ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024

ვაჟა სირაძე – პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, ვინმე თუ გასცდება კანონის ჩარჩოებს, მოქალაქე იქნება თუ პოლიციელი, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს

პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და თუ ვინმე გასცდება კანონის ჩარჩოებს, მოქალაქე იქნება თუ პოლიციელი, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, პოლიციის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი.

„პოლიცია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაამყაროს მშვიდობა. იყო გარკვეული ინციდენტები, რა დროსაც დაზიანდა ძალიან ბევრი პოლიციელი, ასევე დაზიანდნენ მოქალაქეები. შესაბამისად, არსებობს უწყებები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის ზომებს, დაწყებული იქნება გამოძიება და ყველაფერს მიეცემა თავისი სამართლებრივი მსვლელობა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია, როცა რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებებს ვაწყდებით. პოლიცია აქ არ არის იმისთვის, რომ ვინმეზე იძალადოს, პირიქით, ჩვენი ამოცანა და მთავარი მიზანია, რომ აქცია დავაწყნაროთ, იყოს მშვიდი და წესრიგი იყოს ქალაქში. გარკვეული პირები, რომლებიც დესტრუქციულად არიან განწყობილი, ახდენენ სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებას, თან ორგანიზებულად და მომზადებულად, რის შესახებაც პოლიციას ინფორმაცია აქვს და ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. თითოეული ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, ვინც პოლიციელზე ახორციელებს თავდასხმას, ვინც აზიანებს შენობებს და იქნება გატარებული შესაბამისი ზომები მათ მიმართ. მათ შორის იმ ორგანიზატორების მიმართ, ვინც მათ მართავს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე, რომელიც ჩადენილი იქნება, ეს იქნება პოლიციელი, თუ მოქალაქე, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ვაჟა სირაძის განმარტებით, აქციის მონაწილეებს არავინ უშლის პროტესტის გამოხატვას, მაგრამ აქცია უნდა მოექცეს მშვიდობიან ჩარჩოებში.

„არ უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედებები, როგორიცაა შუშების ჩამტვრევა, მათ შორი  საწვავის შესხმა შენობის შიგნით, ალბათ ნახეთ, შენობის შიგნით სხვადასხვა ოთახს ცეცხლი წაუკიდეს, ყველაზე სამწუხარო რაც იყო, შეტყობინებაზე გასულ სამაშველო სამსახურს გადაუგდნენ და ა.შ. ხელი შეუშალეს მუშაობაში. თითოეული პოლიციელი, ეს სამსახურები ემსახურებიან საზოგადოებას.

აქციის დაწყებისთანავე უკვე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა ძალადობრივი ქმედებები, როგორიცაა სხვადასხვა საგნის მტვრევა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე, საწვავის შესხმა და ცეცხლის წაკიდება, რის გამოც ორი პირი იქნა დაკავებული, ასევე დაწყებულია გამოძიება ქონების დაზიანების მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და აქცია არ გასცდეს კანომით დადგენილ ჩარჩოებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სპეცრაზმმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვა – აქცია მშვიდობიანად გრძელდება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვეს. ადგილზე კვლავ რჩებიან წყლის ჭავლის მანქანები - ამ დროისთვის ადგილზე სამი ერთეული მანქანა დგას. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - მომიტინგეები თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი გზით გამოხატავენ, სკანდირებენ. მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი პიროტექტნიკის სროლას, თუმცა პარლამენტის შენობიდან მოშორებით და ისიც - ჰაერში. დემონსტრანტების ნაწილი პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, ჭიჭინაძის ქუჩის დაღმართზე დგას, სადაც ისინი დრო და დრო სამართალდამცველებს ესაუბრებიან და ეს დიალოგიც მშვიდად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე რჩება, ძირითადი მასა კი თავმოყრილია სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“ ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის არსებულ ტერიტორიაზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.

ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და...

ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო, - წერს პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში. მისი თქმით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ თავად არის აქციის ორგანიზატორი, პასუხისმგებლობას იღებს და რაც აქციისთვის საჭიროა, ყველაფერი აქვთ, მათ შორის "ძალიან ბევრი პარალონები, ფეიერვერკები" და კიდევ აპირებენ შეძენას, ნიშნავს, რომ ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე მოვლენები არ ყოფილა გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობლიური ამბოხი, ვინაიდან დადასტურდა, რომ ამის უკან კვლავ დესტრუქციული ოპოზიცია და მათი დონორები დგანან. "ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო. რა ხდება, თურმე არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან, რომლებიც ხალხით მანიპულირებენ, საზარბაზნე ხორცად იყენებენ და მათ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ?" - წერს ლუკა ეხვაია.

ედგარს რინკევიჩსი – საქართველოს რაიმე გზით უნდა დავუჭიროთ მხარი, საუკეთესო გზას ვიპოვით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული, თუმცა საჭიროა კონსენსუსი

საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, ვფიქრობ, ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული და ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, თუმცა საჭიროა კონსენსუსი. „საქართველოს რაიმე გზით, პოლიტიკურად და სიმბოლურად უნდა დავუჭიროთ მხარი, იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა რამ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები დააწესეს. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენი დიპლომატები ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და აშშ-თან საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ქარდებზე საუბრისას აღნიშნა. „ზოგადად ვიტყოდი, რომ პარტნიორობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ასევე როცა ვსაუბრობთ საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ურთიერთობაზე, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ. უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება დიალოგს, პარტნიორობას, თანამშრომლობას, ვინაიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

VIDEO: მისი ყველა განცხადება მოწოდებულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და მოახდინოს შიდა დაპირისპირება – ვარლამ ლიპარტელიანი სალომე ზურაბიშვილზე

ის ყველანაირად ცდილობს ყველა ინსტიტუტზე შეტევა განახორციელოს - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის წევრმა - პარტია ,,ქართული ოცნება“, ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. „ჩემთვის ყოვლად მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ის ხალხს მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს შეტევაზე, პრეზიდენტი პირდაპირ რადიკალიზმისკენ მოუწოდებს ადამიანებს, მისი ყველა განცხადება მოწოდებულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და მოახდინოს შიდა დაპირისპირება...“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები