მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ისევ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალებასთან, „ზერკალასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, როდესაც რუსეთმა და ბელარუსმა „ძალიან მასშტაბური“ წვრთნები ჩაატარეს, უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო.
„ვიცი, რომ ისინი ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე საუბრობენ ისევ. ვნახოთ, რამდენად მასშტაბური იქნება წვრთნები. ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ თავად ბელარუსებისთვისაც დიდ რისკს წარმოადგენს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის რაკეტები „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს.
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი და ბელარუსი „ორეშნიკის“ რაკეტების ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებით „შოუს“ აწყობენ, რადგან ჯერ არა მთელი კომპლექსი, არამედ „მხოლოდ შესაბამისი მანქანებია“ მიწოდებული. მისივე თქმით, ამ ქმედებების მიზანი ევროპის დაშინებაა.
„ჩემი აზრით, ნატო-მ „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა განიხილოს. უკრაინა, თავის მხრივ, ამ საფრთხეს შეაფასებს, მაგრამ მისი (ალექსანდრ ლუკაშენკოს) მხრიდან თამაშს აზრი არ აქვს, რადგან ასეთი ნაბიჯების შემდეგ რუსები „ორეშნიკს“ ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე ლუკაშენკოსთან კონსულტაციის გარეშე შეიტანენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა ბელარურის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც და აღნიშნა, რომ კიევი ამ სანქციების პოლიტიკის გასაგრძელებლად სამართლებრივ ჩარჩოს ავითარებს. მისივე თქმით, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები „მხოლოდ პირველი ნაბიჯია“.
„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივ ჩარჩოზე ჩვენი სანქციების პოლიტიკის გასაგრძელებლად. ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლუკაშენკოზე, არამედ მის უახლოეს წრეზე, მის ვაჟებზე და ა.შ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკელები მასთან კომუნიკაციის გზის პოვნას და დიპლომატიური გზებით შედეგების მიღწევას ცდილობენ. ახლა ჩვენ მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას და ამერიკელებს გავაგებინებთ, რომ ასე არ შეიძლება. ის მხარს უჭერს რუსულ რეჟიმს, ის მხარს უჭერს არა მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკას, არამედ ომსაც და ხელს უწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.

