“ის, რომ 20 ივნისის მერე, გიორგი გახარიას წასვლის და მის მიერ პასუხისმგებლობის აღების ძალიან დიდი სურვილი და ბუნებრიობა იყო გუნდში, ეს ნამდვილად ასე იყო, ამას უკვე საჯაროდ ხედავს ჩვენი კომისიის მოსმენებისას საზოგადოება. ძალიან ვიწრო წრემ იცოდა მაშინ ჩვენს გუნდში, რომ შემოვიდა ზარი უცხოეთიდან, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული,” – ეს განცხადება “ღამის კურიერის” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში.
“ეს იცოდა რამდენიმე ადამიანმა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის დამალული. შემდეგ, რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო და მისთვის პირადად მაქვს ნათქვამი, არის, რეალურად, ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა. არ ვიცი, რა დავარქვა. მოვიდა და “ქართული ოცნების” უმრავლესობას მოუწოდებდა (პოლიტიკური საბჭოც იქ ვიყავით), რომ ნიკა მელიასთვის მოხსნილი ყოფილიყო იმუნიტეტი, მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი და მეორე დღეს გადადგა, რადგან ღამით შეხვდა ამერიკის ელჩს – ეს მან დაადასტურა ჩვენთან გამოსვლისას. მას და სხვებს, ვინც არ შემოდის პარლამენტში, რა თქმა უნდა, ინსტრუქციები აქვთ, რადგან ინსტრუმენტები არიან უცხო ძალების ხელში, როგორც ირკვევა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.