ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

იაგო ხვიჩია: მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი, იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა

მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი, იმის გამო რაც თეონა აქუბარდიას აკადრა.
ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია ოპოზიცონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას  „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა და განმარტა, რომ მისი განცხადება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

როგორც ბერაიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თავად აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა.

„იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას  – ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას. ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

„დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა“. ადვოკატის თქმით, უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. მისივე თქმით, აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, გარკვეულ კითხვებს აჩენს. „საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრეს-რელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან.მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს.მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები. გვსურს გაცნობოთ, რომ Julius Baer-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის გავრცელება.“-აღნიშნულია განცხადებაში.

პატრიარქის მილოცვა დონალდ ტრამპს: ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას.  ულოცავს. "აშშ-ს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ დონალდ ტრამპს ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. ,,ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5). ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო. ღრმა პატივისცემით ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა ნათელაშვილი – სალომე ზურაბიშვილს ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მაგრამ დიდი პოლიტიკური პოსტის დაკავება ჩვენი დახმარებით არ ეღირსება, ეგღა გვაკლია, ჩვენი ლიდერი იყოს

„სალომე ზურაბიშვილიც პირადი ერთგულების მოტივით ჩამოიყვანა ივანიშვილმა, რომელსაც შეუქმნა პირობები და დანიშნა პრეზიდენტად. ვაღიაროთ, რომ დასვა პირდაპირ, მაგრამ დღეს ამ ქალბატონის პირადი ოჯახური ინტერესები დაემთხვა ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ არ ვუშლით ხელს მას ამაში და ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ის აღარ დანიშნა მეორე ვადით ივანიშვილმა, გადაგდებული გამოვიდა და ბუნებრივია, გამწარდა, როგორც მეოჯახე ქალბატონი. პრინციპში, ახლა აქტიურობს და ჩვენ მას ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, გარდამავალ ეტაპზე გამოსაყენებელია. აქ საუბარია ლეგიტიმურობის ხარისხზე, ვინ უფრო ლეგიტიმურია და შესაბამისად, მსოფლიოც აღიარებს, რომ ეს უფრო ლეგიტიმურია. გარდამავალ ეტაპზე ეს ქალბატონი იყოს, ჩვენ ხელს არ ვუშვებთ, მაგრამ რამე მეორე ვადით პრეზიდენტობა ან დიდი პოლიტიკური პოსტის დაკავება ჩვენი დახმარებით მას არ ეღირსება“, – განაცხადა ნათელაშვილმა. შეკითხვაზე, ჩართულია თუ არა „ლეიბორისტული პარტია“ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის მიმდინარე კონსულტაციებში, ნათელაშვილმა განაცხადა, რომ არა. „ეგღა გვაკლია ჩვენ ახლა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ჩვენი ლიდერი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი – საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცებმაც“, ხაზარაძემაც, გახარიამაც აიღეს დაფინანსება და ეს ნიშნავს, რომ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს

„ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის 90% არა მარტო ქართული პოლიტიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე უკვე 30 წელია და სანქცირების პროცესი, რაც ახლა დაიწყო ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, ჩვენ მიერ არის საძირკველ ჩაყრილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ამაზე ახლა არავინ დავობს, კონგრესის ოქმებშია შეტანილი ჯო უილსონის მიერ 4 ივნისს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ დაწყებულია ეს სანქცირება. ანუ, ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით თავის დროზე და არავის სერიოზულად არ მიაჩნდა, დღეს გახდა მსოფლიო გეოპოლიტიკის საფუძველი. ამ ფონზე, ჩვენი საქმიანობის 10% რომ შუქდება საზოგადოებრივ არხზე, რომელიც ვალდებულია, აშუქებდეს წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების 50%-ს, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს“, – განაცხადა ნათელაშვილმა. „ასეა მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში. პარტია თუ აცხადებს ბოიკოტს რაღაც საკითხზე ან თემაზე გარკვეული ვადით, მას ერიცხება ხელფასი. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკის მოგონილია, მაგრამ „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია საქართველოში და მსოფლიოში, რომელმაც თავი დაისანქცირა, არ შევიდა პარლამენტში, რის გამოც ივანიშვილმა მიიღო სპეციალური კანონი, პარტიას წაართვა დაფინანსება, წაგვართვა ხელფასებიც, საარჩევნო კომისაში წევრებიც, სატელევიზიო უფასო სარეკლამო დრო და დაგვტოვა გაკულაკებული ოთხი წელია, მაგრამ პარტია არ დაიშალა. პარტიამ გააგრძელა ბრძოლა და დაწყებული ბრძოლა მისი დასანქცირების და პოლიტიკური მოგუდვის, მიიყვანა ბოლომდე. დღეს მთელი ამერიკის კონგრესი და მთელი ევროპა დაკავშირებულია სწორედ მისი მოგუდვით, იმ მახრჩობლური პოლიტიკური მეთოდებით, რისი სპეციალისტიც თავისი თავი ეგონა. ახლა ნახოს, ვინ უფრო მეტი მახრჩობელა გამოდგა მისთვის, „ლეიბორისტული პარტია“, თუ თვითონ“, – განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ დაფინანსების გარეშე დარჩა და დაკარგა ის, რის გარეშეც პარტიები ვერ არსებობენ, თუმცა პარტია ბრძოლას განაგრძობს. „აგერ, მილიარდერი ხაზარაძის პარტიამ ვერ გაძლო დაფინანსების გარეშე და მისცა თანხმობა. ოთხი წელია, ჩვენ დაფინანსების გარეშე ვართ. ნებისმიერ პარტიას, „ქართული ოცნებიდან“ დაწყებული, „ნაცმოძრაობით“ გაგრძელებული და დაგვირგვინებული გახარიას პარტიით, შეუწყვიტე  დაფინანსება, თანამშრომლებს არ მისცენ ფული და მომენტალურად, 24 საათში დაიშლება ყველა. არც ერთი არ არის შექმნილი იდეის გამო, პატრიოტიზმის საფუძველზე და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, ზოგს ბანკი უნდა, გადაარჩინოს, ზოგს, მილიარდები შეინარჩუნოს და ზოგს, ხელისუფლება დაიბრუნოს. ასეთი პატარ-პატარა მიზნები აქვთ და ეს მერე ქვეყნის ნგრევას იწვევენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ზურაბ აბაშიძე: ტრამპის დღის წესრიგი  ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა, აშშ-ში მოხდება ძირეული ცვლილებები და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას

ტრამპის კვლავ გაპრეზიდენტებით აშშ-ში მოხდება ძირეული ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ამერიკული რევოლუცია. იმ ამერიკასთან შედარებით, რაც იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ შეიცვლება ძირეულად და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას“, - განაცხადა დიპლომატმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი Live“. მისი თქმით, წინა პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპის მოღვაწეობა იყო ფრაგმენტული. თუმცა ამჯერად ის წარმოდგენილია მწყობრი იდეოლოგიით. „თუ კი საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში 2017-2021 წლები მაქვს მხედველობაში, ტრამპის პოლიტიკა და ზოგადად ტრამპიზმის, როგორც იდეოლოგიის წარმოჩინება სრულყოფილად ვერ მოხერხდა, უფრო ფრაგმენტული შთაბეჭდილება შეიქმნა მის შესახებ, ახლა შეიძლება ითქვას უკვე, რომ ეს არის მწყობრი იდეოლოგია თავისი ფილოსოფიური საფუძვლით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ტრამპიზმის იდეოლოგია დაფუძნებულია ნეოლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. „ეს ნეოლიბერალიზმი აშკარად იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. აღმოჩნდა, რომ პლურალიზმს გამორიცხავს. შეუწყნარებელია აბსოლუტურად. ეს გახლავთ იდეოლოგია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოიშვა. რა გახლავთ მახასიათებლები ნეოლიბერალიზმისა? უპირველეს ყოვლისა აბსურდამდე მიყვანილი გენდერული თანასწორობის, სექსიზმის და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის თემა. ეკოლოგიის საკითხები. ეს გახლავთ ზოგადაც უარყოფის კულტურის დანერგვა. ამიტომ ტრამპიზმი და ტრამპის ბრძოლა გახლავთ სწორედ ამ გლობალიზმის წინააღმდეგაა და ამ ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ. აქ ამ იდეოლოგიის გამტარებელი გახლავთ „დიფ სთეითი“, ეს გახლავთ ბიუროკრატია, რომელიც შეზრდილია ფინანსურ წრეებთან, შეზრდილია ეკონომიკურ წრეებთან, შეზრდილია იდეოლოგიურ ცენტრებთან სხვადასხვა სახით და ფაქტობრივად არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო აკონტროლებს მედიას, მეინსტრიმს, რომელიც ფაქტობრივად ახდენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და ა.შ. დღის წესრიგი ტრამპის ეს არის: „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, დონალდ ტრამპის იდეებს ექნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ეს მოსალოდნელიც იყო.

ბოლო სიახლეები