სამშაბათი, ივლისი 15, 2025

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, არსებული ფორმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უნდა გაუქმდეს

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას.

24-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც დაჩქარებული წესით მომზადდა, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის რისკს და გაერთიანებების უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს.

„ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია  ადამიანის უფლებების მიმართ,  ასევე ძალიან სადავოა ქართულ საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს ქვეყანაში მასიური რეაქციები, მიღებულ იქნა პროცედურით, რომელიც არ ტოვებს სივრცეს გულწრფელი დისკუსიებისა და არსებითი კონსულტაციებისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების ღიად უგულვებელყოფით.  ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ 2023 წლის ანალოგიურ კანონპროექტზე გამოხმაურებამ აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, წარმოიქმნა აშკარა აუცილებლობა  ჩატარებული  მნიშვნელოვანი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან,  რომელთაც ეხებათ ეს კანონი, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებსა და  ტელევიზიებთან. წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს.

ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით,  შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  მკაცრ კრიტერიუმებთან,  რომლებიც გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის   მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტსა  და  სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 17(2), მე-19(2) და 22(2) მუხლებში,  რამდენადაც ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს , ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, რომელიც გაწერილია ECHR-ის მე-14 მუხლში“, – ნათქვამია შეფასებაში.

ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ „კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად განსაზღვრას სერიოზული შედეგები მოჰყვება, რამდენადაც, ეს ძირს უთხრის ამ სამიზნე ორგანიზაციების  ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ საქმიანობას“.

„რეგისტრაციის ტვირთისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნების ერთობლივი გავლენა (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება), რაც ზღუდავს სტიგმატიზებული ასოციაციებისთვის დაფინანსების წყაროების შესაძლებლობებს,  მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ერთად, რაც მათ შეიძლება დაეკისროს და მუდმივი ზედამხედველობა, უდავოდ გაართულებს და საფრთხეს უქმნის შესაბამისი ორგანიზაციების ეფექტურ მუშაობას და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზების ხელშემწყობი დაბრკოლებები შემაკავებელ ეფექტს ქმნის.

კანონი, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზეა მიმართული,  ასოციაციებსა და მედიას რომლებიც თუნდაც დაფინანსების  უმნიშვნელო სახსრებს საზღვარგარეთიდან იღებენ სტიგმატიზიციის, გაჩუმებისა და საბოლოოდ ელიმინაციის ობიექტური რისკის ქვეშ აყენებს.  იქმნება ძლიერი რისკი იმისა, რომ დაზარალდება ის ასოციაციები და მედიები, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, და მათი აღმოფხვრა უარყოფითად იმოქმედებს ღიაობაზე, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას სპეციალური რეგისტრაციის იმ ფორმაზე , ანგარიშვალდებულებასა და  ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნებზე , მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე,   უცხოეთიდან დახმარების მიმღები  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და ტელევიზიებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს პირობებს, რომლებიც  ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და წარადგინონ მათი დაფინანსების წყაროები, არ გაკეთებულა დამაჯერებელი ახსნა თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები არასაკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თუკი, არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა განეხილა არსებულ კანონში  ცვლილებების შეტანა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით.  კერძოდ,  უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური საქმიანობა შესაძლოა დარეგულირებული ყოფილიყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არასაკმარისი აღმოჩნდებოდა.

დასასრულს, ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას აძლევს  კანონის არსებული ფორმით გაუქმების შესახებ, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლებებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე , საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე , ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე.  საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე და დემოკრატიაზე. ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და  საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში  შემდგომი დახმარების კუთხით“, – ნათქვამია შეფასებაში.

ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნით, კომისიამ გადაუდებელი პროცედურებით შეაფასა საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა  კანონის მიღებამდე მის აზრს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად“.

თარგმანი: საქართველოს პირველი არხი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვინ იქნება, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვინ იქნება, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება და მოქალაქეები თავიანთ არჩევანს თავისუფლად დააფიქსირებენ.„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლებათ კანდიდატი. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება, სადაც ყველა ადამიანს თავისი ნების დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება. ქართველმა ხალხმა უსამშობლო აგენტურას უკვე დაარქვა თავისი სახელი, მათ მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია განწირულია მარცხისთვის. როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, გარედან იღებ მითითებებს და საერთოდ არ გადარდებს შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის ინტერესები, ეს ყოველთვის წარუმატებლად დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, – „კოალიცია ცვლილებისთვის“ თბილისში არჩევნების ჩაშლით იმუქრება, მათ შორის, შიმშილობას აანონსებენ, – დედაქალაქის მერი პასუხობს: „თუ ვინმეს შიმშილობა უნდა, მე ამას არავის ვურჩევ, რადგან ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, მათი ჯანმრთელობისთვის. წარმოუდგენელია, ამით რა შედეგი უნდა მიიღონ“.

სახალხო დამცველი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 14 ივლისს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზემდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევით გამოწვეული მსხვერპლის გამო. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სახალხო დამცველი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს.

გია ბარამიძე: რუსულ-ქოცურ თამაშში არცერთი ფორმით არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არცერთმა ნორმალურმა, პატრიოტულმა ძალამ, რომელსაც უნდა, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანი გზით მოვიცილოთ

რუსულ-ქოცურ თამაშში არანაირად, არცერთი ფორმით არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არცერთმა ნორმალურმა, პატრიოტულმა ძალამ, რომელსაც უნდა, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანი გზით მოვიცილოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.ბარამიძის თქმით, ამისთვის საჭიროა თანმიმდევრული, პრინციპული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, რაც შვიდი თვეა, მიმდინარეობს.„სწორედ ამ ბრძოლას ღალატობენ ისინი, როდესაც ბრძოლაში კი არ შედიან, შედიან რუსულ-ქოცურ სპეცოპერაციაში, რის შედეგადაც მიიღებენ გადმოგდებულ ძვალს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილ ციფრებს და არა იმას, რომ ვიღაცამ მისცეს მათ ხმა და აზრი გამოხატოს, არამედ მიიღებენ იმ ციფრებს, რა ციფრებსაც დაუწერს ეს რეჟიმი. ეს ორჯერ ორი ოთხია.ოპოზიციამ მოიგო მთლიანობაში და მაშინ წაგვართვეს ხმები, შესაბამისად, ახლა ორი ყველაზე ცუდი პარტიული რეიტინგის მქონე პარტია რომ მიიღებს მონაწილეობას, თან ამ სპეცოპერაციაში, როგორ მოიგებენ? თავებს იდებილებენ, ხალხი ჰგონიათ დებილები. უკაცრავად, მაგრამ ძალიან უხერხულია, რასაც ისინი ლაპარაკობენ, უბრალოდ დგანან და ასე უტიფრად იტყუებიან. ამით ბუნებრივია, ქოცურ თამაშში შევიდნენ და ქოცებს დაემსგავსნენ რიტორიკითაც, ამ სისულელეეების ლაპარაკითაც. ყველასთვის ნათელია, რომ ორი ყველაზე მთავარი, ძლიერი პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას და არათუ ჩვენ ვაპირებთ, რომ პასიური ბოიკოტი გამოვაცხადოთ, ამასაც ტყუიან და ეთერებში ლაპარაკობენ, რომ ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და აბა, პასიური ბოიკოტი გვინდა? ვინ თქვა პასიური ბოიკოტი? მილიონჯერ გავუვით ხაზი, რომ არანაირი პასიური ბოიკოტი არაა ჩვენი გზა და სახლში ჯდომა, არამედ ჩვენი გზა არის ბრძოლა, ამ რეჟიმის მხილება, ქუჩა-ქუჩა უბან-უბან, სოფელ-სოფელ მხილება და ხალხის დარწმუნება, რომ ეს რეჟიმი უნდა მოვიშოროთ და არ უნდა მივიღოთ მის მოღალატურ პროცესში მონაწილეობა და მის მიერ დადგმულ რუსულ სქემებში. ეს არის ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულება და არა უბრალოდ პასიური ბოიკოტი. მათ ეს ძალიან კარგად იციან. მილიონჯერ ვთქვით, მაგრამ მაინც ჯიუტად ამ სისულეებს ლაპარაკობენ, მათ მაგივრად შეიძლება, ნორმალურ ადამიანს შერცხვეს“, – აღნიშნა ბარამიძემ.

რობინ დანიგანი – ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, ერთად მუშაობით შეგვიძლია უკეთესი მომავლის შექმნა

ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია, – ამის შესახებ რობინ დანიგანმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვისას განაცხადა.დანიგანის თქმით, სამუდამოდ იქნება ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი.„გამარჯობა, საქართველო. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემო 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებული ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით. ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია. ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.აშშ-ის საელჩომ 5 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს.„მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.რობინ დანიგანი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2023 წელს დაინიშნა.

კაია კალასი – განვიხილავთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს

ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს, ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს“, – განაცხადა კალასმა.კითხვაზე, თუ დაადასტურებს ინფორმაციას მიზნობრივი სანქციების შესახებ და ასევე იმას, რომ სასანქციო სიაში ორი მოსამართლეა, კალასი პასუხობს:„ჩვენ შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ სასჯელები, მათ შორის ახალგაზრდა მომიტინგეებისთვის, ნამდვილად არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ოპერაციის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც იცით. ადრეც გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ასევე განვიხილავთ სამუშაო მეთოდებს. დღეს ჩვენ საქართველოს წერილს გავუგზავნით უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები კონკრეტულ ვადაში არ დაკმაყოფილდება, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“,- განაცხადა კალასმა.ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა ვადაზეა საუბარი, კალასმა განაცხადა, რომ არ ახსოვს, თუმცა ყველაფერი წერილშია მითითებული.მედიის წარმომადგენელმა კალასს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, „შეგვიძლია თუ არა, ველოდოთ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს“, რაზეც კალასმა უპასუხა:„როგორც ვთქვი, ამაზე ვმუშაობთ, წინადადებები წარვადგინეთ, მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, შეგვიძლია თუ არა ერთი წევრი სახელმწიფოს ვეტოს დაძლევა. ვცდილობთ, ამაზე ვიმუშაოთ. ვარიანტებია სანქციები, როგორც მანამდე ვთქვი, უვიზო რეჟიმის შეჩერება და ყველა ის ელემენტი, რაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით“.

ბოლო სიახლეები