უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ.
„მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოახერხებენ ჩვენი ბიჭები კიდევ სხვების დაკავებას. მსოფლიოში არავინ უნდა ეჭვობდეს, რომ რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. პუტინმა სამი წლის წინ ნატო-სთვის ულტიმატუმებით და ისტორიის გადაწერის მცდელობით დაიწყო, ახლა კი ფხენიანის სამხედრო დახმარების გარეშე ვერ ძლებს. უკრაინა მზადაა, კიმ ჩენ ინს მისი ხალხი დაუბრუნოს, თუ ის შეძლებს მათ გაცვლას ჩვენს მეომრებში, რომლებიც რუსეთში ტყვეობაში იმყოფებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს ეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა.
„თუ დაბრუნება მოუწევს, დაბრუნდება. თუ აქ დარჩენის შანსს მისცემენ, დარჩება“, – გადმოსცემს თარჯიმანი.
ამასთან, მეორე ჩრდილოკორეელმა ტყვემ თანხმობის ნიშნად დააქნია თავი კითხვაზე, სურს თუ არა ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება.
მოგვიანებით მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთმა ტყვემ უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოთქვა, მეორემ – ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების.