შაბათი, მაისი 17, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას განუცხადა, რომელთაც სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ აცნობა.

„სტამბოლში დღევანდელი მოლაპარაკებების შესახებ მოვუყევი. ზეწოლა მეტი უნდა იყოს, თუკი ის არ დათანხმდება ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. ამიტომ, მადლიერი ვარ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებისთვის. ველოდებით, რომ ის შეეხება ყველაფერს, რასაც რუსეთის სამხედრო მანქანა აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიასა და ჩრდილოვან ფლოტს“, – წერს ზელენსკი ტელეგრამში.

სანქციების მე-17 პაკეტის ფინალური ვარიანტი ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე კვირაში, სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვამდე შეათანხმეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა თავს მოხვეული, არამედ არის მარადიული, ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული...

ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ მარადიული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ამავე დროს არის შეხსენება ყველასთვის, ქართველი ხალხი იდგება საკუთარ ღირებულებებზე.„ყველას ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. აქ ჩანს, რა არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ არის მარადიული. ეს არის ამავე დროს შეხსენება ყველასთვის, შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია“, – განაცხადა პაპუაშვილი.

კახა კალაძე – ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი, სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს

ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი, სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ოჯახურ ღირებულებებს დაცვა სჭირდება.„უპირველესად, გილოცავთ დღევანდელ დღეს, სრულიად საქართველოს ვულოცავ. ეს დღე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან ყველამ ვიცით ოჯახის მნიშვნელობა. ოჯახი, ოჯახური ღირებულება ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი. ამ ყველაფერს სჭირდება დაცვა. რა თქმა უნდა, ყველას ვულოცავ. ვხედავთ, რამდენი ადამიანია გამოსული და ეს სასიამოვნოა. სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, ქართულ ოჯახს ვულოცავ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა კალაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება, აუცილებლად გავიმარჯვებთ

მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება.„ჩვენი ღირებულებები, პატივისცემა, რაზეც ვეფუძნებით, სწორედ ოჯახიდან იწყება. მინდა, პატრიარქს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ვხედავთ, როგორი სიხარულია დღეს ერში. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ასეთი ერთიანობა როდესაც იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, სწორედ ოჯახებიდან იწყება ჩვენი ერთიანობა და გამარჯვება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეუფე შიო მუჯირი – თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, რათა გადარჩეს და გაძლიერდეს

ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე, რომ ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძართან განაცხადა.„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ბიბლია გვაუწყებს, უფალმა თქვა, რომ არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი და აკურთხა ისინი და თქვა: „აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა“. ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი – ოჯახი. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება, წმინდა მოციქული პავლე წერს, რომ კაცია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა და შემდეგ დასძენს, ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავი დასდო მისთვის. მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში, ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი – ეკლესიის“, – განაცხადა შიო მუჯირმა.მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ოჯახი ეკლესიის სახეა, ის სამრევლო თემის სახეც არის.„ეკლესიის მიზანია მისი წევრების გადარჩენა. ჩვენ ვიკრიბებით დედაეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში და ასევე ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი, ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთსიმძიმის ტვირთვით ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ. ამდენად, ვიმეორებ, ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა, ღვთის მიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს, ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. ამდენად, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

ირაკლი კობახიძე – მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიება

მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ყოველ წელს აღინიშნება.„მე მინდა, უწმინდესს და უნეტარეს პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ყოველ წელს ვზეიმობთ. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები