უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩინეთისთვის არ არის მომგებიანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.
„რა თქმა უნდა, ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ეკონომიკა აქვს და ჩვენს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გავლენაა, რომელიც ჩინეთს ნამდვილად აქვს რუსეთზე და პირადად პუტინზე. ჩინეთის ხალხის, მათი ისტორიისა და კულტურისადმი სრული პატივისცემით უნდა ითქვას პირდაპირ, მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება, ჩინეთისთვის ამ ომის დასრულება სასარგებლო იყოს. რატომ? რადგან ჩვენ წავიკითხეთ აშშ-ის დოქტრინა. ეს არის ორი დიდი ძალა, ორი დიდი ეკონომიკა და მათ შორის დიდი კონფრონტაცია. ეს აუცილებლად არ ნიშნავს ომს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის დაპირისპირება, დიპლომატიური, ეკონომიური. სუსტი და დამარცხებული რუსეთი ჩინეთისთვის არასასურველია და სწორედ ამის გამო იტანჯება უკრაინელი ხალხი“, – თქვა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის ლიდერი ამბობს, თუ ჩინეთისთვის არახელსაყრელია რუსეთის შეჩერება, ეს ნიშნავს იმას, რომ ომი გაგრძელდება.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი პირდაპირ იარაღით ეხმარება რუსეთს, მაგრამ აშკარად არ უჭერს მხარს ამ ომის შეჩერებას“, – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად, ის ფლობს ინფორმაციას, რომ ჩინეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე დანადგარების, გარკვეული ნივთების მიწოდება ხდება, მაგრამ იარაღის პირდაპირი მიწოდების თაობაზე ზელენსკი ინფორმაციას არ ფლობს.

