ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

ვინ და როგორ მიიღებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას

გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით (განაცხადის როგორც წარდგენისთვის ასევე დაზუსტებისთვის), 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ, 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი დეკლარაციებით )
  • 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ამასთან, 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა, საქართველოს მთავრობის N 286 დადგენილებაში 2020 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული ცვლილება N 829 (გთხოვთ იხილოთ დანართი) და ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამინისტროს ვებ-გვერდზე.

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დისტანციურად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.

კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შესაძლებელია დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის დროულად მიაწოდონ უწყებას ზუსტი ინფორმაცია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფოფხაძე: შიმშილობა იყო ის ადეკვატური პროტესტი, რაც ამ რეალობის შესაბამისია

ვითხოვთ ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, – ამის შესახებ„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, შიმშილობის აქცია სულ ხუთმა ადამიანმა დაიწყო.„ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს ამ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა. რაც დრო გავა, საზოგადოებრივი განწყობების უფრო მეტი ესკალაცია იქნება. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება. შევალთ წინააღმდეგობის ისეთ სიღრმეებში, რომელიც ძნელი დასაძლევი იქნება.ხელისუფლებამ ბევრი წითელი ხაზი გადალახა, თავისი დრაკონული კანონებით და ქვეყნის იზოლაციის მცდელობით ისეთი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც დღეს სხვანაირი პროტესტის შესაძლებლობებს ნაკლებად ტოვებს. მგონია, რომ შიმშილობა იყო ის ადეკვატური პროტესტი, რაც ამ რეალობის შესაბამისია. ჩვენ, ხუთმა ადამიანმა, დავიწყეთ ერთად შიმშილობის აქცია, გუშინ ღამით ორი „მოგვპარეს“. ერთი დღეს დაკავებულია, მეორე დაგვიბრუნეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

სახალხო დამცველი – მივესალმებით ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს

სახალხო დამცველი მიესალმება ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 28 ოქტომბერს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, რომელშიც განხილული იყო ბრალდებულ ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები.„მოსაზრებაში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი სტანდარტები. მითითებული იყო, რომ არ შეიძლება, პატიმრობის გამოყენება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე და, ასევე, მხოლოდ სადავო ქმედების ხასიათსა და ბუნებაზე. პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია, თუ არ არსებობს მისი გამოყენების რელევანტური და საკმარისი მიზეზები, ხოლო საფრთხეების არსებობა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის მტკიცებულებებით უნდა საბუთდებოდეს, როდესაც პატიმრობა განგრძობითია. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ბრალდებულ ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა. პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. პროკურატურამ გირაოს თანხა 5 000 ლარი დაასახელა, გადახდის ვადად კი – 30 დღე.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.„საქართველო და ევროკავშირი 2014 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად მიღებული უპირატესობებით სარგებლობენ. ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) საქართველოს კომპანიებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი გაუხსნა, რომელიც 450 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს – თითქმის ყველა პროდუქტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის, სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისა და მარეგულირებელ ნორმებთან გაზრდილი შესაბამისობის საშუალებით. ევროკავშირში ექსპორტის განმახორციელებელი ქართული კომპანიების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა; ვაჭრობა მზარდი ნდობის, შესაძლებლობებისა და საერთო კეთილდღეობის ისტორიად იქცა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ვაჭრობის წილი სრული ბრუნვის 22%-ს შეადგენს. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში ქართული პროდუქციის მოყვანამ ამ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება განაპირობა და ადგილობრივ კომპანიებს შორის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მრავალი შესაძლებლობა ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული, ათწლეულის განმავლობაში არსებული ტენდენცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მედეგობას და ევროკავშირის ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს ასახავს“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა. ამის შესახებ შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.„წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად ვცდილობდით ყველა იმ მანკიერების მხილებას, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარედან ჩვენს სამშობლოს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის კუთხით, არამედ პირდაპირი გაგებით, საქართველოს ყოფნა/არყოფნის ეგზისტენციალურ საკითხს აყენებს.ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დღემდე მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ჩვენი საჭიროებების უგულებელყოფის პრიზმიდან უყურებენ, გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ განვაცხადეთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაზე, რომლის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით ჩამოშორება და მმართველობაში მათი აგენტების დაბრუნება. მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხისგან მანდატი კიდევ ერთხელ მიიღო, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ხოლო გარე ძალებს დროებით მაინც შეეწყვიტათ ზემოქმედება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, პრობლემები სულ უფრო იმატებს.აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან და ღიად უჭერენ მხარს საქართველოში იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მიზანი ხალხის განულებული მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა.ამის პარალელურად, ევროკავშირში მთელი სიმძაფრით მძვინვარებს ლგბტ-პროპაგანდა, ღიად ებრძვიან ქრისტიანობას, ქვეყანათა იდენტობას, წარსულს და ტრადიციებს. უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას ახალგაზრდობა. ბოლოს მიღებული ლგბტ-სტრატეგია 2026/2030, რომელსაც ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენი აწერს და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად წევრი, ასევე მოლაპარაკებაში მყოფი ქვეყნებისთვის − ევროპის ახალგაზრდა თაობას, მორალურთან ერთად, ფიზიკური დეგრადირების სახეს უქადის.არანაკლებ მძიმე სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ცდილობს, სახე იცვალოს, რის შედეგადაც ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ სიტყვით ებრძვის „დიფ სთეითის” გავლენებს.მაგალითად, 4 ოქტომბერს, როდესაც მარგინალურმა აგენტურულმა ქსელმა საქართველოში ხელისუფლების დამხობა სცადა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოაწყო, ევროკავშირმა ღიად წაახალისა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც „მშვიდობიანი დამხობა“ უწოდეს, ხოლო აშშ-მა მხოლოდ „სტრატეგიული დუმილით“ უპასუხა აგენტების დანაშაულებრივ ქმედებებს.ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში ხელისუფლება თავად უნდა ამბობდეს უარს მორალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებების რეანიმაცია. სამწუხაროდ, დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას, სუვერენული საქართველო არაფერში სჭირდებათ, მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ჰყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ.გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ მიმართულებით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად. უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის.საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომიკური შესაძლებლობების აღიარება იმ გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამიტომაც ვართ საინტერესო მსოფლიოსთვის და ეს ინტერესი უნდა გამოვიყენოთ არა რომელიმე ქვეყნის თუ გაერთიანების ინტერესების გასატარებლად, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის იმის აუცილებლობის საჩვენებლად, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა არათუ არ უპირისპირდება რომელიმე მათგანის ინტერესებს, არამედ საშუალებას აძლევს მათ, სწორედ ასეთი საქართველოს არსებობის პირობებში მიიღოს ყველა მოთამაშემ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების საკითხში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანად და გონივრულად გამოყენება საშუალებას მოგვცემს, ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხითაც დავაინტერესოთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი, არამედ თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა – შემოსავლების სამსახური

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 28 965 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული ოთხი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები