თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე. ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელმაც ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია გააცნო მედიას, გამოსვლისთანავე სამიზნედ იქცა.
შეტევის ავტორები ის ადამიანები არიან, რომლებიც ქალთა უფლებებს ფასადურად იცავენ. თავდასხმაში ჩართულები იყვნენ ის ოპოზიციონერებიც, რომლებიც პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვაზე ხშირად საუბრობენ. ოპოზიცია წამოწყებული შეტევის გამართლებას სხვადასხვა მიზეზებით ცდილობს. სახელისუფლებო გუნდისთვის კი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული კამპანია რადიკალების ღირებულებებზე მეტყველებს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების ხელწერაა.
შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია სახალხო დამცველისთვისაც. მისი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მისამართით რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარები, რადგან მათ ამ სფეროში ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ.