უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს განაგრძობენ. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დაწერა.
„მრავალ მიმართულებაზე სიტუაცია კვლავ რთული რჩება. მხოლოდ ამ დღის ნახევარში ჩვენს პოზიციებზე რუსული ჯარების თითქმის 70 შეტევა განხორციელდა. ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტი აგრძელებს შეტევის მცდელობას“, – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის ლიდერის ცნობით, შეტაკებების უმეტესობა პოკროვსკის, კრამატორსკის, ლიმანსკისა და კურსკის მიმართულებით მიმდინარეობდა.
„ჩვენი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ფრონტზე არსებული სიტუაცია და რუსეთის არმიის რეალური აქტიურობა ადასტურებს, რომ ომის დასასრულებლად მსოფლიოს ამჟამინდელი ზეწოლა რუსეთზე საკმარისი არ არის.
„საჭიროა უფრო საგრძნობი ზეწოლა რუსეთზე, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს რეალურ დიპლომატიას. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც უკრაინის გვერდითაა“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქზე რუსეთის არმიის მიერ კონტროლის სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის გენშტაბმა უარყო.