საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ მთავრობას და პირადად პრემიერმინისტრს მთის კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგიონული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფონდის რესურსის კონკრეტული კომპონენტების დასაფინანსებლად მიმართვა და რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება.
3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ – მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის; 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების პროგრამისათვის.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ნორმების პრაქტიკაში რეალიზებით, მთავრობა ახდენს მთაში ცხოვრების და საქმიანობის წახალისებას არამარტო მთის მოსახლეობისთვის, არამედ ბარში მცხოვრებთათვისაც, შედეგად გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები, რომლის მიხედვით, ათასობით ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა და შეღავათი სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის მიმართულებით, რაც დადებითად აისახება მთაში მუდმივად მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზე.
ზაზა გაბუნია მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ მთის 20 მილიონიანი ფონდიდან, სრული მოცულობით იქნას მიზნობრივი მიმართულებებით თანხები გადანაწილებული.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ მაღალმთიან რეგიონებს მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები გადაეცემათ.