ორშაბათი, მარტი 17, 2025

თბილისში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს – რა არის ცნობილი ამ დროისთვის

თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა.

„ვიღაცას უჩხუბია, ის გაუშველებია და მერე ვიღაცამ კისერი გამოჭრაო”,- ამბობს წყარო ჩვენთან საუბრისას.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნათია თურნავა საქართველოს მხრიდან IMF-ის, BSTDB-ის მმართველად და EBRD-ის ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და „შავიზღვისპირა ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) – მმართველად, ხოლო „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“(EBRD) ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა.შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაინიშნა. 2023 წლის ივნისიდან კი სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო  თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და დღეს გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას შეეხო. სხდომაზე დეპუტატების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებული პროგრამები.„საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა. სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ვახორციელებთ არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს ვუწყობთ მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ვეხმარებით საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებენ ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები, რომელთა მომსახურებით ამ წლების განმავლობაში 100,000 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად განხორციელებული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტი სერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზებით 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტოა არამხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით. მისი თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უნიკალურ პროექტზე – რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრზე ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ცენტრი ასევე მოიცავს ტექნოპარკს და სხვა ლაბორატორიებს.მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალგაზრდების ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადებასა და სწავლებაზე. „ამ ეტაპზე 12,000-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ, რაც ბაზარზეც აისახა – მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49,000-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილი არაჟნებთან ერთად შემოაპარეს, ცხადია, ეს მისი მოფიქრებული არ არის, ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩართულობით გადმოკვეთა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა. როგორც იცით, ის არაჟნებთან ერთად შემოაპარეს. ეს, ცხადია, იყო საზღვრის უკანონო კვეთა და ამ მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება. სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი მის დანაშაულებთან დაკავშირებით. ცხადია, ეს მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებული ნამდვილად არ არის, ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა. მას ერთგვარი გარანტია ჰქონდა, რომ აუცილებლად იქნებოდა გათავისუფლებული, თუ დაიჭერდნენ. შემთხვევითი კი არ არის ის ბინძური პიარკამპანია, რაც მიდიოდა აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ასჯერ კვდებოდა დღეში. რა განცხადებას აკეთებდნენ ეს უსირცხვილო, უნამუსო ზოგიერთი ევროპარლამენტარი და მაღალი თანამდებობის პირი დასავლეთიდან. ბოდიში არ მოუხდია არავის. შესაბამისად, კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, ვინ არიან, საიდან იმართებიან. სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, მარტომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას ეუბნებოდნენ, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, იქნებოდა დაცული. მთელი სპეცსამსახურები, პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული არ ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვაზე, მოუწევს თუ არა სააკაშვილს, მინიმუმ, 2033 წლამდე ციხეში ყოფნა, მერი პასუხობს: „ცხადია, რაც აქვს მისჯილი, ჩვეულებრივად მოუწევს, მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაიდინა“.

კახა კალაძე – ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოიძიონ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა 2008 წელს ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება. ამის შესახებ მან სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2007 წელს გაუქმდა.მისი თქმით, ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს.„ის, რაც 2008 წელს მოხდა, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია ქვეყანას. ჩვენ ამ ომით დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ცხადია, უმძიმესი შედეგები მივიღეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ შედიოდა აღნიშნული ომი. ამიტომ არჩევნების დროს გავაკეთეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია, გამოვიძიოთ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება. იმ უგუნურმა პოლიტიკამ, რა თქმა უნდა, დააზიანა ჩვენი ქვეყანა, მოგვაყენა ძალიან დიდი ზიანი. შემთხვევითი არაა, რომ ამ ომამდე რამდენიმე ხნით ადრე აღნიშნული კანონი გაუქმდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კანონის თავიდან მიღება, რადგან ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კაია კალასი – ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი პირობები აჩვენებს, რომ სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა

ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი პირობები აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.კალასმა აღნიშნული ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.„ის პირობები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აჩენებს, რომ, სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა, რადგან მათ წარმოგვიდგინეს მთელი თავიანთი საბოლოო მიზნების პირობები, რომელთა მიღწევაც ამ ომით სურთ“, – განაცხადა კალასმა.

ბოლო სიახლეები