სამშაბათი, ივლისი 8, 2025

ეუთო/ოდირ-ი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეუთო/ოდირ-ი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ბოლო თვეებში ათეულობით მომიტინგე დააკავეს.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაკავებებსა და გასამართლებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაობის საფუძველია“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირ-ის დირექტორის, მარია ტელალიანის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეუთო/ოდირ-მა გასულ წელს იურიდიული შეფასების ჩარჩოებში საქართველოს ურჩია, გაეუქმებინა ე.წ. უცხოური აგენტების კანონი და გაფრთხილა, რომ ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავდა.

ამასთან, ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან“.

მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირ-ში აცხადებენ, რომ მზად არიან სადამკვირვებლო მისიის გასაგზავნად, „თუ ხელისუფლება დროულად გამოაგზავნის მოწვევას გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ეუთო/ოდირს შეუტიეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა დაწერა, ახლა კიდევ გვკარნახობენ, მოვიწვიოთ და შემდეგ ამ ორგანიზაციას გადაუარონ

ეუთო/ოდირს შეუტიეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა დაწერა, ახლა კიდევ გვკარნახობენ, მოვიწვიოთ და შემდეგ ამ ორგანიზაციას გადაუარონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ამ დასკვნის მიმართ უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ ოპოზიციონერებს.„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები. აქედან გამომდინარე, არცერთი სახელმწიფო, მით უმეტეს, საქართველო არ დაუშვებს, რამე მოხდეს ისეთი, რაც კითხვებს გამოიწვევს. კითხვები გამოიწვია ეუთო/ოდირიის დასკვნამ, არათუ კითხვები, ასეთი გააფთრებული შეტევა პრაქტიკაში არ არსებობდა ევროპულ სივრცეში. შეუტიეს, რადგან დადებითი დასკვნა დაწერა. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეუთო/ოდირის განცხადება ერთია, მაგრამ მეორეა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომლის მიმართაც უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ ოპოზიციონერებს, მეხუთე კოლონას, გარეთა აქტორებს, გადაუარეს, ბულინგის ასეთი ხარისხი ევროპულ ისტორიას არ მოსწრებია. ეუთო-ს გენერალური მდივნის, დამკვირვებლების განცხადება იყო, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზე. აქედან გამომდინარე, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორც ეკადრება განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები და არანაირი წინაპირობა არ უნდა შევუქმნათ რაიმე დაპირისპირებას, მით უმეტეს, ევროპის ფორმატში, რომელიც არაერთხელ საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას. ასე რომ, ჩავატაროთ არჩევნები ისეთი, როგორც ეკადრება დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოს.არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ დონეზე, როგორც ტარდება ევროპულ ქვეყნებში. მით უმეტეს, განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, თითქოს პოლიტიკური პატიმრებია და გარკვეული გარემოებებია შექმნილი, არ ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს. გადახედონ, რა ხდება ევროპულ სახელმწიფოებში, მაშინ როდესაც სახელმწიფო სისტემას უპირისპირდება გარკვეული აგრესია, რა ხდება გინდ პოლიციის, გინდ სასამართლოს მხრიდან. ზუსტად ამ გზით მივდივართ ჩვენც. ასე რომ, არჩევნებს არაფერი ემუქრება. განცხადება თუ კეთდება, რომ 20 წლის განმავლობაში ისტორიას არ ახსოვს ასეთი მოვლენა, ისტორიას არც ის ახსოვს არც 20, არც 30 წლის განმავლობაში, რომ კვალიფიციური, ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებული დადებითი შეფასება ფეხქვეშ ყოფილიყო გაგდებული, აბუჩად აგდებული. აქედან გამომდინარე, კიდევ გვკარნახობენ, რომ მოვიწვიოთ ორგანიზაცია, შემდეგ ამ ორგანიზაციას გადაუარონ და კიდევ საშუალება მივცეთ, გარკვეულ სპეკულაციებს, ბულინგს ჰქონდეს ადგილი. ვფიქრობ, გვეყოფა ძალა იმისათვის, მათ შორის, ე.წ. კრიტიკულ მედიას, როგორც თვითონ უწოდებენ თავის თავს, ეყოფა ძალა, ობიექტურად, სამართლიანად შეაფასოს და გვქონდეს ისეთი არჩევნები, როგორიც ტარდება სხვა ქვეყნებში, სადაც არ აქვთ აუცილებლობა, ვინმე გარედან ამოწმებდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ეუთო/ოდირ-მა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც, მათ შორის, ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან გამონაკლისს“.

ანა ბუჩუკური – რამდენიმე თვის წინ გვქონდა იდეა სალომე ზურაბიშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი გადასაწყვეტია

რამდენიმე თვის წინ გვქონდა იდეა სალომე ზურაბიშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს ალეკო ელისაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ელისაშვილი კანდიდატებზე საუბრობს: „საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო“.„სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის საკითხს რაც შეეხება, რამდენიმე თვის, დაახლოებით, 7-8 თვის წინ გვქონდა ჩვენ ეს იდეა, სალომე ზურაბიშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია. ვიდრე „ლელო“ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენ ისედაც ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატების ძებნაზე ვიყავით გადასულნი და „ლელოსთან“ ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ამზადებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რომელიც ამოწურავს პუტინის რესურსებს ომის გასაგრძელებლად

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს,  რომ ევროკავშირი, საფრანგეთის ინიციატივით და ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ამზადებს ახალ, ყველაზე მკაცრ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა გამოთქვა, რუსული თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე ხუთჯერ გაიზარდა.„ეს არ შეიძლება, გაგრძელდეს, ეს უნდა შეწყდეს. ამისათვის, ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ემზადება ფრანგული წინადადებების საფუძველზე შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიგვიღია. ისინი პირდაპირ ამოწურავს რესურსებს, რაც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს თავისი ომი“, – აცხადებს ჟან ნოელ ბარო.ბაროს თქმით, ახალი პაკეტი არა მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორ მოიცავს, არამედ ფინანსურსაც. საუბარია იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან დაწესებული სანქციების თავიდან აცილებაში.

უახლესი ცნობები კლინიკიდან-როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. პოლიციამ ალექსი ახვლედიანი გუშინ დააკავა და ამ დრომდე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში მოხდა - საგარეჯოში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის 115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-თან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მომავლისა და მისი მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ხედვას „ბრწყინვალე“ უწოდა.ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ განაცხადა.„ამას ეწოდება თავისუფალი არჩევანი. ადამიანებს დარჩენა თუ უნდათ, შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ თუ წასვლა უნდათ, უნდა შეძლონ წასვლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზა „ციხესიმაგრეს“ არ უნდა ჰგავდეს, არამედ „ღია ადგილი“ უნდა იყოს, რათა ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეთ.„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდროდ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინიციატივა ღაზაში მცხოვრები დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელის დროებით ან მუდმივად მეზობელ ქვეყნებში – ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.

ბოლო სიახლეები