თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც გივი წულეისკირისა და გიორგი მურუსიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
როგორც პროკურორმა ნინო კეპულაძემ სხდომაზე აღნიშნა, უკვე მიმალვაში იმყოფება ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მურუსიძე და მის მსგავსად, არსებობს გივი წულეისკირის მხრიდანაც მიმალვის საფრთხე, თუ მას პატიმრობა არ შეეფარდება.
მოქალაქეების კუთვნილი 12 მილიონი ლარის თაღლითურად მითვისების საქმეზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

