აუხსნელია, თუ მანდატებზე, პარლამენტზე უარს ამბობ და აცხადებ, რომ ეს იყო პრინციპული საკითხი, რომელიც რაღაცით „ქოცების“ ლეგიტიმაციას განსაზღვრავდა, მაშინ რატომ იღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას? ამ თვალსაზრისით „ნაცების“ კრიტიკა სრულიად გამართულია. , – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„უბრალოდ, „ნაცები“ ასევე არ პასუხობენ შეკითხვას, რამდენ ხანს ვიქნებით ბოიკოტში, „ქართულ ოცნებას“ რამდენ ხანს ექნება 100%-ი ყველგან. პარლამენტში 54 ხომ დაიწერეს, აიღეს 100, რის შემდეგაც ჩვენ ვთქვით, რომ 97-ით სამი მოიგო ბიძინამ. ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ყველამ მისი თამაში ითამაშა. ახლა ადგილობრივ არჩევნებს აბარებ და ფიქრობ, რომ საკუთარ თავზე ზიანის მიყენებით „ქართულ ოცნებას“ აზიანებ. ეს აზრი ვინ დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში, მე, სხვათაშორის, ვეძებ პირველწყაროს. რაღაც უცნაური რწმენით მოძრაობენ ჩემი კოლეგები. მე ბევრ პროფესიაში ვყოფილვარ, სხვადასხვა ადგილას მიმუშავია და ადამიანები ასე არსად, არცერთ პროფესიაში არ მოძრაობდნენ, რომ საკუთარი თავის დაზიანება ყოფილიყო მოწინააღმდეგის განადგურების ტაქტიკა. რა სპორტიც და რა თამაშებიც მინახავს, არსად ასეთი გზა არ ყოფილა წარმატებული და რატომ არის ეს ამ პროფესიაში ასე, მოდით, კარგად გავინადგუროთ თავი, ყველა პრივილეგიაზე, ბრძოლის ინსტრუმენტებზე უარი ვთქვათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას „ლელოს“ ნაბიჯების არ სჯერა.
„„ლელო“ ვიდრე ამ საკითხზე დისკუსიას არ გახსნის და სამსახურებიდან არ გაყრის თქვენს იმ კოლეგებს, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, არაფერი არ გამოვა. არ გამოვა ეს დამაჯერებელი. მე უბრალოდ, არ მჯერა, რომ „ლელოს“ ეს უნდა, თორემ როგორ შეიძლება, ადამიანი ამდენი ხანი პოლიტიკაში იყო, ამდენი ფული გქონდეს და იმას ვერ ხვდებოდე, რა არის გასაკეთებელი, ნაცვლად იმისა, რასაც აკეთებ?“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს მისი კოლეგების მუქარას, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან, ხელი შეუშალონ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში საარჩევნო ბიულეტენზე მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია, ნაწილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით, ნაწილი პირდაპირი ზეწოლის ფორმით და რამდენად არსებობს ამის რესურსი ოპოზიციაში, რომ გახარიას პარტიის, ან „ლელოს“ წარმომადგენლებს პოზიცია შეაცვლევინონ, რადგან, როგორც ჩანს, „გირჩთან“ ამის რესურსი არ არსებობს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ზოგადად, „ლელო“ ბულინგის მიმართ სენსიტიურია, მაგრამ ხაზარაძეს იმედი აქვს, რომ იქით დააბულინგებს იმ ხალხს, ვინც არჩევნებზე არ გადის.
„ზოგადად, „ლელო“ ბულინგის მიმართ სენსიტიურია. ჯერ ბოკერია აბულინგებდა, მერე გვარამიამ დააბულინგა და შეიძლება, კომპლექსი აქვთ, ახლა ვერ დამაბულინგონო და რაღაც ჯინაზეც ქნას, მაგრამ ზოგადად არ გამოვრიცხავ, ბულინგს ზოგადად აჰყვეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც „ნაცებს“ საკუთარი ტელევიზიები ჰქონდათ, ახლა ყველა ოპოზიციური ტელევიზია „ლელომ“ იყიდა. მართალია, იქ შემორჩენილი ჟურნალისტები ჯერ ვერ გამოდიან საკუთარი ძველი პოზიციიდან, რომ ვინც არჩევნებზე მონაწილეობას იღებს ყველა ეშმაკისეულია, მაგრამ მე მგონი, მალე ეს პოზიცია შეიცვლება. კიდევ ერთი პრემიის ჩარიცხვა შეიძლება, დასჭირდეს ჟურნალისტებთან ბატონ ხაზარაძეს. ამიტომ, ეს პოზიცია შეიცვლება და მას დარწმუნებული ვარ, იმედი აქვს, რომ იქით დააბულინგებს იმ ხალხს, ვინც არჩევნებზე არ გადის. მას დარწმუნებული ვარ, ასე წარმოუდგენია საარჩევნო კამპანია და პლუს მოსყიდვა. მე ვთქვი, სადღაც დავწერე კიდეც, რომ „ლელოს“ ხალხი ახლა დადის და ნადირობს „ნაცების“ ხალხზე, კოორდინატორებზე. ეს პროცესი მანამდე გაჩერებული იყო ქვედა დონეზე და შესაბამისად, იქ ყველამ იცის, რომ „ნაცები“თუ არ მონაწილეობენ არჩევნებში, იმ ელექტორატს, რომელიც რადიკალური მიშას ელექტორატი იყო, რაღაცნაირად უთმობენ „ლელოს“. მთელი პროცესი ამაში მდგომარეობს, რომ როგორც წინა არჩევნებზე გვარამიას დაუთმეს მიშას ელექტორატი, მანამდე კიდევ „ევროპულ საქართველოს“ უთმობდნენ, ახლა ჩვეულებრივად, კლასიკაა იგივე და ახლა „ლელოს“ უნდა დაუთმონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.