შაბათი, მარტი 14, 2026

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.

ერთობლივი განცხადების ტექსტს ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„მადლობას ვუხდით პროფესორ პატრიცია გრიჟებიკს, მოსკოვის მექანიზმის ერთადერთ მომხსენებელს, მისი ზუსტი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური მუშაობისთვის და დღეს მონაწილე სახელმწიფოებისთვის წარდგენილი ყოვლისმომცველი ანგარიშისთვის. ანგარიში იძლევა საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენების დეტალურ და სანდო შეფასებას და გვთავაზობს მკაფიო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების, მონაწილე სახელმწიფოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ამავდროულად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს მომხსენებლის ქვეყანაში ვიზიტს და ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის შეხვედრებს სამთავრობო ინსტიტუტებთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ეს ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმის საფუძვლად მიიჩნიოს.

ასევე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და სხვა თანამოსაუბრეების მიმართ, რომლებიც მომხსენებელთან თანამშრომლობდნენ. მათი მზადყოფნა, მიეწოდებინათ ჩვენებები და დოკუმენტაცია, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ამ ანგარიშის მთლიანობისა და სიღრმისთვის. მათი წვლილი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო როლს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ისეთი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომელშიც მათ შეუძლიათ, თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება.

მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი: „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა“. ანგარიში ასახავს ძალადობისა და სხვა სახის დარღვევებს მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების მიმართ, რასაც მომხსენებელი აღწერს, როგორც „დამნაშავეთა თითქმის სრულ დაუსჯელობას“. ასევე, იგი ადგენს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულების მიმართ მოპყრობამ „სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია“ და რომ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე გამოძიება არაეფექტური იყო.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასკვნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სისტემატურად შეზღუდა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. ანგარიშის თანახმად, ე.წ. „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ მიმართული კანონები, მედიაზე, შეკრებებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე მოქმედ ცვლილებებთან ერთად, ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და დამანგრეველ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.

მომხსენებელი ასევე აფრთხილებს, რომ: „ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“. ეს მოვლენები ძირს უთხრის ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ასევე კანონის უზენაესობას, რომლის ვალდებულებაც საქართველომ აიღო, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ.

მომხსენებელი აღნიშნავს, რომ მან ეს მოვლენები შეაფასა საქართველოს უფრო ფართო უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოიცავს რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გაუმკლავდეს დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.

დღეს, განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ შემდეგი ნაბიჯები: პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ.

მეორე, საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონებსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია. ამით ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირ-თან და ვენეციის კომისიასთან და სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაციები.

მესამე, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან, გაიწვიოს თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პირი.

მეოთხე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიების უზრუნველყოფით და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დიდი ხნის რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია

აშშ ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს იმ პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც სურს აშშ-ს. კერძოდ, დასახელებულია ათი კონკრეტული პირი, მათ შორის ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი და უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი.„ფლობთ ინფორმაციას ამ ტერორისტ ლიდერებზე? გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია. ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მიიღოთ ჯილდო და რელოკაცია“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი „ირანის რევოლუციური გვარდიის“ სამხედრო ფრთის სხვადასხვა სტრუქტურას მართავენ და მათ მიმართულებას აძლევენ.

ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგი, ელენე ჯანჯღავა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.არსებული ინფორმაციით, მას თავის არესი ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.როგორც ,,ტიფლის ნიუსს'' შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ, ყველაფერს ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ირანთან ომში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბულში ყოფნისას განაცხადა.„როგორც მთავრობა, ჩვენ უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. ჩვენი ყურადღება მოვლენების თვალსაჩინო ნაწილზე კი არ არის გამახვილებული, არამედ იმაზე, რაც ფარდის მიღმა იმალება. ყველაფერს ვაანალიზებთ და ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე. ისევე როგორც გასულ ღამეს მოხდა, ამ პროცესში ჩვენ ვახორციელებთ ყველა საჭირო პრევენციულ ზომას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს“, – აღნიშნა ერდოღანმა.შეგახსენებთ, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ომის დაწყების შემდეგ ირანული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს და ნატო-ს სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ - ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ - ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას - პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.

ბოლო სიახლეები