ორშაბათი, აპრილი 6, 2026

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ირანის ელჩთან – ალი მოჯანი რეგიონულ კრიზისებსა და ირან–საქართველოს ურთიერთობებზე

მოგესალმებით, ბატონო ალი, გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას  და გისურვებთ წარმატებას საქმიანობაში, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმეთ დრო და მომეცა საშუალება თქვენთან ინტერვიუ  ჩამეწერა.

როგორ აფასებთ დღეს ირანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, როგორ ხედავს ირანი რეგიონული სტაბილურობის მომავალს?

ირანის პოლიტიკურმა ვითარებამ ამერიკისა და ისრაელის მხრიდან განხორციელებული ამ უკანასკნელი თავდასხმის პირობებში აჩვენა, რომ საზოგადოება არა მხოლოდ დინამიური, არამედ სტაბილურიცაა. თეირანის დაბომბვის მიუხედავად, მოწამეობრივად აღსრულებული მეთაურების დაკრძალვაზე, ათი ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში. ირანი არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია ჩამოყალიბებული სახელისუფლებო სტრუქტურები, სადაც იმართება რეგულარული არჩევნები. ირანს ჰყავს აქტიური საზოგადოება, რომელშიც მრავალფეროვანი შეხედულებები გამოიხატება კანონის ფარგლებში. ბუნებრივია, როგორც ნებისმიერ სხვა საზოგადოებაში, ირანშიც არსებობს განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მიმართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობას არ აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ირანის მეჯლისის (პარლამენტის)  პოლიტიკური შემადგენლობა ამ ფაქტს ასახავს.

რეგიონთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ირანი სტაბილურობასა და უსაფრთხოებას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც აუცილებლად მიიჩნევს. ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთ ქვეყანაში არასტაბილურობას შეიძლება უფრო ფართო შედეგები მოჰყვეს მისი მეზობლებისთვის. სწორედ ამიტომ, ირანი ყოველთვის სამ პრინციპს უსვამდა ხაზს:

  • პატივისცემა ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ;
  • რეგიონული დიალოგი და თანამშრომლობა;
  • უთანხმოებების გადაჭრა დიპლომატიური გზით;

თეირანის პერსპექტივიდან, რეგიონული სტაბილურობის მომავალი გარანტირებულია მაშინ, როდესაც რეგიონულ უსაფრთხოებას თავად რეგიონის ქვეყნები უზრუნველყოფენ თანამშრომლობისა და ერთმანეთისადმი ნდობის გზით. რეგიონული სტაბილურობის მომავალი ვერ იქნება გარანტირებული უცხო ძალებს შორის გეოპოლიტიკური კონკურენციის გზით, რომლებიც სამხედრო ბაზებისა და სადაზვერვო ქსელების მეშვეობით ცდილობენ ჩაერიონ რეგიონის ხალხისა და მთავრობების საქმეებში.

საერთაშორისო მედიაში ხშირად საუბრობენ ირანში შიდა ცვლილებებზე – როგორია რეალური სურათი თქვენი ქვეყნის შიგნით?

ირანის საზოგადოებრივი რეალობა ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ზოგჯერ ესა, თუ ის მედიასაშუალება წარმოაჩენს. ირანს ჰყავს ახალგაზრდა, განათლებული და დინამიური საზოგადოება, სადაც საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კულტურულ საკითხებზე.

ბოლო წლებში, სხვა არაერთი ქვეყნის მსგავსად, ირანიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის იყო სანქციებიდან გამომდინარე ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, რეგიონული პროცესები და სოციალური მოთხოვნები.  თუმცა, ირანულმა საზოგადოებამ ადაპტაციისა და პროგრესის შესანიშნავი უნარი გამოავლინა.

ირანის რეალური სურათის გასაგებად, მნიშვნელოვანია, რომ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ მედია ნარატივებით, არამედ ყურადღება გავამახვილოთ ირანის მოსახლეობასთან, უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო, ეკონომიკურ ელიტასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაზეც. ასეთი მიდგომა, როგორც წესი, ქვეყნის დაბალანსებულ და რეალურ სურათს წარმოგვიდგენს.

რა როლი შეიძლება შეასრულოს დიპლომატიამ მიმდინარე კონფლიქტების შემცირებაში?

დიპლომატია ყოველთვის იყო ყველაზე ეფექტური და ნაკლებად ძვირადღირებული ინსტრუმენტი უთანხმოებათა გადასაჭრელად. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია აჩვენებს, რომ თითქმის ყველა კრიზისი საბოლოოდ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოგვარდა.

ირანი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს. პრობლემა ის არის, რომ ამერიკა არ აფასებს პატივისცემითა და კორექტულობით წარმოებულ მოლაპარაკებებს. ამერიკა საკუთარ მომლაპარაკებლებსაც კი არ აფასებს. სანამ ისინი დიპლომატიურ მაგიდასთან სხედან, ისრაელი დაბომბვას იწყებს და აშშ-ის დიპლომატიური სტრუქტურა ომის დეპარტამენტის ზეწოლის ქვეშ ინგრევა. მე მჯერა, რომ დიალოგს შეუძლია შეამციროს არასწორი აღქმები, განამტკიცოს ნდობა და იპოვოს კრიზისების პრაქტიკული გადაჭრის გზები.

ისეთ რეგიონში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი და კავკასია, სადაც ქვეყნების უსაფრთხოება ერთმანეთზეა დამოკიდებული, დიპლომატია არა მხოლოდ არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. ირანი მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს, დაძაბულობის შემცირებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. თუმცა, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი გზის არჩევისთვის გარანტიები უნდა იყოს წარმოდგენილი. უნდა შეიქმნას საერთაშორისო ფონდი და აღებულ იქნას ვალდებულება, აანაზღაურონ ირანისადმი მიყენებული ზარალი, რომელიც უსამართლოდ გახდა აგრესიის სამიზნე.

 

როგორ აფასებთ ირანისა და დასავლეთის ურთიერთობების პერსპექტივას მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში არაერთი წინსვლაც იყო და უკუსვლაც. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ როდესაც დიალოგი და ურთიერთპატივისცემა პრიორიტეტულია, პროგრესის მიღწევა შესაძლებელი ხდება.

ირანის პოზიცია ნათელია: ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და საერთაშორისო სამართლის დაცვაზე. ირანმა აჩვენა, რომ მზადაა სხვადასხვა საკითხზე დიალოგისთვის, იმ პირობით, რომ ეს დიალოგები სამართლიანი იქნება და ორმხრივ ინტერესებს დაეფუძნება.

საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის მდგრადი ურთიერთობები ნდობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემაზეა აგებული. ირანი იმედოვნებს, რომ ეს მიდგომა მომავლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული.

როგორია ირანის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?

ირანი საქართველოს აღიქვამს, როგორც დამოუკიდებელ, დიდი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანას, რომელსაც კავკასიაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია. ჩვენი ხედვა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, დაბალანსებული თანამშრომლობის განვითარებასა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობაზე. ამდენად, საქართველოს შეუძლია ევროპასა და აზიას შორის იყოს მნიშვნელოვანი ხიდი. ირანი ამ ქვეყნის პოტენციალს რეგიონული, მრავალმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის სერიოზულად აღიქვამს. თეირანის თვალთახედვით, საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარება წაადგება მთელ რეგიონსა და საერთაშორისო აქტორებს.

რომელი სფეროები წარმოადგენს თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულს?

ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი სფეროები გახლავთ ტურიზმი, კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობები. სამი ათასი წლის მანძილზე ჩვენი ხალხები, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებებისა, ასევე დასავლეთ აზიისა და კავკასიის რეგიონში ძალთა შემოსვლისა და გასვლისა, ერთმანეთთან თანაცხოვრობდნენ. სამი ათასი წლის შემდეგაც ირანელი და ქართველი ხალხები ერთმანეთის გვერდით იქნებიან. ამდენად, ჩემი და ჩემი კოლეგების  ძირითადი კაპიტალი დაფუძნებულია კონტაქტების და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცებაზე. მეორე საფეხურზე რეგიონული ტრანზიტი და გადაზიდვა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ და კავკასიის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ვართ მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს ჩინეთიდან მომავალი აბრეშუმის გზისა და, ამავე დროს, ინდოეთიდან მომავალი სანელებლების გზის მარშრუტზე. ამიტომ, ვაჭრობის გასაფართოებლად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო-საუნივერსიტეტო თანამშრომლობის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ენერგია და უსაფრთხოება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი სფეროა, და ასევე წარმოადგენს შიდა რეგიონული კონტაქტების და დიდ ქვეყნებთან ურთიერთობის გასაღებს. ამიტომაც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ეს შესაძლებლობები. ზრდისა და განვითარების შესაბამისად, ყურადღება უნდა მივაქციოთ საერთო საცხოვრებელ გარემოს, რათა არ დაშრეს ტბები და არ დადნეს მყინვარები. ამ მიმართულებით გვჭირდება რეგიონს მიღმა ტექნიკური თანამშრომლობა, იაპონიიდან და ევროპიდან დაწყებული ჩრდილოეთ ამერიკამდე. თუკი წყალს შევინარჩუნებთ, მიწას გადავარჩენთ, სოფლის მეურნეობას გარდავქმნით და სასურსათო ინდუსტრიას მრავალფეროვანს გავხდით.

როგორია საინვესტიციო გარემო საქართველოში?

საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა ეკონომიკური რეფორმები, გაუმჯობესდა ბიზნესის მაჩვენებლები. სამართლებრივი სტაბილურობა, რეგულაციების გამჭვირვალობა და საერთაშორისო საბანკო სისტემაზე წვდომა ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ კაპიტალს ეთნიკურობა და სამშობლო არ გააჩნია: სანამ ინვესტორის უსაფრთხოება დაცულია, ის ინახავს თავის კაპიტალს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ როგორც კი უსაფრთხოების პრობლემა შეექმნება (სწორედ ისეთი ვითარება, როგორიც ამჟამად ევროპაშია) კაპიტალს სხვაგან გადაიტანს. უკრაინის ომი და ევროპის ჩართულობა აფერხებს ევროკავშირის ეკონომიკურ პროგრესს ისეთი დიდი კონკურენტების კვალდაკვალ, როგორიცაა ჩინეთი, ამიტომ ამჟამად კაპიტალი ევროპიდან გამოდის. როდესაც ფინანსური კაპიტალი გადაადგილდება, ადამიანური კაპიტალიც ემიგრირებს. ეს ისტორიული გამოცდილებაა. მიუხედავად ამისა, ჩემი კვლევების თანახმად, საქართველო წარმოადგენს შესაძლებლობასა და უპირატესობას. იმედი მაქვს, საქართველო არჩეულ გზას წარმატებით გააგრძელებს.

მოსალოდნელია მეგა-პროექტების განხორციელება?

დიდი პროექტების წარმატებას სჭირდება მყარი სამართლებრივი ნიადაგი, საბანკო და ეკონომიკური პირობები. თუმცა ირანი, მკაცრი სანქციების გამო, დიდი პროექტების განხორციელების ნაცვლად, ფოკუსირებულია პრაქტიკული პროექტების ჯაჭვზე, რომელსაც სანქციებთან შემხებლობა არ ექნება. თანამშრომლობა მედიკამენტებისა და მედიცინის ან სასურსათო ინდუსტრიაში, საბოლოოდ მოიტანს რეგიონულ განვითარებას.

რა მიღწევები აქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რას გვასწავლის ის?

ერთი წინადადებით ასე შეიძლება ითქვას: უნდა დაეყრდნო ეროვნულ ძალასა და შესაძლებლობას, პრიორიტეტად დასახო სამეზობლო გარემო და რეალისტურ და პრაქტიკულ მიდგომასთან ერთად წამოაყენო ორმხრივი ან მრავალმხრივი ინიციატივები საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი ხედვის შედეგად ირანმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, სამრეწველო და სასწავლო სფეროებში, შეინარჩუნა ეროვნული სტაბილურობა და ინფრასტრუქტურული განვითარება. რაც შეეხება რეგიონულ ურთიერთობებს: ამ მიმართულებით მეზობელ ქვეყნებთან გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები. გვაქვს სრულიად ნათელი პერსპექტივა მრავალმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მომავლისთვის  „სამართლიანობის პრინციპზე“ დაყრდნობით.

როგორია ირანის პოზიცია თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით?

ირანს მიაჩნია, რომ საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უცხოური ჩარევები და ისტორიული ტერიტორიების მიტაცება, ანუ ისეთი პროცესები, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ხშირად იწვევს ხანგრძლივ არასტაბილურობას. ჩემი ქვეყნის დიპლომატიური ხედვით, რეალური გზა დიალოგსა და ურთიერთპატივისცემაზე გადის. ეს მიდგომა წარმოადგენს ნებას რეგიონული სტაბილურობისა და სხვა აქტორებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.

როგორია ირანის პოზიცია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს. ირანი პატივს სცემს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, რეგიონული უსაფრთხოების სტრუქტურა ისე უნდა მოეწყოს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობები არ გაიზარდოს და დაცულ იქნას რეგიონული სტაბილურობა.

ირანელი სტუდენტები საქართველოში როგორ ვითარებაში იმყოფებიან?

ირანელი სტუდენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორ ქვეყანას შორის ცოცხალი ხიდების შექმნაში. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობებში. საელჩო ცდილობს, მათ გაუმარტივოს საკონსულო და საგანმანათლებლო საკითხები, რათა მათი საქმიანობამ ხელი შეუწყოს კულტურული კავშირების გაღრმავებას.

თქვენი დიპლომატიური მისიის პერსპექტივა როგორია?

ჩემი მიზანია ურთიერთნდობის გაძლიერება, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის განვითარება და ირანის რეალისტური და დაბალანსებული იმიჯის შექმნა ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში. ჩვეულებრივ, ნებისმიერ ელჩის მისიის დასრულებისას, მასპინძელი სახელმწიფო ასახავს საკუთარ ხედვას მისი საქმიანობის შესახებ. წლების მანძილზე საფრანგეთში ელჩის მოადგილე გახლდით. როდესაც ჩვენი ელჩი იქიდან დაბრუნდა, ბატონმა შირაკმა „ლე-მონდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის ელჩმა მას გააცნო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ირანის გეოპოლიტიკური პოტენციალი. როგორც მახსოვს, ეს 2005 წლის 19 მაისს იყო. ზოგჯერ სახელმწიფოები ამბობენ, რომ ამა თუ იმ ელჩმა ურთიერთობა განავითარა, ან მართა, ან გააღრმავა. თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს: ურთიერთობის განმავითარებელი ელჩი ნიშნავს, რომ მან თემები გააფართოვა და კავშირები გაზარდა; ელჩი, რომელზეც ამბობენ, რომ ურთიერთობას მართავდა, ნიშნავს, რომ მოქმედებდა მასპინძელ მთავრობასთან კოორდინირებულად;  ელჩმა, რომელმაც ურთიერთობა გააღრმავა, ნიშნავს, რომ შექმნა მომავალი. მსურს, ჩემი მისიის დასრულებისას ითქვას, რომ ირან-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ უფრო ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულად განვითარდა. წარმატებული დიპლომატია მომავლის შექმნას ნიშნავს, არა მხოლოდ დღევანდელობის გაძღოლას.

მომზადებულია ,,ტიფლის ნიუსის’’  მიერ.

 

 

 

 

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ

ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება „დღეებში და არა კვირებში“ სურს.„თუ ეს მოხდება, მოხდება. და თუ არა, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ავაფეთქებთ. ეს იქნება ხიდის დღე და ეს იქნება ელექტროსადგურის დღე ქვეყანაში. ძალიან ცოტა რამ არის შეზღუდული, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას.„არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“, – თქვა ტრამპმა.შეკითხვაზე, გაახანგრძლივებს თუ არა ირანისთვის ვადას, რათა თეირანს მეტი დრო მისცეს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა, რომ მათ საკმარისი დრო აქვთ შეთანხმების მისაღწევად.

რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს ქმნის, იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა.ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი, მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებისას ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.ვნების კვირა შედგება შემდეგი დღეებისგან: დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი, დიდი შაბათი - ვნება უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, ვნებებს.მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს, დიდს ვუწოდებთ.ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ, პირველ შეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება, სრულად იკითხება.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება:საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია, განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.ვნების შვიდეულში იკითხება: დილა - საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურის.მუხლმოდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლმოდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

„მონობის აჩრდილი“: როგორ აფასებენ ვითარებას პუტინის ოლიგარქები

„რუსეთი ფატალურად იგვიანებს“, - აცხადებს დრონების წარმოების მენეჯერი, ალექსეი ჩადაევი და ქვეყანას „ახალი წარუმატებლობების“ შესახებ აფრთხილებს. იმავდროულად, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა „ღრმა კრიზისზე“ საუბრობს და 12-საათიანი სამუშაო დღის შემოღებას ითხოვს. მათი კრიტიკა პირდაპირი და მოურიდებელია... პეტერ იუნგბლუტი („ბავარიის რადიო“ - BR24) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის გარშემო მიმდინარე დებატებს აკვირდება - ის რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალს. „ასეთი სტატიის გამო, ოპოზიციის ნებისმიერი წევრი ციხეში ღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი რუსი პოლიტიკური ბლოგერი მილიარდერი მეწარმის, ოლეგ დერიპასკას სენსაციურ მოსაზრებას. არადა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ დერიპასკა პუტინის ოლიგარქების უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნება.საკუთარ ტელეგრამ-არხზე დერიპასკამ პუტინის უსაფრთხოების ძალები „სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების ნგრევაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციები აღარ იდება: „ეს ღრმა კრიზისია. ის რთული ცვლილებებით არის გამოწვეული - იმ გლობალური შესაძლებლობებიდან, რომლებიც ადრე გაგვაჩნდა, გადავედით რეგიონულზე, რასაც უამრავი შეზღუდვა ახლავს თან“.დერიპასკამ თანამემამულეების გაღიზიანება გამოიწვია შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც, მათ დღეში თორმეტი საათი, კვირაში კი ექვსი დღე უნდა იმუშაონ — დილის რვიდან საღამოს რვამდე: „ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ და რაც შეიძლება სწრაფად. ვაღიარებ, რომ ბევრი არჩევანი არ გვაქვს. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი გზაა და ის ჩვენს ეროვნულ ხასიათთანაა დაკავშირებული: მძიმე დროს, ჩვენ ერთად დგომა და კიდევ უფრო თავდაუზოგავი შრომა შეგვიძლია“. „როდის დაგვინაწილებენ ყმებად?“ მას შემდეგ, რაც დერიპასკამ სახელმწიფო აპარატისგან მხარდაჭერა მიიღო (მაგალითად, ყოფილი დეპუტატის, გენადი ონიშჩენკოსგან), მიმომხილველმა ოლეგ საროვმა (412 ათასი გამომწერი) სარკასტულად დაწერა: „ჩვენ სწრაფად ვუბრუნდებით საწყისებს. მეგონა, დერიპასკამ რაღაც სისულელე დაუფიქრებლად დაწერა. თურმე, არა - რა დაუფიქრებლად? XIX საუკუნეში დაბრუნების მთელი კამპანიაა დღეს გაჩაღებული. საინტერესოა, როდის აპირებენ ყმების ერთმანეთში განაწილებას?“სხვა რუსი ექსპერტები ირონიისგან თავს იკავებენ და სერიოზულად აცხადებენ: „მთავრობა მოსახლეობას, შესაძლოა, ტოტალური შრომითი მობილიზაციის სცენარისთვის ღიად და სისტემურად ამზადებს“. „ფუტკრები დილის 6-დან საღამოს 7-მდე შრომობენ“ ანალიტიკოსების შეფასებით, ანაზღაურებად „ზეგანაკვეთურ სამუშაოზე“ ოცნებაც არ ღირს, რადგან საამისოდ ფული არ არსებობს: „ქვეყანას გიგანტური პარამილიტარისტული ბანაკისთვის ამზადებენ, სადაც სამსახურიდან წასვლა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, ტრადიციული ხელფასები კი შესაძლოა ნაწილობრივ სასურსათო ტალონებმა შეცვალოს“.დერიპასკამ ამ კრიტიკას ირონიულად უპასუხა: მან აყვავებული ბაღის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფუტკრებიც კი ყოველდღე დილის 6-დან საღამოს 7-მდე „შრომობენ“. ამ კონტექსტში, ბევრს გაახსენდა მიმდინარე წლის 23 თებერვალს პუტინის ნათქვამი, რომლითაც მან, ფაქტობრივად, დერიპასკას მოთხოვნა „იწინასწარმეტყველა“: „საერთო მიზნებისთვის ერთად გამარჯვების უნარი ჩვენი არმიისა და ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების უდიდესი ძალაა“.„რუსეთის თავზე ყმობის აჩრდილი ტრიალებს“, - აცხადებს კიდევ ერთი მიმომხილველი, რომელსაც 118 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი თქმით, დერიპასკამ „ამომწურავი პოლიტიკური დიაგნოზი“ დასვა: „პირველად მოხდა, რომ ძველი ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელმა ასე ღიად დაასახელა ის ჩიხი, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანა შეიყვანა. დერიპასკას ფიქრები იმის გაცნობიერებითაა განპირობებული, რომ „სტაბილურობა“, საბოლოო ჯამში, სტაგნაციად იქცა“. „რუსეთი ფატალურად იგვიანებს“ დერიპასკა სულაც არ არის ერთადერთი რუსი მეწარმე, რომელიც მომავალს შავ ფერებში ხედავს. განგაშის ზარს სცემს დრონების მწარმოებელი ალექსეი ჩადაევიც: „ამ ომში, რომელიც თავბრუდამხვევი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მიმდინარეობს, ჩვენი ქვეყანა ჰგავს ლოსს - ამერიკულ ირემს - რომელიც ავტომაგისტრალზე გავიდა. მისი ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციის უნარი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილთან შეჯახება თავიდან აიცილოს. ის ვერც კი მოასწრებს რეაგირებას, ვერც კი დაინახავს, რა ეჯახება, რომ აღარაფერი ვთქვათ მანევრირებაზე. ჩვენ მიუღებლად, აუტანლად და ფატალურად ნელები ვართ ამ ომში“.საკუთარ პროგნოზში ჩადაევმა „შემდგომი წარუმატებლობები“ დააანონსა და ასევე იწინასწარმატყველა: „ჩემი მისამართით, რა თქმა უნდა, წყევლა-კრულვა წამოვა, როგორც ჩვენთან ყოველთვის ხდება“. „დესტაბილიზაცია შიგნიდან“ პოლიტოლოგი მიხეილ ვინოგრადოვი ამბობს, რომ ზოგიერთები დერიპასკას „მოჩვენებით აღშფოთებაში“ ადანაშაულებენ, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის მართლაც გაბრაზებულია საკუთარი „უძლურების გამო“. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანი კრემლის „ფრიადოსან მოწაფეს“ ნამდვილად არ ჰგავს.ოლიგარქების მიმართ არაერთი კრიტიკის ფონზე, არხი „ორი მაიორი“ (Two Majors), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო ბლოგს (1,18 მილიონი გამომწერი) მართავს, „დესტაბილიზაციაზე“ საუბრობს: „ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ ტერმინი „მეექვსე კოლონა“. მასში მოიაზრებიან მოღალატეები, რომლებიც ულტრაპატრიოტებად ოსტატურად ინიღბებიან და ქვეყანას ყალბი არგუმენტებით აზიანებენ“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ყველა ისრაელელი ბედნიერია აშშ-ის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება

ყველა ისრაელელი ბედნიერია ამერიკის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის წარმოუდგენელი გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელი პილოტის გადარჩენა მიულოცა.„ეს ადასტურებს, რომ თავისუფალი საზოგადოებები როცა იბრძვიან გამბედაობითა და მონდომებით, მათ შეუძლიათ, დაუპირისპირდნენ, ერთი შეხედვით, გადაულახავ სირთულეებს და დაძლიონ სიბნელის, ტერორის ძალები. ამერიკელი პილოტის გადარჩენა აძლიერებს წმინდა პრინციპს: არავინ რჩება გვერდით. ეს არის საერთო ღირებულება, რომელიც არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ორივე ქვეყნის ისტორიაში. როგორც ერმა, რომელმაც არაერთხელ განახორციელა გაბედული სამაშველო ოპერაციები, ისრაელელებმა და მე ვიცით, რა გაბედული გადაწყვეტილება მიიღეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა დიდი გამარჯვება აშშ-ს.

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წითელათი გარდაცვალების 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით წითელას 7500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.„როიტერის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანიაში „იუნისეფი“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არიან ჩართულები. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პროცესის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.„იუნისეფი ღრმად შეშფოთებულია ბანგლადეშში წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდით, რაც ათასობით ბავშვს, განსაკუთრებით ყველაზე უმცროს და დაუცველს, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ბანგლადეშში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რანა ფლაუერსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქება, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის 64 რაიონიდან 56-ს მოიცავს, მომდევნო დღეებში გააგრძელებს გავრცელებას, მაგრამ სავარაუდოდ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისთანავე შემცირდება.

ბოლო სიახლეები