პარასკევი, ნოემბერი 20, 2026

ვასილ მაღლაფერიძე – ტელევიზიები თავიანთ მაყურებელს ელაპარაკებიან იმაზე, რაც მათ უნდათ, პირველი არხის ჟურნალისტები კი ცდილობენ, მოყვნენ ის, რაც არის, როგორც ერთი მაყურებელი, მადლობას ვუხდი მათ

ტელევიზიები თავიანთ მაყურებელს ელაპარაკებიან იმაზე, რაც მათ უნდათ, პირველი არხის ჟურნალისტები კი ცდილობენ, მოყვნენ ის, რაც არის და მე, როგორც ერთი მაყურებელი, მადლობას ვუხდი მათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადამიანებს უნდათ, ტელევიზია იყოს ბრძოლის იარაღი და როდესაც შენ ცდილობ, ბრძოლის იარაღი არ იყო, ეს შეიძლება, არცერთ მხარეს არ მოსწონდეს ხოლმე. მე პირადად, ძალიან მადლობელი ვარ პირველი არხის ჟურნალისტების. მგონია, რომ თვიდან-თვემდე მათი პროფესიონალიზმი იზრდება, რეპორტაჟები და გადაცემები ნამდვილად ძალიან მაღალი დონის არის. კარგად ვიცნობ ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებს და ჩვენი არავისზე არაფრით ნაკლები არ არის, ხშირად მეტიც კი არის. ეს არის კარგი ოპერატორების ნამუშევარი, თავდადებული ნამუშევარი, როცა ვხედავთ, აქციები როგორ არის გაშუქებული. ეს არის ის ტვირთი და გამოწვევა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა ზიდოს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ და ვის შორის უნდა ჩატარდეს დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაში, როდესაც პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქარტიას“, კანონი კი ამბობს, რომ დებატები უნდა ჩატარდეს, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, დებატი უნდა შედგეს პროგრამებთან დაკავშირებით, ეკონომიკურ-პოლიტიკურ საკითხებზე, პარტიების რაღაც ჯგუფი კი დროებითი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა, რომელმაც რაღაც პროცესები უნდა დაალაგოს.

„ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ არის დიალოგის და დისკუსიის რეჟიმი. ყველა თავის სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებულია და ეს იწვევს ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაღიზიანებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კანონს უნდა გადავუხვიოთ. ხშირად, ეს გაღიზიანებული რეფლექსიაა, ვიღაცას რაღაც გაახსენდება, გამოვარდება და რაღაცას იტყვის. საქართველოში რაღაცნაირად იყო ეს ნორმა, რომ „უპრაგონო“ ლაპარაკი და სიტყვების ბრახუნი არ იყო მიღებული, მაგრამ ახლა უკვე, სამწუხაროდ, ვისაც რა გაახსენდება და მოუნდება, იმას იძახის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია მედიის როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში იმ მოცემულობაში, როცა საზოგადოება ორად არის გაყოფილი პოლიტიკურად, მსოფლმხედველობრივად, იდეოლოგიურად, წარსულისადმი დამოკიდებულებით, მომავლის ხედვით და კულტურის აღქმით, რას ნიშნავს მიუკერძოებლობა, როგორ უნდა იყოს ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და სად უნდა იპოვოს ამ მიუკერძოებლობის მიუკერძოებელი შემფასებელი ასე მკვეთრად პოლარიზებულ მსოფლიოში, მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ არსებულ რეალობაში ამის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა არის კანონი და პრინციპები, რომლის დაცვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი რჩება.

„ამ ამოცანას თუ დაისახავთ, ვფიქრობ, რკინის ქალამანი უნდა ჩაიცვათ, თუმცა ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის. არცერთი ტელევიზია არ გეტყვით, რომ მიკერძოებულია და ამას არცერთი ადამიანი არ გეტყვით, არცერთი პოლიტიკოსი, არცერთი ექსპერტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე გვექნება გონივრული ეჭვები, რა და როგორ არის. ახლა, შემფასებელიც რომ ვთქვათ, ვინ უნდა იყოს მიუკერძოებლობის შემფასებელი? კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით – მაგალითად, შენ თუ არ წერ, რომ ეს რუსული კანონია, ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, რომ ობიექტური არ ხარ. მან რომ თქვა, ეს რუსული კანონიაო, ესე იგი, უნდა იყოს რუსული კანონი და პირიქით. ერთსაც მიაჩნია, რომ ეს მიკერძოებაა და მეორესაც. არხმა რა უნდა ქნას, როცა ყველა თავის სიმართლეს უყურებს? მგონია, რომ მიუკერძოებლობის აბსტრაქტულად დევნა აქედან არ გამოვა და ჟურნალისტებმა კანონი, კონსტიტუცია უნდა დაიცვან. ერთადერთი საზომი ეს იქნება. საერთოდ, ჟურნალისტები პოლიტიკურ მოწოდებებს უნდა მოერიდონ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ამ პრინციპს ნამდვილად იცავენ, ფაქტების სიზუსტეს იცავენ და კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გადიან“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის თქმით, სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობა ფოჩიან ქაღალდში გაეხვია, როგორც გამოხატვის თავისუფლება და ის ძალიან მძიმე ბულინგის, ზეწოლის, ფსიქიკაზე ზემოქმედების ფორმად იქცა, რაც, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ ზემოქმედებაზე მძლავრი იარაღია.

„ეს მეთოდი დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა და მიიღო ისეთი ფორმა, როგორიც მიიღო. პირდაპირ გეტყვით, ეს ნაპერწკლებით თამაშია ბენზინის ავზთან. ეს არ იყო ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა. ალბათ, არც ფრანგული კულტურისთვის დამახასიათებელი არ იყო და არც ესპანური კულტურისთვის, ეს რაღაც ბოლოს გაჩნდა. ცოტა გაიბრაზებს თავს პოლიტიკოსი, ვითომ რაღაცნაირად აღიგზნება და ამას ხელს უწყობენ მედიის წარმომადგენლები, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ეს კარგია და შემდეგ ამით ბედნიერებას გრძნობენ. ჟურნალისტიკისთვის ეს არის მდარე, ამავე დროს, ძალიან ცუდ კულტურას ამკვიდრებს, რადგან ქმნის ბილწსიტყვაობის და სისულელის ჭუჭყს; დიდი ნაგავი რომ გროვდება, სიტყვა ფასს კარგავს და როცა ასეთ ვითარებაში ადამიანი რაღაცას იტყვის, უკვე არაფერს ისეთი ფასი აღარ აქვს. საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ქცევის ნორმები ადამიანს რაღაცნაირად ზღუდავს და ეს არის გარკვეული ურთიერთობების წესი, ასე კი, თანდათან ვუბრუნდებით იმ სტადიებს, რომელიც კაცობრიობამ გამოიარა. ვფიქრობ, თავმოყვარე ჟურნალისტმა ასეთი ადამიანი რაღაც პერიოდი არ უნდა ჩაწეროს. როცა რესპონდენტი შენთან თავს ბილწსიტყვაობის და იარაღით მუქარის უფლებას აძლევს, შენ კი ეს მოგწონს, სულ მცირე, სერიოზული „გოიმობაა“ ჟურნალისტის მხრიდან. ეს არის ჟურნალისტების გამოწვევა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამა სამსახურში ყოფილა წასული… სამი ბავშვი – სკოლაში…ახალი დეტალები თაიას ოჯახის შესახებ

,,წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს ამ ოჯახის თავს... სწორედ აქედანაა გადარჩენილი თაია.დედა და შვილი დადასტურებულად გარდაცვლილი, ამოცნობილი.და ნანგრევებში კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ.მამა სამსახურში ყოფილა წასული...სამი ბავშვი - სკოლაში.მის გულში ახლა რა ცეცხლი და კაეშანი ტრიალებს, წარმოდგენაც არ მინდა...ვწუხვარ, ვიზიარებ...იმედია, გლოვის დღე გამოცხადდება და ყველა დაგეგმილი გასართობი ღონისძიება გადაიდება.გარდაცვლილებს ეს ვერ გააცოცხლებს, მაგრამ ამით მცირედ მაინც მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას..- სოციალურ ქსელში მომხმარებელილაშა ბერულავა წერს და ფოტოს გვიზიარებს.

ჯარედ კუშნერი – რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში

რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ისეთი კონცეფციის აუცილებლობაში, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მე-5 მუხლზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა კუშნერმა.მისი თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგის განახლება აუცილებელია.„ამერიკის გადმოსახედიდან, ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვფიქრობ, ამის განსახილველად პრეზიდენტი ტრამპი მზად არის. თუმცა, ცხადია, ეს აშშ-ის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ასევე, უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნა კუშნერმა.ასევე, კუშნერის განცხადებით, ტრამპი ჩინეთიდან იმ განწყობით ბრუნდება, რომ უკრაინაში „მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.„ჩვენთვის წარმატებული შედეგი ომის დასრულების შემდეგ სუვერენული, დაცული, აყვავებული და თავისუფალი უკრაინის არსებობა იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მამაკაცი კი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, მძიმედ რჩება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მამაკაცი კი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, მძიმედ რჩება.„საავადმყოფოში მყოფ პირების, განსაკუთრებით ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია. მათ სახიფათო და რთული დაზიანებები არ აქვთ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც წარმოიშობა, უზრუნველყოფილი იქნება. ბავშვებთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ფსიქოლოგის თუ ნებისმიერი სხვა სახის დახმარების ჩართვას საჭიროებისამებრ.ველოდებით სამძებრო სამუშაოებს. სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში არიან, რომ ყველა სახის სამედიცინო დახმარება გაწეული იქნას“, – განაცხადა სარჯველაძემ.რაც შეეხება მამაკაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.„სხეულზე მძიმე დაზიანება აქვს მიღებული. არ მინდა, წინასწარ რაიმე დასკვნები გავაკეთო. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა, დრო და მკურნალობის შედეგები გვაჩვენებს.საავადმყოფოში მოთავსებული იყო ერთი ქალბატონი, რომელიც გაეწერა. მას არ ჰქონდა რამე ისეთი სახის დაზიანება, რომელიც საავადმყოფოში დაყოვნებას მოითხოვდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის დახმარება იყოს გაწეული“, – აღნიშნა სარჯველაძემ.ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამასთან, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა.შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საპატრიარქოს უწყებანი მონაზონ ბაგრატ (ბაგრატიონის) გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა სვეტიცხოველში არსებული წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ბაგრატი (ბაგრატიონი).მონაზონი ბაგრატი ამჟამად დასვენებულია სვეტიცხოვლის ტაძარში.შაბათს, 21 ნოემბერს, 14:00 საათზე იგი გადასვენდება თბილისში და დაიკრძალება მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ბაგრატის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი ბაგრატი“, - ვკითხულობთ პოსტში.

ამ დროისთვის ნანგრევებში 5 ცხედარია ნაპოვნი-ნანგრევებში 3 წლის თაიას დას ეძებენ

ფონიჭალაში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მეხანძრე-მაშველები ბავშვს, სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დას ეძებენ. 7 წლის ნუცა ნანგრევებში დედასთან ერთად მოყვა.ახალგაზრდა ქალის, ნინო ჭელიძის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე ამოასვენეს.ამ დროისთვის ნანგრევებში 5 ცხედარია ნაპოვნი.

ბოლო სიახლეები