შაბათი, ივლისი 12, 2025

თემურ ჭკუასელი – „გენერლობიდან“… მწერლობამდე „ქართული სიმღერის შესრულებას, იქნებ, ხმაზე მეტადაც – გული სჭირდება…“

თანამედროვე ცხოვრების ტემპის პირობებში რთულია წარმოიდგინო როგორ შეიძლება თანაბრად ემსახურო რამდენიმე „ბომონს“ – მწერლობას, მუსიკას, პოლიტიკას… ამავდროულად, არ მოწყდე საზოგადოებრივ ცხოვრებას, მეგობრებს, დარჩე ლაღი და შეინარჩუნო გამორჩეული იუმორი…

ახლახან ქართველი მომღერლის, ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, თემურ ჭკუასელის ახალი წიგნის წარდგინება გაიმართა. უცნაურმა სათაურმა („კენჭები თირკმელში“) საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. მწერალთან წიგნის შესახებ საუბარი ქართული სუფრის, „ქართული ხმების“, ბავშვობის, გამორჩეული მეგობრებისა და საერთოდ, ცხოვრების განვლილი გზის შესახებ სევდისა და იუმორის მონაცვლეობით გაგრძელდა…

– ბატონო თემურ, თქვენი ბოლო რომანი უცნაური სათაურით („კენჭები თირკმელში“) დაიბეჭდა… სათაურის თქვენეული გააზრება როგორია?

– როცა მთავარი გმირი  იწვება, ადგილზე კენჭები რჩება და ცხადი ხდება, რომ თირკმელში კენჭები ჰქონდა, თუმცა, ასე მარტივადაც არაა საქმე (იცინის). თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი თირკმელია, ყველაფერი, რაც ამ ცხოვრებაში გადაგვხდენია, შესაძლოა, კენჭებად მივიჩნიოთ…

– მუსიკას „გემო“ პირველად როდის გაუსინჯეთ?

– ჩუღურეთში კლდეზე მიშენებულ სახლში ვცხოვრობდით. კლდე ნესტიანი იყო და ყოველ ზამთარს ფილტვების ანთებით ვხვდებოდი. მეზობელი გვყავდა, სამხედრო კომისარი. რაღა თქმა უნდა, მდიდრები იყვნენ. შვილი, ზურიკო, ჩემი ასაკის იყო. მათთან სახლში მასწავლებელი დადიოდა და ზურიკოს ფორტეპიანოზე ამეცადინებდა, მუსიკალურ ათწლედში აპირებდა ჩაბარებას. საბუთების შეტანისას, ზურიკოს დედამ, რომელიც დედაჩემთან მეგობრობდა, დედას უთხრა, წამოიყვანე თემურიც, ალბათ, ვერ მოხვდება, მაგრამ მაინც, სცადეთო. წამიყვანეს და მოხდა ისე, რომ მე ჩავაბარე, ზურიკოს კი არ გაუმართლა… იმის გამო, რომ სახლში პიანინო არ გვქონდა, ვიოლინჩელოს ჯგუფში ჩამრიცხეს. წარმოიდგინეთ ჩუღურეთი… ძველი ბიჭები… და თემური ვიოლინჩელოთი ხელდამშვენებული… რაღა თქმა უნდა, ეზოს ბიჭებმა დაცინვა დამიწყეს… მე კი საკუთარი ხელით დავლეწე ჩემი ინსტრუმენტი. ასე დასრულდა ჩემი მუსიკალური განათლება…

-შეგიძლიათ ახსნათ ის ფაქტი, რომ ქართველ მსმენელს დღემდე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს „ქართული ხმების“ მიმართ და მის თითოეულ წევრს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად იცნობს, უყვარს?

– მაშინ რომ ეთქვათ, მსგავსი სიყვარული ჩვენ მიმართ დღემდე გაგრძელდებოდა, ვერაფრით დავიჯერებდი. ახლაც 11 კონცერტი უნდა ჩავატაროთ სხვადასხვა რეგიონში. დარბაზების დასაქირავებლად თანხა ტურიზმის დეპარტამენტმა გამოყო, თუმცა, სადაც დავრეკეთ, ყველამ გვითხრა, რომ თანხას არ გადაგვახდევინებენ… დამეთანხმებით, ამ დროში ეს ფაქტი საოცარი და მეტად დასაფასებელია… „ქართულმა ხმებმა“, ლამაზი და ჭირვეული ქალივით, ბევრი ბრწყინვალე დღე და ბევრიც გულისტკივილი მოიტანა… პირველმა თაობამ თავი ერთად ტელევიზიაში მოვიყარეთ. თითქმის ყოველდღე ვმღეროდით. ანსამბლის შესახებ იდეა მე გამიჩნდა, გოგი დოლიძემ მხარი დამიჭირა და იდეას ფრთა შევასხით. იცით, შვეიცარიაში ერთმა ცნობილმა ფოლკლორისტმა მითხრა, იტალიელმა ჟურნალისტმა მსოფლიოს ხალხთა სიმღერების კლასიფიკაცია მთხოვაო. პირველი ადგილი, ბუნებრივია, საქართველოს მივანიჭე… და რომ ვიგრძნოთ დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით რამდენად შორსაა და განსხვავებულია ქართული სიმღერა, მეორე და მესამე ადგილი ცარიელი დავტოვე და სხვა ქვეყნების დასახელება მეოთხე ადგილიდან განვაგრძეო… მე, პირადად, მაგალითად, ძველი გურული მომღერლები არცერთი არ მგონია ბახზე, მოცარტზე ან ბეთჰოვენზე ნაკლები… მიუხედევად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ ჰქონდათ, წინაპრებისგან მიღებული ცოდნით სასწაულებს ჩადიოდნენ…

– გაიხსენეთ გურიაში გატარებული ბავშვობა…

– ბრწყინვალე ბავშვობა მქონდა. ამ ასაკში, სადაც არ უნდა იზრდებოდე, ბედნიერი ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ხარ. პირველი ორი წელი ჩიბათის სკოლაში ვსწავლობდი. დედა თბილისში მუშაობდა, მე ბებიასთან ვიზრდებოდი. მახსოვს, დედამ თბილისიდან სკოლის ფორმა გამომიგზავნა. ასეთი მხოლოდ მე მეცვა და ამის გამო გენერალს მეძახდნენ… ბებიას, ნინუცა ჭყონიას კერძები საქვეყნოდ იყო ცნობილი. ერთხელ თბილისში სტუმრად ჩვენი ნათესავი, ჭოლა ჭყონია მოვიდა. დედამ კეჟერა ფხალი და მჭადი მიართვა. გასინჯა თუ არა, იყვირა – ნინუცა ჩამოვიდაო? დედამ იუარა. ჭოლამ, ნუ გადამრევთ, ნინუცას გაკეთებულია ეს ფხალიო. ის ფხალი მართლაც მისი გაკეთებული იყო – წინა საღამოს მატარებელს გამოატანა… წარმოიდგინეთ, როგორი ხელი ჰქონდა, რომ მისი გაკეთებული კერძი წლების შემდეგ ჭოლამ თბილისში იცნო… ვფიქრობ, ყველა ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კონტაქტი სოფელთან, რადგან იქაური პეიზაჟები სამუდამოდ მიჰყვება ცხოვრების მანძილზე. ასე გამომყვა მეც და როცა მოწიფულეობის ხანაში მეორე წიგნი, „კვამლის სინდრომი“, დავწერე, მთლიანად სოფელ ჩიბათს და ნინუცა ბებიას მივუძღვენი. მეგობარმა იხუმრა კიდეც, ოლღა ბებია და ნინუცა ბებია უნდა გავაცნოთ ერთმანეთსო… ვფიქრობ, ეს წიგნი  ჩემ მიერ დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.

– თამადობა და სუფრის წესიც იქვე შეითვისეთ?

– სუფრის წესი გურიაში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი. სტუმრები მასპინძლის შემოგებებისას სიმღერას, „სიყვარულმა მოგიყვანა“, იწყებდნენ. ეზოში შესვლისას მასპინძელი სტუმრებთან ერთად „მასპინძელსა მხიარულსას“ იმღერებდა. სანამ სუფრას შემოუსხდებოდნენ, აუცილებლად შეასრულებდნენ საერო საგალობელს, „დღეს საღვთომან მადლმან ყოვლად წმიდისამ მან შეგვკრიბნა ჩვენ“. თამადას აირჩევის შემდეგ კი „თამადებს გაუმარჯოს“ დაამღერებდნენ. პირველი სასმისი მშვიდობის იყო და იქვე „ჩვენ მშვიდობას“ მოაყოლებდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ლხინი. ქართულ სუფრას დიდი მადლი დაჰყვება. ერთხელ, ჩვენს, „ქართული ხმების“ წევრების სუფრაზე ფინელი ცოლ-ქმარი მოხვდა. ბუნებაში ვიყავით, არაგვის პირას. მოგვიანებით, ქმარმა სიტყვის თქმის უფლება ითხოვა. აღმოჩნდა, რომ 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათ დაშორება დაუგეგმავთ, მანამდე კი უკანასკნელი მოგზაურობა საქართველოში გადაუწყვეტიათ. მადლობა უფალს, რომ მოგზაურობისთვის თქვენი ქვეყანა შევარჩიეთ და თქვენს სუფრასთან მოვხვდით, ნანახმა ურთიერთდამოკიდებულებამ და განცდილმა ემოციებმა მიგვახვედრა, რომ ცხოვრების სილამაზე არა დაშორებაში, არამედ ერთად ყოფნაშია, ცივი გონებით თვეების მანძილზე ნაფიქრი ერთი სუფრის ემოციურობამ გადაფარაო და ერთმანეთს გადაეხვივნენ… ერთხელ ამერიკიდან 7 მზარეული ქალბატონი გვესტუმრა. კახეთში წავედით. ერთ-ერთი ფეხმძიმედ იყო. კახეთი რომ დავათვალიერეთ, იყალთოში ადგილობრივის ოჯახში აივანზე გაშლილ სუფრას მივუსხედით, საიდანაც კავკასიონი ჩანდა. ვუთხარი, იქიდან დაღესტნელები გადმოდიოდნენ და ხალხს იტაცებდნენ-მეთქი და „იავნანამ რა ჰქმნას“ შინაარსიც მოვუთხრე. დასასრულს დავამატე, ახლა ჩვენ ვიმღერებთ და როცა თქვენ უკვე შვილთან ერთად დაბრუნდებით საქართველოში, ის ამ სიმღერას აუცილებლად იცნობს-მეთქი. ისიც დავამატე, რომ ბიჭი გაუჩნდებოდა. ემოცია ვერ შეიკავეს და იტირეს… მოგვიანებით დამიკავშირდა ეს ქალბატონი, მითხრა, რომ ბიჭი შეეძინა და მალე ჩამოსვლას დამპირდა, თუმცა, მერე იყო 90-იანი წლები და დაწყებული ურთიერთობები თოვლივით გაქრა… ასე რომ, ქართულ სუფრას უდიდესი ძალა აქვს. თამადა თუ კარგია, ლხინი არასოდეს გადაიქცევა ღრეობად… რაც შეეხება ჩემი ბავშვობის ხანის შემდგომ პერიოდს, მეორე კლასის შემდეგ თბილისში გადმომიყვანეს, მამა ნერვიულობდა – სამუდამოდ შერჩება გურული კილო ბაღანასო… მამა ცნობილი ფიზიკოსი იყო. მეც უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა, ჩხუბის გამო გამრიცხეს და მაშინვე ჯარში წამიყვანეს. იქ ყოფნისას გარდაიცვალა ჩემი ნინუცა ბებია, თუმცა, სამწუხაროდ, არ შემატყობინეს. მითხრეს, რომ გულზე მედალიონით დაკრძალეს, რომელშიც ჩემი ფოტო იდო… ჯარიდან ჩამოსული უნივერსიტეტში აღმადგინეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საგანი გადავიწყებული მქონდა და მასალის დასაძლევად აღარც ნებისყოფა მეყო და აღარც სურვილი აღმომაჩნდა… უნივერსიტეტში ჩაბარებისას მისაღებ გამოცდებზე ქართულ წერაში უმაღლესი შეფასება მივიღე. საერთოდ, გამოცდაზე ყოველთვის თავისუფალ თემას ვწერდი. თემა „ჩემი საყვარელი გმირი“ იყო. როგორც წესი, ამ დროს რომელიმე პარტიზანზე ან რევოლუციონერზე უნდა დაგეწერა. ტრადიცია დავარღვიე და გმირად ბაბუის მამა, ცნობილი ფირალი, სისონა დარჩია ავირჩიე. მეფის რუსეთის კანონის მიხედვით, თუ აბრაგს 12 წელი ვერ დაიჭერდნენ, სასჯელი მოხდილად მიიჩნეოდა. სისონა ერთადერთი ფირალი იყო, რომელსაც ეს ვადა 2 თვეში უსრულდებოდა, თუმცა, ფულის გამო ღალატით მოკლეს. მანამდე ძმა, ვასილა დარჩია მოუკლეს. მის დაკრძალვაზე მივიდა, ყაზახების რიგი გაიარა და ძმა იტირა. აცადეს, უნდოდათ სახლიდან გამოსული აეყვანათ, თუმცა, აღარ გამობრუნდა და სახლის უკანა მხარეს, ციცაბო ფლატედან გადახტა… ფეხი მოიტეხა, მაგრამ მაინც გაიქცა. თემის დასასრულს ვწერდი, იმ ფლატეს რომ გადავხედავ, თითქოს სისონა დარჩიას ნაბადი მელანდება და ცნობილ სიმღერას ვღიღინებ-მეთქი… „სისონაი დარჩიაი ნაქებია ბიჭობაში,/ შევიდა და ძმა იტირა, არ შეშინდა იმდონ ჯარში,/ ცალ ხელში თოფი ეჭირა, ცრემლი მოასხამდა თვალში,/ შენ კვტარი და მე ცოცხალი, რაფერ გევიარო ხალხში?!“ ნაწერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ცნობილ პროფესორ ალექსიძეს გაუსწორებია. დამიბარა, შენი ადგილი ფიზიკის ფაკულტეტზე არ არის, გინდა ჟურნალისტიკაზე გადაიტანე საბუთები, გინდა – ფილოლოგიაზე, შენი შავი ნაწერი სახლში მაქვს და ძილის წინ ვკითხულობ ხოლმეო. ჰოდა, ჯარიდან ჩამოსულმა ფილოლოგიის ფაკულტეტს მივაკითხე. მართალია, ყველა საგანი განსხვავებული იყო, მაგრამ მოვინდომე და ჩავაბარე. ა, ბატონო, სწორედ ამის გამო ვარ დღეს თქვენ წინაშე არა ფიზიკოსი, არამედ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი…

– პედაგოგად გიმუშავიათ?

– არასოდეს.

– სურვილი არ გქონდათ თუ საშუალება არ მოგეცათ?

– როგორც გურულების უმრავლესობას, ფეთქებადი ხასიათი მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, არ ვიქნებოდი ცუდი პედაგოგი, რადგან ბავშვების ყურადღებას ადვილად ვიპყრობ. როცა მათთან ვსაუბრობ, ყოველთვის სულგანაბული მისმენენ… სხვათა შორის, ერთ-ერთ პროექტში ჩავერთე, რომლის ფარგლებშიც სექტემბრიდან სკოლებში სხვადასხვა თემაზე ვისაუბრებ… ასევე, მალე გამოვა წიგნი, რომელიც მოზარდებს სკოლის დამთავრებისას საჩუქრად გადაეცემათ. წიგნში თავების მიხედვით საუბარია სამშობლოზე, ჩვენს წარმომავლობაზე, ზნეობაზე, ღირსებაზე, პურსა და ღვინოზე, ტკივილზე, შვებაზე, სიმღერაზე, მიწაზე, სისხლსა და ბევრ სხვა საჭირო თემაზე…

-თქვენი უახლოესი მეგობარი, გოგი დოლიძე გაიხსენეთ…

– ის, რასაც გარდაცვალების გამო მოტანილი დიდი ტკივილი ჰქვია, პირველად მაშინ განვიცადე. მეორედ კი – როცა მეუღლე დავკარგე. გოგის ამ ქვეყნიდან წასვლა ნამდვილად იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა… ბათუმში ერთად ვიყავით. ჩვენ წინა საღამოს წამოვედით, გოგიმ, ხვალ ჩამოვალო. 1996 წლის 8 მარტი იყო. 12 საათზე რეპეტიცია გვქონდა. გამორიცხული იყო გოგის რეპეტიციაზე დაეგვიანა. მალე ნაცნობი მოვიდა, მე გამიხმო და ამ უბედურების შესახებ მითხრა… გოგი მაგალითი იყო როგორ უნდა შეასრულო ქართული სიმღერა… ქართული სიმღერის შესრულებას, იქნებ, ხმაზე მეტადაც, გული სჭირდება… ჰოდა, გოგის ჰქონდა ძალიან დიდი გული…  ყველა ჟანრში თანაბრად არაჩვეულებრივად მღეროდა. რომ ჰკითხავდნენ, სიმღერა როდის დაიწყეო, ვპასუხობდი ხოლმე, დედამ აკვანში ნანა რომ უმღერა, გოგიმ პირველი ხმა უთხრა-მეთქი. რომ გარდაიცვალა, ყველას ჰქონდა განცდა, რომ მისი მეგობარი გარდაიცვალა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანებთან. პრაქტიკულად, სხვისთვის ცხოვრობდა. ერთ ამბავს მოგითხრობთ და სრული წარმოდგენა შეგექმნებათ მის პიროვნებაზე… საავადმყოფოში მეგობრის დედის სანახავად ვიყავით.  გამოსვლისას გვერდით პალატიდან საუბარი მოგვესმა. ავადმყოფი ცოლი მეუღლეს შესჩიოდა, რომ წამალი სჭირდებოდა. მეუღლე არწმუნებდა, რამეს ვიზამ და ვიშოვიო, თუმცა, ჩანდა, რომ დიდი იმედი არ ჰქონდა. მეორე დღეს გოგია მივიდა, ექიმს წამალი გადასცა და უთხრა ვისაც სჭირდებოდა. თავად არც უნახავს ის ავადმყოფი ქალბატონი… რომ დაიძინებდა, მისი გაღვიძება წარმოუდგენელი იყო. ერთხელ ჩემთან დაძინებული რადიოში გაჟღერებულმა გურულმა სიმღერამ გააღვიძა. მას შემდეგ ამ მეთოდით წამოვახტუნებდით ხოლმე… ეღვიძებოდა ზაურ ბოლქვაძის სიმღერაზეც…

– ოჯახის შესახებ გვითხარით…

– მეუღლე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, აღარ მყავს. ერთი შვილი ამერიკაში ცხოვრობს, მეორე დიდუბეში (იცინის)… გარკვეულ ასაკს რომ მიაღწიეს, დამოუკიდებლად დაიწყეს ცხოვრება. თანდათან მივეჩვიე მარტოობას. დათო კომპოზიტორია, მაგისტრატურა ამერიკაში დაასრულა, გაცილებით ნიჭიერია, ვიდრე მამა ჰყავს… ამერიკაში ქართული ანსამბლი შექმნა. სიმღერას ბავშვებსაც ასწავლის. ასევე, ხათუნა იოსელიანის თეატრში სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებს. მეუღლე პიანისტი ჰყავს.

 

შორენა ლაბაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი აღსაზრდელის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.დაღუპულის ბავშვის დედის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.„რაც მოვიდა პასუხები, არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩვეულებრივი დღე. არაფერი ყოფილა გამოკვეთილი, არც ცუდად გახდომა, არც სხვა წინაპირობა...მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ და დავტოვეთ ბაღში და წამოვედით სამსახურებში. უკვე საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი იყო დაღუპული“, – ამბობს დედა.ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.წყარო: palitravideo.ge

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ – მას უდიდესი ძალა აქვს

12 ივლისს განსაკუთრებული ადგილი უკავია მართლმადიდებლურ კალენდარში - ამ დღეს ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს. ქრისტეს ეს ორი დიდი მოწაფე რწმენის, გამბედაობისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა, რამაც ქრისტიანული ეკლესიის მყარი საფუძველი ჩაუყარა. მათი სულიერი ღვაწლი მილიონობით მორწმუნეს შთააგონებს და მათთვის ლოცვითი მიმართვები სულს სიმშვიდითა და იმედით ავსებს. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდანთა მიმართვა ჯანმრთელობის, ოჯახის კეთილდღეობის, პრობლემებისგან დაცვისა და რწმენის განმტკიცების გულწრფელი თხოვნებით.როგორ აღვნიშნოთ პეტრეპავლობა12 ივლისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, სახარების უდიდესი მქადაგებლებისა, რომელთა მსახურებაც ქრისტეს ეკლესიის დაარსების ქვაკუთხედად იქცა. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობითაა სავსე და მორწმუნეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაუღრმავდნენ სულიერ რეფლექსიას, ლოცვასა და კეთილ საქმეებს.1. ტაძრის მონახულება დაიწყეთ დილა ღვთისმსახურებაში მონაწილეობით. განსაკუთრებით საზეიმოა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პატივსაცემად აღვლენილი ლიტურგია. წმინდა ზიარების მიღება, წმინდანთა ხატების წინაშე ლოცვა და საყოველთაო საეკლესიო ლოცვაში მონაწილეობა დაგეხმარებათ ღმერთთან ერთიანობის ძალის შეგრძნებაში და თქვენი რწმენის განმტკიცებაში.2. სახლში ლოცვა ტაძრიდან დაბრუნების შემდეგ, გამონახეთ დრო განმარტოებული ლოცვისთვის. წაიკითხეთ აკათისტი ანუ სპეციალური ლოცვები, რომლებიც მიმართულია მოციქულთა პეტრესა და პავლესადმი და ითხოვენ მათ შუამდგომლობას ოჯახის, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და სულიერი დაცვის საკითხებში.3. ოჯახური სუფრა ოჯახთან ერთად სადღესასწაულო ვახშამი დღეს განსაკუთრებულ სითბოს მატებს. ტრადიციულად, სუფრაზე შეიძლება თევზის ან ზღვის პროდუქტების კერძები იყოს, რაც მოციქულ პეტრეს მეთევზეობის პროფესიის შეხსენებას აღნიშნავს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები, არამედ სიყვარულის, მადლიერებისა და კომუნიკაციის ატმოსფეროც.4. გააზიარეთ სიკეთე მოციქულების ხსოვნა ასევე შეხსენებაა მოყვასისადმი მსახურების შესახებ. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება: გაიღეთ შემოწირულება ტაძრისთვის, მხარი დაუჭირეთ გაჭირვებულებს, მოინახულეთ მარტოხელა ან ავადმყოფი. ამ დღეს გაკეთებული ნებისმიერი კეთილი საქმე ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინება იქნება.5. წმინდანთა ცხოვრების შესწავლაპეტრე და პავლე ის პიროვნებები არიან, რომელთა სულიერი გზები გვაძლევს შთაგონებას, ხელახლა დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე. დღის ნაწილი დაუთმეთ წმინდა წერილის, წმინდანთა ცხოვრების ან სულიერი ლიტერატურის კითხვას, რათა უფრო ღრმად გაიგოთ მათი როლი ქრისტიანობის განვითარებაში.

ხვიჩა და ნიცა ფოტოებს თაიმს სქუერიდან აქვეყნებენ: ამერიკული ვოიაჟი და კადრები თანაგუნდელთან ერთად

13 ივლისს აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი-სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.ფინალის საგზური „პსჟ“-მ “რე­ა­ლთან“ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა. თამაში ანგარიშით 4:0 დასრულდა. მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, კარში ოთხჯერ სცადა დარტყმა, თუმცა ორჯერ ბურთი არასწორი მიმართულებით წავიდა, ორჯერ კი „რეალის“ მცველებმა ბურთის მოგერიება შეძლეს.ტურნირის ფინალი, სადაც „პსჟ“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება,13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე კვლავ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება.ქართველი შემტევისთვის ეს მატჩები ისტორიულია. ამ განსაკუთრებულ პერიოდში კი აშშ-ში მასთან ერთად მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც იმყოფება. ეს ფაქტი გასაკვირი არ იქნება, თუკი გადავხედავთ კვარაცხელიას კარიერას - ნიცა თავაძეს ტრიბუნაზე ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩის დროს შენიშნავთ - ის ყოველთვის მეუღლის გვერდითაა და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.ნიცა და ხვიჩა აშშ-ში დროს ასევე „პსჟ“-ის ფეხბურთელთან, რუს მატვეი საფონოვსა და მის მეუღლესთან ერთად ატარებენ. მეგობრები თაიმს ქსუერზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებენ. 

გურამ მაჭარაშვილი – რეალურად, სურათს თუ შევხედავთ, ოპოზიცია უნდა დათანხმდეს პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებას

ფილიალებად დაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გახლეჩის პროცესი დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ისინი უნდა დათანხმდნენ პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებებს, არჩევნების ტელეფონებით ჩატარებასა და მასში მოსწავლეების მონაწილეობაზე.„ბადრი ჯაფარიძე ეთანხმება სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ ეთანხმება ჩერგოლეიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, ეთანხმება  ხოშტარიას და ეს უკანასკნელი საერთოდ არ ეთანხმება არავის, ეს არის მათი ძალიან „ლოგიკური“ გეგმა. ფილიალებად დაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გახლეჩის პროცესი დაწყებულია და დასასრულს უახლოვდება. ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე უცხოეთზეა დამოკიდებული. ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან „დიფ სთეითად“ წოდებული ცნობილი გლობალური ომის პარტია აკეთებს იმას, რომ რეალურად შუაზე გაყო „ნაცმოძრაობა“. ნახევარს ეუბნება, რომ მონაწილეობა არ მიიღო, ნახევარს კი ეუბნება, მიიღე მონაწილეობა. ქვეყნის არევის საშუალებას სადაც ნახავს, იმის მიხედვით, ხან ერთმანეთს დააპირისპირებს და ასე შემდეგ. ეს არის რეალური სურათი.რეალურად, სურათს თუ შევხედავთ, ეს ხალხი უნდა დათანხმდეს პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებას. ერთი ამბობს, რომ ტელეფინებით ჩაატაროს არჩევნები, რაღაც თამაშობები გამართოს არჩევნებზე და მეორე ამბობს, რომ მე-10-დან და მე-12 კლასელების ჩათვლით მოსწავლეებს არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინოს. მგონი, ცუდი აზრი არ არის, რომ „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მისმა ფილიალებმა სწორედ ბურჭულაძეს და დუმბაძეს მიმართონ. სანახაობრივადაც კარგი იქნება და ალტერნატიულ საქართველოში ისედაც აპირებენ და ცხოვრობენ კიდეც. პარალელურად, არჩევნებსაც ჩაატარებენ. შეიძლება კიდეც აირჩიონ თავიანთი მერები, მგონი, გამზადებული ჰყავდათ პრემიერი ვაშაძე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე ჰყავთ და მერე მინისტრებს გადაინაწილებენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არსებობს.„რაც შეეხება თავად თვითმმართველობის არჩევნებს და მის ჩაშლა-არჩაშლას, ეს ხალხი პირდაპირ აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არსებობს. აღიარებს, რადგან ჩვენზე მეტჯერ საუბრობენ თვითმმართველობის არჩევნებზე და 4 ოქტომბერზე. შენ თუ გინდა, რომ ყველაფერს ბოიკოტი გამოუცხადო, არ უნდა გაინტერესებდეს, როდის არის თვითმმართველობის არჩევნები, ჩატარდება თუ არა. როგორც კი, შენ გინდა, იმუშაო იმაზე, რომ ქვეყანაში რევოლუციები მოახდინო, გვახსოვს დუმბაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ ყველგან წააგო, ქუჩაში, პარლამენტში და უცხოეთშიც აღარ სცალიათ და ერთადერთი რევოლუცია მოდის. მიწაზე ყურდადებული ელოდებიან რევოლუციას. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ მხარდამჭერები არსად აღარ გყავს და ძალადობაზე გადადიხარ. ხაბეიშვილმაც იგივე თქვა, ეს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დავამხოო. ძალიან აჭრილები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებს კი აღიარებ და ისიც იცი, რომ წააგებ, მაგრამ ახლა გინდა, ეს ყველაფერი არ შედგეს, რადგან უცხოეთიდან ასე გეუბნებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი – საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს

სინდისის პატიმრები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც ზურაბიშვილი წერს, ეს საჭიროა, „რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“.„სინდისის პატიმრები, უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები უნდა გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბოლო სიახლეები