ორშაბათი, მარტი 17, 2025

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილის არშეწყალებაზე

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილის არშეწყალებაზე, ამ ფაქტს ისტორია შეაფასებს, როგორც ერთმა მედასავლეთე პრეზიდენტმა მეორე მედასავლეთე პრეზიდენტი არ შეიწყალა და თავისი ხელით დატოვა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თვალსაზრისით უწყობს ხელს გაერთიანებას.

„გასაგებია, რომ მისი შეწყალება არ გამოიწვევდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს გვესმის და გვაქვს გათავისებული, მაგრამ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში, სადაც სინამდვილეში ერთი ხაზია, სადაც არის მედასავლეთე, თავისუფალი, პროევროპული საქართველო და მეორე მხარეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ძალიან მნიშვნელოვანია მორალური პოლიტიკური სიცხადე და ამ თვალსაზრისით ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. თავად პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნა იყო თავისი მხარდამჭერების, „ნაციონალური მოძრაობის“ და, შესაბამისად, ჩემ მიმართაც, რომ ჩვენ ყველა ფორმატში, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას ემსახურება, მონაწილეობა მიგვეღო. იმედი მაქვს, რომ 31 მარტი იქნება ამის შესაძლებლობა და ეს ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ეს ერთობა მართლაც არის ეფემერული, არარეალისტური და უტოპიური, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი აღნიშნულზე და ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თვალსაზრისით უწყობს ხელს გაერთიანებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა გამარჯვებისთვის. ძლიერი, სუსტი თუ საშუალო კოორდინაცია და კოორდინაციის გრადაცია არ არის ჩემი აზრით ის რეალური მოლოდინი, რაც არსებობს საზოგადოებაში. ქვეყნის შიგნით კოორდინაციის რეალური შესაძლებლობა მდგომარეობს ერთიან ფრონტში, ერთიან სამომავლო სიაში, ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებაში. თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება ადამიანი, რომლის ირგვლივაც შეიქმნება ეს ერთობა, ვფიქრობ, ყველაზე რეალისტურია, ან თუ არ შედგა, ამ დისკუსიას უნდა დაესვას წერტილი და მე ასეთ თარიღად ყველაზე რეალისტურად წარმომიდგენია 31 მარტი. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჰქონდა და ექნება ყველაზე ცხადი, მტკიცე და გამოკვეთილი პოლიტიკური იდენტობაც და დღის წესრიგიც, ამაში არ მდგომარეობს პრობლემა, როცა საზოგადოების დაკვეთა გაერთიანებაა, ამას ადეკვატურად და გულწრფელად უნდა უპასუხონ პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და დღეს გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას შეეხო. სხდომაზე დეპუტატების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებული პროგრამები.„საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა. სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ვახორციელებთ არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს ვუწყობთ მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ვეხმარებით საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებენ ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები, რომელთა მომსახურებით ამ წლების განმავლობაში 100,000 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად განხორციელებული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტი სერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზებით 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტოა არამხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით. მისი თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უნიკალურ პროექტზე – რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრზე ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ცენტრი ასევე მოიცავს ტექნოპარკს და სხვა ლაბორატორიებს.მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალგაზრდების ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადებასა და სწავლებაზე. „ამ ეტაპზე 12,000-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ, რაც ბაზარზეც აისახა – მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49,000-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილი არაჟნებთან ერთად შემოაპარეს, ცხადია, ეს მისი მოფიქრებული არ არის, ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩართულობით გადმოკვეთა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა. როგორც იცით, ის არაჟნებთან ერთად შემოაპარეს. ეს, ცხადია, იყო საზღვრის უკანონო კვეთა და ამ მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება. სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი მის დანაშაულებთან დაკავშირებით. ცხადია, ეს მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებული ნამდვილად არ არის, ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა. მას ერთგვარი გარანტია ჰქონდა, რომ აუცილებლად იქნებოდა გათავისუფლებული, თუ დაიჭერდნენ. შემთხვევითი კი არ არის ის ბინძური პიარკამპანია, რაც მიდიოდა აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ასჯერ კვდებოდა დღეში. რა განცხადებას აკეთებდნენ ეს უსირცხვილო, უნამუსო ზოგიერთი ევროპარლამენტარი და მაღალი თანამდებობის პირი დასავლეთიდან. ბოდიში არ მოუხდია არავის. შესაბამისად, კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, ვინ არიან, საიდან იმართებიან. სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, მარტომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას ეუბნებოდნენ, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, იქნებოდა დაცული. მთელი სპეცსამსახურები, პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული არ ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვაზე, მოუწევს თუ არა სააკაშვილს, მინიმუმ, 2033 წლამდე ციხეში ყოფნა, მერი პასუხობს: „ცხადია, რაც აქვს მისჯილი, ჩვეულებრივად მოუწევს, მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაიდინა“.

კახა კალაძე – ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოიძიონ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა 2008 წელს ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება. ამის შესახებ მან სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2007 წელს გაუქმდა.მისი თქმით, ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს.„ის, რაც 2008 წელს მოხდა, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია ქვეყანას. ჩვენ ამ ომით დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ცხადია, უმძიმესი შედეგები მივიღეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ შედიოდა აღნიშნული ომი. ამიტომ არჩევნების დროს გავაკეთეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია, გამოვიძიოთ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება. იმ უგუნურმა პოლიტიკამ, რა თქმა უნდა, დააზიანა ჩვენი ქვეყანა, მოგვაყენა ძალიან დიდი ზიანი. შემთხვევითი არაა, რომ ამ ომამდე რამდენიმე ხნით ადრე აღნიშნული კანონი გაუქმდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კანონის თავიდან მიღება, რადგან ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კაია კალასი – ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი პირობები აჩვენებს, რომ სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა

ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი პირობები აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.კალასმა აღნიშნული ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.„ის პირობები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აჩენებს, რომ, სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა, რადგან მათ წარმოგვიდგინეს მთელი თავიანთი საბოლოო მიზნების პირობები, რომელთა მიღწევაც ამ ომით სურთ“, – განაცხადა კალასმა.

თინა ბოკუჩავა – არაფრად მიგვაჩნია ეს უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია

არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით შეკრებითობის პრინციპი აღადგინეს.„გახსოვთ პრეზიდენტი სააკაშვილი როგორ ამბობდა ხოლმე, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ოკუპანტის სახელით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდედ პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის, ასევე ათეულობით სხვა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელთა სასამართლოები სიმბოლურია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, როცა ისჯება ამ ქვეყნის მთავარი მედასავლეთე, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი და ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი სააკაშვილის სახით. არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი, რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია. ამას ამბობს საქართველოს ისტორია და იტყვის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოლო სიახლეები