ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025

„თავისუფლების მოედანმა“ მოქმედების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან განცხადება გააკეთა და მოქმედების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ცუცქირიძის თქმით, „ავტორიტარულ რეჟიმთან წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს“.

ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა იმ ათი ნაბიჯის შესახებ, რომელიც, მისივე განმარტებით, კიდევ უფრო დაახლოებთ საბოლოო წარმატებასთან და გააძლიერებს წინააღმდეგობას.

„პირველი – ჩვენს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვიწყებთ მთელი საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას.

მეორე – იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ასევე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას.

უახლოეს 30 დღეში, „თავისუფლების მოედანი“ წარმოვადგენთ „თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის“, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე.

ასევე, უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია „ქართულ ოცნებას“, იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს.

საზოგადოებას ვაჩვენებთ ჩვენს ხედვას, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და როგორ უნდა განვამტკიცოთ სტაბილურობა.

ასევე, უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის“ გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რათა ჩაიბარონ ქვეყნის მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები.

ასევე, იმისთვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის ჩვენი მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს იმ შეთანხმებების დარღვევა, რომელსაც საზოგადოების წინაშე დებენ, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად „ლუსტრაციის კანონის“ მხარდასაჭერად, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ახალ, დამოუკიდებელ პარლამენტში ავარჩევთ.

ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორების კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში, ვიწყებთ მუშაობას, რათა დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისთვის ბრძოლას საქართველოში.

აგრეთვე, „ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის, ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტს, ასევე, ყოფილ დიპლომატებს, ვთავაზობთ და ნაწილ მათგანს უკვე შევთავაზეთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც  ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებასა და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა, საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებასა და კიდევ უფრო მაღლა წაწევას შევუწყოთ ხელი, დავიწყეთ მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე რეგულარულად იქნება განხილული ის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.

ასევე, გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და ამის დასტურად, ჩვენ ყოველ სამშაბათს უახლოესი ორი თვის განმავლობაში აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხალხს ანგარიშს ჩავაბარებთ. მათ მოვუყვებით ჩვენს გაწეულ საქმეებზე, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს. ეს არის ის ათი კონკრეტული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, რათა ჩვენი წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

“მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად” – რა ისტორიას იხსენებს ნინი შერმადინი?

რეს­ტო­რან “ქვევ­რის“ მე­პატ­რო­ნე და მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, ლაშა ბას­ლან­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.მეგობრის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი წერს:"შენ მოგიკვდი მე!!!!!!! ჩემო სიკეთის ბიჭო! მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ჩემთვის ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად, ჩემი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე თავისი... ლაშას დედას კიდევ მილიონი მადლობა ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მე ვიცი და არ ჩამოვთვლი. დავანებოთ სალომეს თავი, რომ ის ჩემი დაქალია, ლაშა, ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! რანაირად მატკინე გული" - წერს შერმადინი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგზე განაცხადეს.„აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ირაკლი კობახიძე – განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს, სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ

განათლებული  საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ღირსეული მსახურება.„მინდა, მოგილოცოთ მასწავლებლის ეროვნული დღე. სიმბოლურია, რომ ამ დღეს ჩვენი უდიდესი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. განათლებული  საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ყველაზე ღირსეული მსახურება. საზოგადოება თქვენ განდობთ  ყველაზე მთავარ საგანძურს ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ, უმთავრეს ეროვნულ ღირებულებებს უნერგავთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქეებად ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.პრემიერის განცხადებით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამავდროულად ვალდებულებაა, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენს მიერ ახლახან დაანონსებულ განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმასა და ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ სხვა არაერთ ნაბიჯთან ერთად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემიაც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უდიდესი ამაგის მოკრძალებული აღიარებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს, სამინისტროს ინიციატივით, ეს აღიარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ეროვნული პრემიის ათი ლაურეატის გარდა, ჩვენ გამოვავლინეთ და ადგილზე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა პედაგოგმა, დედაქალაქში თუ რეგიონში, იგრძნოს სახელმწიფოს თანადგომა და  მხარდაჭერა. დღეს ეროვნული პრემიის ლაურეატებს ასევე გადაეცემათ სამკერდე ნიშანი, რომელზეც გელათის აკადემიის სიმბოლოა გამოსახული. ეს სიმბოლო ძალიან ზუსტად ასახავს თქვენს მისიას – თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებლები და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი. კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას და ახალ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ, საგნებთან ერთად, ჩვენს შვილებს ასწავლით ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს

პირველ რიგში, ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პედაგოგები აზიარებენ ბავშვებს იმ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.„მასწავლებლობა, როგორც უდიდესი პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა. სიმბოლურია, რომ 27 ოქტომბერი, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქართველის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, რომლის „დედა ენაზეც“ ქართველების არაერთი თაობა აღიზარდა. სწორედ თქვენ ხართ იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებლები, რადგან სწორედ თქვენ აზიარებთ ჩვენს შვილებს ბავშვობიდან ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მასწავლებელი განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.„მასწავლებლის როლი ნებისმიერ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან აქვს უდიდესი ძალა და რესურსი, ბავშვობიდანვე მოახდინოს გავლენა ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ქართველი მასწავლებელი კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს. თქვენ, ჩვენი სახელმწიფოსთვის გამორჩეულად რთულ დროში, არა თუ მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურების საერთოდ ვერ მიღების პირობებში, არაერთი თაობის გაზრდა და უამრავი ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მასწავლებლების ღვაწლი ფასდაუდებელია. მისივე თქმით, სკოლაში ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ სწორედ აქ ხდება მათი პიროვნებად ჩამოყალიბება.„თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც მოსწავლეების უსაზღვრო შესაძლებლობების სწამს და ამით თავად ახალგაზრდებს აჩვენებთ გზას, რომელზეც საკუთარი თავის რწმენით, დისციპლინით, თავდაუზოგავი შრომით ყველა მიზნის მიღწევა და ოცნების ასრულება შეუძლიათ. სკოლა, ფაქტობრივად, მეორე ოჯახია, სადაც ჩვენი შვილები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ, გარკვეულწილად, სწორედ აქ ყალიბდება მათი პიროვნება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ღირსეულ ადამიანებად, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად და პატრიოტებად ჩამოყალიბების პროცესში თქვენ, პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ, კონკრეტული საგნების სწავლებასთან ერთად, ჩვენს შვილებს ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს ასწავლით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ბოლო სიახლეები