სამშაბათი, მარტი 18, 2025

თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განმარტეს

თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განმარტეს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა „ამერიკის ხმის“ მიმართ პრეტენზიების ჩამონათვალი და ამგვარად განმარტა მედიასაშუალებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

თეთრი სახლის განცხადებაში, რომლის სათაურია „რადიკალური ამერიკის ხმა“, მოყვანილია ციტატები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, რომლებშიც „ამერიკის ხმას“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევასა და პასუხისმგებლობისგან მუდმივ თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ამერიკის ხმის“ რამდენიმე რეპორტიორი აქვეყნებდა ტრამპის საწინააღმდეგო კომენტარებს თავიანთ პროფესიულ ანგარიშებში სოციალურ ქსელ „იქსში“. ტრამპის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც „ამერიკის ხმის“ სოციალური მედიის პოლიტიკა ავალდებულებს ამ მედიასაშუალების თანამშრომლებს, სოციალურ ქსელებში იყვნენ მიუკერძოებლები.

თეთრმა სახლმა ასევე მოიყვანა შემდეგი არგუმენტები: 2020 წელს „ამერიკის ხმა“ წერდა რუსეთის შესაძლო როლზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის გარშემო აგორებულ სკანდალზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აღიქვა, როგორც „სიმართლის დამალვის“ მცდელობა;

„ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სთხოვა, არ მოეხსენიებინათ „ჰამასი“ და მისი წევრები ტერორისტებად, „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ოფიციალური განცხადებების ციტირება“;

2019 წელს მაუწყებელმა გაუშვა სიუჟეტი ტრანსგენდერი მიგრანტების შესახებ, რომლებიც აშშ-ში თავშესაფარს ეძებენ.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადების გადამხდელები აღარ დააფინანსებენ რადიკალურ პროპაგანდას“.

ცნობისთვის, 15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვთ სამუშაოს შესრულების უფლება.

მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL-ის (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – ნათელი გახდა ყველასთვის, მათთვისაც კი, ვინც სამი წლის განმავლობაში უარს ამბობდა სიმართლის აღიარებაზე, რომ სწორედ პუტინი ახანგრძლივებს ომს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის ის, ვინც ახანგრძლივებს კონფლიქტს რუსეთსა და უკრაინას შორის.„ცეცხლის შეწყვეტის წინადადება დიდი ხნის წინ შეიძლებოდა, განხორციელებულიყო. ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლეს ნიშნავს. ამ დროისთვის, უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველასთვის მსოფლიოში, იმათთვისაც კი, ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში უარს ამბობდა სიმართლის აღიარებაზე, რომ სწორედ პუტინი აგრძელებს და ახანგრძლივებს ამ ომს. უკვე ერთი კვირაა, რაც პუტინს არ შეუძლია, თქვას უბრალო „დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხად“, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გაცვალეს პოზიციები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის წინ.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ახალი დახმარების პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.კალასის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებობს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფაზე, თუმცა ჯერ კიდევ არის ბევრი დეტალი, რომლებიც დამუშავებას საჭიროებს. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე პროგრესი იქნება მიღწეული.„იმედი მაქვს, შევძლებ რეალურად წინსვლას, რადგან მაგიდის გარშემო ყველამ გაიგო, რომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ახლა და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რათა მათ თავი დაიცვან. ყველა მიესალმა ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს და ახლა, რა თქმა უნდა, ბურთი რუსეთის მხარესაა. რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთს რეალურად მშვიდობა არ სურს. ასევე მაგიდის გარშემო გასაგები იყო, რომ რუსეთს ვერ ენდობი. ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას ყველანაირი მოთხოვნების წამოსაყენებლად. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა კაია კალასმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მანამდე კაია კალასმა გამოთქვა ინიციატივა, რომ უკრაინისთვის გამოეყოთ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი 20-დან 40 მილიარდ ევრომდე მოცულობით. ამ დახმარების პაკეტის პირველი ვარიანტი მარტის დასაწყისში უნგრეთმა დაბლოკა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ზარი „დიდი საქმეა“ და იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარი „დიდი საქმეა“.შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ ხვალ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილავს უკრაინელი ჯარისკაცების მძიმე მდგომარეობას, რომლებიც, მისი თქმით, ამჟამად რუსული ძალების მიერ არიან გარშემორტყმული.„რომ არა მე, ისინი აქ აღარ იქნებოდნენ. მე შევძელი, დამერწმუნებინა რუსები, რომ ამ მომენტში არაფერი მოემოქმედათ“, – განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას.ამასთან, დონალდ ტრამპმა გამოხატა ოპტიმიზმი, რომ ორივე მხარე, აშშ-ის შუამავლობით, შეძლებს ცეცხლის შეწყვეტასა და საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

ტარიელ მიქაცაძე – დილის 08:00 საათზე ოთხასამდე პოლიციელი უკვე იცავდა ჭიათურის მერიის შენობას, შესაბამისად, ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა პიკეტირების განხორციელება

დილის რვა საათზე მთელი ქუთაისის სამხარეო პოლიციის, დაახლოებით, სამასიდან ოთხას თანამშრომლამდე უკვე იცავდა ჭიათურის მერიის შენობას და, შესაბამისად, ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა პიკეტირების განხორციელება, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„ფაქტობრივად, პირდაპირ ითვალისწინებდა დაჭერას მსგავსი ქმედების განხორციელება. ადამიანური რესურსიც არ იყო შესაბამისი ამ საქმის განხორციელებისთვის“, – განაცხადა მიქაცაძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს კომპანია „სიემსის“ მიერ გაკეთებული განცხადების გათვალისწინებით, რამდენად არსებობს მაღაროელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და სამუშაო პროცესის აღდგენის რესურსი, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ მას არანაირად არ სურს, დაეყრდნოს კომპანია „სიემსის“ საუბარს, რადგან ეს არის „ჯორჯიან მანგანეზის“ გამოჩეკილი მორიგი შპს, რომელსაც, სხვა შპს-ების მსგავსად, გზადაგზა წირავს და თავად კომპანია აგრძელებს 2006 წლიდან დღემდე უკანონოდ ოპერირებას.„უკანონობაში ვგულისხმობ იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება ჭიათურაში, რაზეც სრულად არის პასუხისმგებელი და დამნაშავე „ჯორჯიან მანგანეზი“. სწორედ 15-წლიანმა გამოცდილებამ მიმაღებინა ის, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“, უბრალოდ, აღარ შეიძლება ურთიერთობა. მით უმეტეს, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა და ილუზია, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისთვის რამე სასიკეთოს მომტანია“, – განაცხადა მიქაცაძემ.მისი თქმით, მაღაროელები, უკვე მე-18 დღეა, ქუჩაში არიან, რადგან ორი და, ზოგის შემთხვევაში, სამი თვეა, ხელფასები არ აუღიათ, ნაკისრი ვალდებულება, რითიც პროფკავშირი ამაყობს, არ გაცემულა 60% და ქალაქი, ფაქტობრივად, შიმშილის პირასაა.„ბევრი მათგანი შიმშილობს კიდევაც. ამიტომ კომპანიას აღარ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, ამ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების გამო გააგრძელოს ურთიერთობა და მოპოვება. ჩვენი მოთხოვნაა, აუცილებლად ჩამოერთვას ლიცენზია, მაგრამ მანამდე პასუხი უნდა აგოს ყველა იმ დანაშაულსა და ვალდებულებებზე, რაც ჭიათურის წინაშე აკისრია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ და არამხოლოდ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“. ეს თითქმის არაფერს არ ნიშნავს ჭიათურისთვის. „ჯორჯიან მანგანეზი“ გაწირავს ამ კომპანიასაც და დააფუძნებს ახალ კომპანიას“, – განაცხადა მიქაცაძემ.ტარიელ მიქაცაძემ ასევე განაცხადა, რომ შესასყიდი მასალების და ა.შ თანხები ხელოვნურად იბერება, თანხები პირდაპირ ილექებოდა კონკრეტული ადამიანების, კომპანიის მაღალჩინოსნების ჯიბეში და სწორედ ამან მიიყვანა კომპანია გადაწყვეტილებამდე, რომ მომგებიანი არ არის.„დარწმუნებული ვარ, ის გერმანული აუდიტორული ამ დასკვნას ვერ ნახავდა და ვერ დადებდა. მან დადო ის, რაც მაღაროში ნახა, მაგრამ უშუალოდ რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა და რამაც ჩვენ თვალწინ გაიარა, ეს არის ჩვენთვის ცნობილი. მინდა, საჯაროდ იყოს ყველასთვის ცნობილი, რომ ხელოვნურად გააკოტრეს კომპანია. თუნდაც „სიემსი“ ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი მაზურებკო რომ დაინიშნა კრიზისებიდან გამოსვლისთვის, ამ ადამიანს კუს ტბაზე 3 000-დოლარად აქვს ნაქირავები საკუთარი სახლი, 175 000-დოლარიანი ავტომობილით გადაადგილდება და მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მოდით, მისი ხელფასი ვნახოთ, რა არის. როგორ ხედავს კრიზისიდან გამოსვლის გზებს, საწვავის ამხელა ულიმიტო მარაგები, ეს იყო მაღაროს კრიზისიდან გამოსვლის გზები, ამხელა ბიუჯეტის გაბერვა? ზედ დაგვაჯდა, როგორც წურბელა თავისი შემადგენლობით. ეს არის ზუსტად ის პრობლემები, რაც ჭიათურას სჭირს და რაღაზე მიიყვანა გაკოტრების პირას ეს კომპანია“, – განაცხადა მიქაცაძემ.მისივე თქმით, მაღაროელებს მათი აღარ სჯერათ და ითხოვენ პირდაპირ მათ გაშვებას და იმას, რომ სახელმწიფო ჩაერთოს, მართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს და წარმატება აუცილებლად იქნება.„აუცილებლად იქნება მომგებიანი მაღაროც და ღია კარიერული სწორად მოპოვებაც, როგორც მაღაროში, ისე ღია კარიერულ მოპოვებას ვგულისხმობ“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

გიორგი ამილახვარი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ კონსულტანტად დაინიშნა

განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ კონსულტანტად დაინიშნა. ინფორმაციას „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ავრცელებს.„„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს. გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული  საგანმანათლებლო ქართულენივანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე“, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები