომ მშვიდობას შეეხვეწება. ეს არის მკვლელობის, გარდაცვალების, განადგურების კიდევ ერთი წელი და ჩემი აზრით, არ არის ძალიან რეალისტური გეგმა“, – თქვა რუბიომ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „კარგად არ წარიმართა“, უკრაინის პრეზიდენტს ახლავე სურს თეთრ სახლში დაბრუნება, თუმცა მისთვის ეს მოუხერხებელია

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „კარგად არ წარიმართა“.მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაახლებლად, ზელენსკის მშვიდობა უნდა სურდეს.როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს ახლავე სურს თეთრ სახლში დაბრუნება, თუმცა მისთვის ეს მოუხერხებელია.„ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ მისი დასრულება გვსურს, ან მივცემთ საშუალებას წავიდნენ და ნახონ რაც მოხდება, იბრძოლონ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების დროს.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.ამასთან, ტრამპმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება. „ვალდებული არ ვარ გითხრათ. ვფიქრობ, პასუხი იცით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე პასუხად.

ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა,კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა.როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

ბოლო სიახლეები