ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025

თაღლითობის ქართული კვალი – რუსი კრიპტოს გურუს მრავალმილიონიანი აფიორა, რომელშიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი კევინ სპეისი და ილონ მასკის დედა ფიგურირებენ

ვინ არის ლადო ოხოტნიკოვი? 

ვლადიმერ ოხოტნიკოვი, ცნობილი მეტსახელად „ლადო“, დაიბადა საბჭოთა ყაზახეთში და ბავშვობა რუსეთში გაატარა. მისი ვებგვერდის თანახმად, მამამისი, მოჭიდავეთა მწვრთნელი იყო, მას ჭიდაობას ასწავლიდა, რასაც თავად ოხოტნიკოვი მისი სიძლიერისა და გამძლეობის წყაროდ მიიჩნევს.

2000-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვში კინოგადაღების სწავლების დასრულების შემდეგ, ოხოტნიკოვმა ვერ შეძლო კინოინდუსტრიაში მოხვედრა და კარიერა მარკეტინგში გააგრძელა. როგორც თავად ამბობს, რუსეთიდან საქართველოში გადასახადებისგან თავის ასარიდებლად გადავიდა.

ფოტო 2024 წელს Meta Force-ის ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც ოხოტნიკოვი ინვესტორებთან ერთად იწონებს თავს.

სასამართლო განაჩენი თბილისში: 10 წლიანი პატიმრობა და ჩამორთმეული ქონება

მაშინ, როცა ოხოტნიკოვი დუბაიდან ახალ სქემებს აორგანიზებს, საქართველოში მის წინააღმდეგ მკაცრი სამართლებრივი ზომები გატარდა.

2024 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ოხოტნიკოვს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ის Forsage-დან მოპარულ ფულს საქართველოში ათეთრებდა. თანხები ირიცხებოდა მინიმუმ 53 სხვადასხვა ანგარიშზე, რომლებიც მას და მის გარემოცვას ეკუთვნოდა.  საქართველოს პროკურატურამ ოხოტნიკოვზე საერთაშორისო ორდერი გასცა.

სასამართლო მასალების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ ოხოტნიკოვის კუთვნილი დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დააყადაღა და ჩამოართვა, მათ შორის: Lexus-ის მარკის ჯიპი, ხუთი საპარკინგე ადგილი და ორი ბინა თბილისში, რომელთაგან ერთ-ერთს 28 კვ მეტრის აუზი აქვს.

თაღლითობის მასშტაბები და ქართული კვალი

გამოძიების თანახმად, ოხოტნიკოვი არის მასშტაბური კრიპტო-პირამიდების ავტორი, რომლებმაც ოთხ კონტინენტზე მილიონობით ინვესტორს 1 მილიარდ დოლარამდე გამოსძალეს.

აშშ-ს პროკურატურა მას კრიპტო-პირამიდა Forsage-ის შექმნაში ადანაშაულებს, რომლის მეშვეობითაც 2020-2022 წლებში მინიმუმ $340 მილიონი მოიპარეს.

თაღლითობის საქმეს ქართული კვალიც აქვს. გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოხოტნიკოვი დამნაშავედ ცნო 1.1 მილიონი დოლარის გათეთრებაში, თანხა, რომელიც სწორედ Forsage-ის თაღლითური სქემიდან იყო მიღებული.

კევინ სპეისი და რუსი კრიპტოს გურუს ჰოლივუდური გამბიტი

აგვისტოს ერთ წყნარ საღამოს, როდესაც ვენეციის კინოფესტივალზე ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ, ლეგენდარულ სასტუმრო „ჩიპრიანიში“ დახურული წვეულება იმართებოდა. ყურადღების ცენტრში კევინ სპეისი იყო ოსკაროსანი მსახიობი, რომლის კარიერაც სექსუალურ სკანდალებს ემსხვერპლა.

თუმცა, ამ საღამოს მთავარი გმირი კადრს მიღმა დარჩა. საუბარია შემქმნელზე 47 წლის ვლადიმერ ოხოტნიკოვზე (მეტსახელად „ლადო“), რომელიც აშშ-ის მიერ ძებნილი კრიპტო-თაღლითია.

რუსი თაღლითის ახალი გეგმები

მართლმსაჯულებას გაქცეული ოხოტნიკოვი ამჟამად დუბაიში იმალება, სადაც ახალ პროექტზე მუშაობს. სწორედ აქ წამოიწყო რუსმა თაღლითმა ახალი პროექტი, ფილმი სახელწოდებით – „Holiguards Saga The Portal of Force“, სადაც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ოხოტნიკოვის გათვლით, სპეისის მონაწილეობა ფილმს საერთაშორისო ყურადღებას მოუტანს და მას ახალი ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარება. და სანამ მსოფლიო კევინ სპეისის ეკრანზე დაბრუნებას აკვირდება, კადრს მიღმა ახალი, საეჭვო კრიპტო-პროექტი ფორმირდება.

 

ჰოლივუდის მსახიობი კევინ სპეისი საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) კითხვებს არ პასუხობს. თუმცა, მისი მონაწილეობა ფილმს სანდოობის იერსახეს სძენს.

ცნობილი ადამიანების გამოყენება ოხოტნიკოვის ბიზნესმოდელის მხოლოდ ერთი ნაწილია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებამ კრიპტოტრანზაქციების სისწრაფემ და ანონიმურობამ მას საშუალება მისცა, ინვესტორები „სანდო საინვესტიციო შესაძლებლობების“ დაპირებებითა მოეზიდა და მოეტყუებინა.

ჟურნალისტებმა აშშ-დან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ოხოტნიკოვის ბიზნესგარიგებების ახალი დეტალები გამოააშკარავეს. გამოძიება ჩატარდა პროექტის „The Coin Laundry“ ფარგლებში, რომელსაც საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) 37 მედიაპარტნიორთან ერთად აწარმოებს. გამოძიება აჩვენებს, თუ როგორ მდიდრდება კრიპტო-ინდუსტრია უკანონო ფინანსური ნაკადებით, მაშინ როდესაც ამ პროცესში დაზარალებულთა უმეტესობა სამართლებრივი შესაძლებლობის გარეშე დარჩა.

ოხოტნიკოვის უახლესი სტარტაპი Meta Whale მაისში ჩაეშვა და 40 000 მომხმარებელი უკვე მიიზიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პლატფორმაც ფინანსურ პირამიდას ჰგავს.

მიუხედავად უამრავი სისხლის სამართლებრივი ბრალდებისა, ოხოტნიკოვმა ინტერნეტ სამყაროში „ტექნოლოგიური გურუს“, „ბიზნესმენისა“ და „ბლოკჩეინის მქადაგებლის“ იმიჯი მოირგო, რომელიც ინვესტორებს მთავრობის ზედამხედველობის ბორკილებისგან გაათავისუფლებს ჰპირდება.

ამჟამად, ოხოტნიკოვი მის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო მოგზაურობას ვერ ახერხებს. თავისი ბრენდების პოპულარიზაციაში კი მას 36 წლის უკრაინელი მარკეტოლოგის ელვირა გავრილოვას პიარ სააგენტო, Elledgy Media- ეხმარება. ბოლო ორი წლის განმავლობაში გავრილოვამ მდიდრული ღონისძიებები მოაწყო აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსი კრიპტო თაღლითს პროექტების წინ წამოსაწევად.

ოხოტნიკოვმა და გავრილოვამ თავიანთი პიარ კამპანიისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის დედა, მეი მასკიც კი გამოიყენეს. ირკვევა, რომ პიარ-კომანიამ მეი მასკს $350,000 გადაუხადა, იმისათვის, რომ დასწრებოდა მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს და წვეულებაზე ფოტოები გადაეღო.

ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მეი მასკმა იცოდა, რომ ოხოტნიკოვის ხელში მხოლოდ პიარ კამპანიის იარაღი იყო. სავარაუდოდ ის დაიქირავეს, როგორც ცნობილი მოდელი, რომლის გამოჩენაც ღონისძიებაზე თაღლითური სქემის გაპიარებას შეუწყობდა ხელს.

მოგვიანებით მასკის დედა, სპეციალურად ოხოტნიკოვისთვის პროექტებისთვის შექმნილი ჟურნალის გარეკანზეც კი გამოჩნდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბორის ჯონსონი – ტყუილია პუტინის მტკიცება, რომ უკრაინაში ინტერვენციისკენ უბიძგა ნატო-ს ექსპანსიონიზმმა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი არასდროს ყოფილა

პუტინის მხრიდან ტყუილია  მტკიცება, რომ  უკრაინაში ინტერვენციისკენ უბიძგა ნატო-ს ექსპანსიონიზმმა, რადგან არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას ბერგენის უნივერსიტეტში, ჰოლბერგის დებატების დროს განაცხადა.„ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების მომავლის შესახებ ყველა დებატი მდგომარეობს იმაში, როგორ ვპასუხობთ ამ პირდაპირ კითხვას. კერძოდ, გვაქვს თუ არა გამბედაობა, უზრუნველვყოთ უკრაინის როგორც თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადარჩენა? ახლა, როდესაც ჩვენ აქ შეხვედრას ვმართავთ, უკრაინელები განაგრძობენ ბრძოლას და იღუპებიან, როგორც ჩვენ მათ მუდმივად ვეუბნებით, ჩვენი თავისუფლებისთვის, თუმცა არც ერთი დასავლელი ჯარისკაცი არ არის მზად, შეუერთდეს მათ ამ ბრძოლაში. ეს არის ქვეყანა, რომლის საზღვრებსაც ჩვენ ყველა ვაღიარებთ და რუსეთმაც აღიარა 1991 წელს, რომლის უსაფრთხოება ნომინალურად იყო გარანტირებული 1994 წელს და, რომელიც არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა საფრთხეს ვლადიმერ პუტინის რუსეთისთვის. მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს. და პუტინის მხრიდან საძაგელი ტყუილია იმის მტკიცება, რომ ინტერვენციისკენ უბიძგა ნატო-ს ექსპანსიონიზმმა მაშინ, როდესაც ის თავად არის ექსპანსიონისტი, რევანშისტი და ნეოიმპერიალისტი, რომელმაც დაისახა მიზნად უკრაინის დაპყრობა. მას ზარავს შედეგები, თუ უკრაინა აირჩევს გზას, რომელიც აშორებს მოსკოვს და მიჰყავს თავისუფალი, პლურალისტული, დემოკრატიული, დასავლეთ ევროპული იდენტობისკენ. სწორედ ეს სძულს მას, სწორედ ამის ეშინია და სწორედ ამიტომ შეიჭრა. მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ უკრაინა იყო დაცული ნატო-ს მიერ ან უკრაინა აპირებდა ნატო-ში გაწევრიანებას, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ის არ იყო დაცული ნატო-ს მიერ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდის აგრარული ბაზარი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ. N 96 მდებარე აგრარული ბაზარი, შ.პ.ს. ზუგდიდის სუპერმარკეტი (ს/ კ 219982400), არაგეგმურად შეამოწმა, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე განცხადებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველის და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5 000 ლარით დაჯარიმდა.„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი, სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა.სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - აცხადებენ სააგენტოში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე მიმოიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტთაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე.  ხაზი გაესვა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, პარლამენტთაშორისი დიალოგისა და ჩართულობის გააქტიურებისათვის. შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გია ვოლსკი – უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს

ვრცელი ჩამონათვალია იმ კრიტერიუმებისა, რომლითაც შეიძლება, ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს 61 ქვეყანას და არა მხოლოდ საქართველოს. ამ ყველაფერს კონტროლის მექანიზმები აქვს და ეს საქართველოს კარგად აქვს აწყობილი. დარჩა ერთი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებას ეხება. აქ თვალთმაქცობა ისაა, რომ თავადვე აკეთებენ იმ პროცესების ორგანიზებას, რასაც კანონმა უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს. ვოლსკის განმარტებით, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს.„საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ კრიტერიუმებისა, რომლითაც შეიძლება, ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს 61 ქვეყანას და არა მხოლოდ საქართველოს, თუმცა, როგორც იცით, გაადვილებულიც არის. გადაწყვიტეს, კრიტერიუმად დაასახელონ, თუ იქნება თავშესაფრისთვის მიმართვა, საზღვრის კვეთა, ან მესამე ქვეყნებიდან ევროპაში შედინება. რასაკვირველია, ამ ყველაფერს კონტროლის მექანიზმები აქვს და ეს კონტროლი საქართველოს კარგად აქვს აწყობილი, აქ სადავო ნაკლებია. დარჩა ერთი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებას ეხება, მაგრამ თვალთმაქცობა და სიყალბე იმაში მდგომარეობს, რომ თავადვე აკეთებენ იმ პროცესების ორგანიზებას, რასაც კანონმა უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დაინგრევა. ამბობენ, რომ კანონი ნუ უპასუხებს იმას, რასაც ჰქვია ქუჩაში ცეცხლის დანთება, პოლიციელებზე თავდასხმა, პარლამენტის, თუ პრეზიდენტის შენობის რევოლუციური გზით დაკავება. გვეუბნებიან, არ უპასუხოთო და რასაკვირველია, ეს ვერ შესრულდება.ევროსაბჭოს რეზოლუციაც ვერ იქნა მიღებული, რადგან სახელმწიფოებს ერთნაირი პოზიცია არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მიიღეს ე.წ. თავმჯდომარის დოკუმენტი, მთელი რიგი ქვეყნები ოპოზიციაში არიან, მათ შორის საქართველოს მიმართ დამოკიდებულების გამო. უნგრეთმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ რეზოლუციის ბლოკირება მოეხდინა. ეს არ ნიშნავს, რომ კენჭისყრაზე რომ გამოსულიყო, მას სხვები მხარს დაუჭერდნენ. ასეთივე მდგომარეობაა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. სამართლიანობის ხარისხი, რომელიც ბრიუსელმა შემოგვთავაზა, არ ჯდება იმ სტანდარტში, რაც ევროკავშირს აქვს. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ევროკავშირის რეგრესზე საუბრობს.საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ეცდებიან, მაგრამ ეს ცალსახა დამოკიდებულება არ არის, ევროპაში ასე არ ფიქრობენ. ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ ყაველაშვილი: სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ემყარება იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ევროპაში, იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი ამ მიმართულებით შეიცვლება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერბ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებითაც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დღეს არცთუ ისე სახარბიელოა.მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნულის მიზეზად დაასახელა ის, რომ, პრეზიდენტის შეფასებით, ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს საქართველოს მიმართ ხშირად უსამართლო დამოკიდებულება აქვთ.მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი და ეს არ არის სიახლე არც სერბეთისთვის.„მინდა, ბატონ ალექსანდრს მადლობა გადავუხადო ჩემი მოწვევისთვის ამ უმშვენიერეს, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძვირფას ქვეყანაში. მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ. ჩვენი ქვეყნების ისტორია, დიპლომატიური ურთიერთობა 30 წელს ითვლის და ესეც საგულისხმოა, რომ პირველი ვიზიტია პრეზიდენტების რანგში ჩემი მხრიდან. ურთიერთობები, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, უფრო მეტად მჭიდრო უნდა გავხადოთ. თქვენ ახსენეთ, რომ სულ რამდენიმე ხანში იგეგმება კომისიის შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი საკითხი განიხილება. ჩვენ ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში თანამშრომლობაზე, ახალგაზრდების ურთიერთობაზე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის გამოცდილება, რომელიც თქვენც და ჩვენც დაგვიგროვდა ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.ჩვენმა საზოგადოებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობა დღეს არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან – პირდაპირი ვიქნები – ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ხშირად აქვთ ჩვენს ქვეყანასთან, არის უსამართლო. ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, სერბეთისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი, პირველ რიგში, ემყარება სამართლიან პრინციპს, იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ევროპაში.„ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა. თვე არ გავა, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო არ ფიგურირებდეს განვითარების კუთხით. ეს ეხება ეკონომიკურ საკითხებს, გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას და ა.შ. ამიტომ, იმედი გვაქვს, ევრობიუროკრატია იქნება სამართლიანი შთამომავალი იმ ევროპის, რომლის ნაწილიც ჩვენც და სერბი ხალხიც არის. ევროპა არის ყველა ქვეყნისთვის მიმზიდველი მხარე, მისი ისტორია იძლევა შესაძლებლობას და წარმოდგენას, რომ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა იყოს.ჩვენი სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები, პირველ რიგში, ემყარება სწორედ იმ სამართლიან პრინციპს, იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ევროპაში. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ამ მიმართულებით და ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიბრუნებს ევროპა, ევროპელი ხალხი და ისევ გახდება ძლიერი და მიმზიდველი რეგიონი.ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვითანამშრომლოთ. დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან, რომლისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. ევროკავშირთან გვაქვს სამართლიანი დამოკიდებულება და ყოველთვის მზად ვართ, რომ ვიყოთ ღია, რათა მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები