ორშაბათი, იანვარი 20, 2025

ვინ იმღერებს და რა დაჯდება ცერემონია – ყველა დეტალი ტრამპის ინაუგურაციის შესახებ

დღეს,  ვაშინგტონის დროით შუადღისას, ხოლო საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ის  კიდევ ერთხელ წარმოთქვამს ინაუგურაციის დღეს კანონით დადგენილ სიტყვებს, რომელიც უცვლელია მას შემდეგ, რაც ის პირველად ჯორჯ ვაშინგტონმა 1789 წელს წარმოთქვა.

ფიცი კი, რომელსაც პრეზიდენტის  ქვეყნის წინაშე წარმოთქვამს,  ასე გამოიყურება:

„ღირსებით ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია”.

ინაუგურაციის დღეს ამერიკის  რიგით 47-ე პრეზიდენტი 15-20 წუთში და დაახლოებით 2 000-მდე სიტყვით შეეცდება, ქვეყანა საერთო სულისკვეთებით განაწყოს და ამის ფონზე მომავალი ოთხი წლის მანძილზე მოსალოდნელი გამოწვევების მიუხედავად, საკუთარი ხედვა და მიზნები დასახოს.

გამოცემა CNN-ის ცნობით, მოსალოდნელი უამინდობის გამო ინაუგურაციის ცერემონია  კაპიტოლიუმის შენობის შიგნით გაიმართება (აქამდე გარეთ იმართებოდა).  მეტეოროლოგების თქმით,  ვაშინგტონში 20 იანვარს ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცემა. ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.  უცხოური მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის დროსაც ინაუგურაცია კონგრესის შენობაში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო.

საინაუგურაციო ცერემონიის გეგმები

ტრადიციულად, ინაუგურაციის დღე, დილით წმინდა იოანეს ეკლესიაში მსახურებით დაიწყება – შემდეგ კი თეთრ სახლში ჯო და ჯილ ბაიდენები – დონალდ და მელანია ტრამპებთან ერთად ჩაის სმის ცერემონიას გამართავენ.

ცერემონიის მთავარი მოვლენა – ტრამპის მიერ კაპიტოლიუმის როტონდაში ფიცის დადება – ვაშინგტონის დროით 12:00 საათზე (საქართველოს დროით 21:00 სთ) გაიმართება, რასაც დიდი ალბათობით აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი გაუძღვება. ტრამპამდე ფიცს მისი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, მარჯვენა ხელის აწევით, ხოლო მარცხენა ხელის ბიბლიაზე დადებით.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, დონალდ ტრამპი,  ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და საკუთარ ხედვას წარუდგენს.

ტრამპის სიტყვის შემდეგ – ის და მისი ვიცე პრეზიდენტი- ჯეი დი ვენსი –  სამხედროების აღლუმს კაპილოლიუმის კიბეებიდან დააკვირდებიან – ამ ცერემონიის პარალელურად კი ჯო და ჯილ ბაიდენები თეთრ სახლს, ტრადიციულად, ვერტფრენის საშუალებით დატოვებენ.

ფიცის დადებისა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრამპი მთელი საღამოს განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაზე, საინაუგურაციო ბალსა და წვეულებებზე გამოჩნდება, რის შემდეგაც იგი თეთრ სახლში კუთვნილ ადგილს დაიკავებს.

რა სიტყვით მიმართავს ტრამპი ამერიკელ ხალხს

საინაუგურაციო გეგმებზე საუბრისას დეკემბერში NBC News-სთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილი “ერთიანობა” იქნება.

„ვფიქრობ, წარმატება ხალხს აერთიანებს, და მე ეს გამოცდილი მაქვს”. – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ინაუგურაცია “ქვეყნის გამთლიანების შესახებ იქნება”.

ვის სამოსს მოირგებს მელანია ტრამპი

დონალდ ტრამპის გარდა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში  კიდევ ერთხელ აღმოჩნდება მელანია ტრამპი. მოდის სფეროს წარმომადგენლები ინტერესით ელოდებიან, თუ ვის სამოსს მოირგებს ამჯერად აშშ-ს მომავალი პირველი ლედი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ინაუგურაციის ცერემონიალზე მელანიამ რალფ ლაურენის ცისფერი კოსტიუმი მოირგო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ წარდგენა მელანია ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე, თუმცა მოდის სფეროს ექსპერტები ელოებიან, რომ მისი ჩაცმულობა შთამბეჭდავი იქნება.

ვინ დაესწრება ინაუგურაციას
უცხოური მედიის ცნობით, ადგილობრივი და ფედერალური მაღალჩინოსნები მოელიან, რომ ინაუგურაციის სანახავად ვაშინგტონში 200 000-ზე მეტი ადამიანი მივა. ღონისძიებას ასევე აშშ-ს სენატორები, წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები და მომავალი ადმინისტრაციის სტუმრებიც დაესწრებიან.

ტრამპის, მისი ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსისა და მათი ოჯახების შემდეგ, ინაუგურაციაზე ყველაზე მნიშვნელოვანი დამსწრეები – ჯო ბაიდენი და მისი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნებიან.

ბაიდენმა ჯერ კიდევ დეკემბერში თქვა, რომ იგი ტრამპის ინაუგურაციას “რა თქმა უნდა” დაესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ტრამპმა ბაიდენის ინაუგურაცია გამოტოვა.

ტრადიციულად, პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი ესწრება – გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება. უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბაიდენის გარდა, ღონისძიებას ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი დაესწრებიან.

ამასთანავე, ტრამპის ინაუგურაციაზე ჩამოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი ან მათი წარმომადგენელი აპირებს.

პოლიტიკოსების გარდა, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე  ვიხილავთ: Tesla-ს და SpaceX-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, მარკ ცუკერნბერგსა და ჯეფ ბეზოსს.

ვინ იმღერებს ცერემონიაზე
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმღერებს ქანთრის ჟანრის მომღერალი, ქერი ანდერვუდი, რომელიც სიმღერას, სახელწოდებით „ამერიკა მშვენიერია“  (“America the Beautiful”-ს) შეასრულებს.

ღონისძიებაზე  ასევე ლი გრინვუდი და საოპერო მომღერალი კრისტოფერ მაჩიო იმღერებენ.

ტრამპის თქმით, ინაუგურაციაზე ვიხილავთ, მუსიკალურ დისკო ჯგუფს, The Village People, რომელთა სიმღერებსაც ის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარ ყრილობებზე ხშირად იყენებდა.

ვინ დაფარავს ღონისძიების ხარჯებს
ოფიციალურს ღონისძიებებს ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტი აფინანსებს.

კომიტეტი კაპიტოლიუმში ფიცის ცერემონიის გარდა, ყევლანაირ ხარჯზე იქნება პასუხისმგებელი. რაც შეეხება ფიცის დადების ცერემონიას – მის ხარჯს მთლიანად გადასახადების გადამხდელები დაფარავენ.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსმა და  ცუკერნბერგმა ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტს $1 მილიონი შესწირეს.

CNN-ის ცნობით, ტრამპის კომიტეტმა წელს ინაუგურაციისთვის $170 მილიონი ააგროვა, რაც 2017 წლის ღონისძიებებისთვის აგროვებულ $106.7 მილიონს ბევრად აღემატება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელმაც მანქანით 35 ადამიანი მოკლა

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს 62 წლის კაცი, რომელიც გასული წლის 11 ნოემბერს, ქალაქ ჭუხაიში, სპორტული ცენტრის გარეთ, სავარჯიშოდ შეკრებილ ხალხში ავტომანქანით შევარდა და 35 ადამიანი მოკლა. დეკემბერში, ქალაქ ჭუხაის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული "საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის" და 62 წლის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 19 იანვარს ჩინეთში სიკვდილით ასევე დასაჯეს 21 წლის კაცი, რომელმაც 17 ნოემბერს პროფესიულ სასწავლებელში დანი 8 ადამიანი მოკლა. პოლიციის მიხედვით, ახალგაზრდა კაცმა ბრალი "უყოყმანოდ აღიარა". სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა 17 დეკემბერს მიუსაჯა.

ლევან იოსელიანი – საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება

მოგონილი ტყუილია, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გამოვაქვეყნე,  ბევრი განმარტება გავაკეთე. სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებას, წამების მუქარას, არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანს კითხვა დაუსვეს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ განცხადებაზე, რომ ის ჯეროვნად არ ასრულებს თავის მოვალეობას, რადგან სისტემურ ძალადობად არ შეაფასა აქციების დროს დაზარალებულების მდგომარეობა. „ათზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა პოლიციას და ხელისუფლებას ეკისრება, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისში, თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება“, – განაცხადა იოსელიანმა.

აღმოაჩინეს გიგანტური მწერი, რომელიც ერთ კილოგრამს იწონის

სინგაპურელმა მკვლევრებმა ახალი სახეობა, გიგანტური იზოპოდი აღმოაჩინეს. ამ არსებას (Bathynomus vaderi) Star Wars-ის პერსონაჟის, დართ ვეიდერის სახელი უწოდეს. B. vaderi გიგანტური იზოპოდების გვარის წარმომადგენელია. ის წყალში ცხოვრობს, მაგრამ ვიზუალურად ხმელეთის მწერს მოგვაგონებს. იზოპოდის სიგრძე 32.5 სანტიმეტრია და ერთ კილოგრამს იწონის. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არსება მარტივი შესამჩნევია, მაგრამ ჯერჯერობით ის მხოლოდ ვიეტნამის სპრატლის კუნძულებზეა დაფიქსირებული. შთამბეჭდავი ზომის გარდა, ყურადღება მიიქცია არსების კუთხოვანმა თავმა, რომელიც ვარსკვლავური ომების ბოროტი ლორდის ჩაფხუტს წააგავს — აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. კვლევა ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.

ჯო და ჯილ ბაიდენები დონალდ ტრამპს და მელანია ტრამპს თეთრ სახლში მასპინძლობენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს თეთრ სახლში მასპინძლობენ. დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში ვაშინგტონის წმინდა იოანეს ეკლესიიდან მივიდნენ, სადაც წირვას ესწრებოდნენ. 1837 წლიდან აშშ-ში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მომავალ პრეზიდენტს ჩაიზე მასპინძლობს, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმისკენ მიემართებიდან, სადაც ფიცის დადების ცერემონია უნდა გაიმართოს. აღნიშნული ტრადიციის შესრულებაზე 2021 წელს, ბაიდენის ინაუგურაციის წინ დონალდ ტრამპმა უარი თქვა.

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მიწის ქვეშ გამავალი 300 მეტრიანი საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის (ხუარესის და ელ პასოს შორის) აღმოჩენილი 300 მეტრიანი გვირაბი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები საზღვარზე გადასასვლელად იყენებდნენ დაილუქება. გამოცემა BBC-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკის სასაზღვრო უწყება ავრცელებს. არსებული ინფორმაციით გვირაბი, რომელიც გასულ კვირას აღმოაჩინეს სანიაღვრე ქსელში იყო აშენებული - ოფიციალური შეფასებით, მის აშენებას სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ცნობილი იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გვირაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც არალეგალი მიგრანტების გადასაადგილებლად და კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ აშშ-სა და მექსიკის საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ცნობისთვის, ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ ინაუგურაციის შემდეგ "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას" დაიწყებს. ასევე, გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათშივე აპირებს, რომ რიგი აღმასრულებელი ბრძანებები საზღვრის, ენერგეტიკისა და მთავრობის რეფორმის პრიორიტეტული საკითხებისთვის გამოიყენოს.

ბოლო სიახლეები