თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“ვულოცავ ჩემს მეგობარ დონალდ ტრამპს, რომელმაც არჩევნებში დაუღალავი ბრძოლის შედეგად გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად.
ამ ახალ ეპოქაში, რომელიც ამერიკელი ხალხის არჩევანით იწყება, ვიმედოვნებთ, რომ განმტკიცდება თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები და დასრულდება რეგიონული და გლობალური კრიზისები, ომები. განსაკუთრებით, პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი. მჯერა, რომ იქნება დამატებითი ძალისხმევა უფრო სამართლიანი მსოფლიოსთვის. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები სარგებელს მოუტანს მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს”, – წერს ერდოღანი.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.