პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახა გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტიანობაზე.
მისივე თქმით, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი.
„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომელიც ამოქმედებულია თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი სხვა დიდ ქალაქებშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.