ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდვითარების სამართავად, ჰოსპიტალური ქსელი მაქსიმალურადაა მობილიზებული.
„ემატება საწოლფონდი. ამ დროისთვის, დაახლოებით, 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული. ასევე, დაემატა კოვიდსასტუმროები, რათა არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდკლინიკებში გადაყვანის პრობლემა. სრულადაა მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რათა ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაფერისი. საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხშირად – უსიმპტომოც, მაგრამ ასევე საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეამინაციაში“, – აცხადებს თამარ გაბუნია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.