ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა – პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა. პარლამენტი დაჩქარებული წესით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ციფრული ლარის სტატუსი განისაზღვრება – ფართოვდება ”ფულის ნიშნებისა“ და “ემისიის“ ცნებები და მასში ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვებაც აისახება.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, საქართველო ციფრული ვალუტის შემოღებისგან ჯერ შორს არის. მისი თქმით, ეს ჯერჯერობით ბანკებს, მოსახლეობასა და საწარმოებს არ შეეხება, მაგრამ ეროვნულ ბანკს ექნება საშუალება, ყველა ის საჭირო პროგრამა და ინფრასტრუქტურული საშუალება შეიძინოს, რომ ციფრული ლარის გამოშვება შეძლოს.

“ციფრული ტექნოლოგიები ფართოდ გავრცელდა. ათი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო. ჩვენ მივიღეთ კანონი ვირტუალურ აქტივებთან – ე.წ. ბიტკოინებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველოში არის სამი ციფრული ბანკი.

ციფრული ვალუტა მსოფლიოში ძალიან სწრაფო ტემპით ვითარდება. ჩვენ მისი შემოღებისგან, გინდ ტექნოლოგიურად, გინდ სხვა კუთხით შორს ვართ, მაგრამ ვიწყებთ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში ტესტური მუშაობა დაიწყოს. ჩინეთში ციფრული ვალუტა უკვე მუშაობაშია. ინდოეთში მუშაობაშია. ჩვენს სამეზობლოში – რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი უკვე სამუშაო პროცესშია. უკრაინა მუშაობს და ჩვენზე წინ დგას. რაც შეეხება მთავარს – ევროკავშირს, ევროკავშირში, რომლის მაგალითის აღებაც ჩვენ გვაინტერესებს, სამი წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ციფრულ ვალუტაზე 2030 წლამდე გადავიდნენ. 2026 წლიდან ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობა ციფრული ვალუტით ხდება, 2030 წლამდე საბითუმოზე გადავლენ, საცალოზე და 2030 წელს ეს სრულად შევა ძალაში.

ჩვენს შემთხვევაში ეს ჯერჯერობით არ შეეხება ბანკებს, მოსახლეობას და საწარმოებს. ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება, რომ ერთი მხრივ პროცესი აკონტროლოს და მეორე მხრივ, შეეძლოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, ბლოკჩეინები შეიძინოს, რათა მზად იყოს და თუ ამის საჭიროება დადგება, გამოშვების საშუალება ჰქონდეს, ასევე აიყვანოს კადრები და სპეციალისტების, რათა მზად იყოს ყველანაირად, რომ თუ პროცესმა გაამართლა და სწორად წავიდა ჩვენ სამეზობლოში თუ ევროკავშირში, ჩვენ აქტიურად ჩავერთოთ. ეროვნულ ბანკს ექნება საშუალება, რომ შეიძინოს ყველა ის საჭირო პროგრამა და ინფრასტრუქტურული საშუალებები, რომ ციფრული ლარის გამოშვება შეძლოს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის მონაწილეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, რითაც ხაზი გაესვა მათი აქტიური ჩართულობის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ფესტივალში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისა და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერები და მათი აკადემიური მენტორები, რომლებმაც ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური მოწყობილობები, ინოვაციური პროექტები, პრაქტიკული დანიშნულების მოდელები და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რითაც წარმოაჩინეს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების მრავალფეროვნება და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო შესაძლებლობები.როგორც მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ფესტივალი ხელს უწყობს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას და რეგიონებში არსებული სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას. პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფესტივალში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს და წარმატებით წარმოაჩენს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ახალგაზრდა მეცნიერთა მიღწევებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს იმ სამეცნიერო მიმართულებების მრავალფეროვნებასა და კვლევით პოტენციალს, რომელიც სტუ-ში არსებობს. ამასთანავე, ფესტივალი უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი სამეცნიერო მიღწევები, წარმოადგინოს ახალი ტექნოლოგიური დამუშავებები და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.„მეცნიერების განვითარება მხოლოდ სამეცნიერო კვლევების განხორციელებას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება, სამეცნიერო მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება. მეცნიერების რეგიონული ფესტივალი სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების შრომისა და ჩართულობის დაფასება, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ მეცნიერების პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეების წარმოჩენასა და სამეცნიერო კულტურის განვითარებას. მადლობის სიგელები მათი ძალისხმევის აღიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის წახალისების გამოხატულებაა“, - აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.სტუ-ის ცნობით, სიგელები გადაეცათ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: რევაზ სახვაძეს, მარი თებიძეს, ქრისტინე მუსელიანს, ლია იმნაიშვილს, გვანცა ყრუაშვილს, ირმა ლაგვილავას, ნინო კარტოზიას, მარიამ ბარამიას, ანა ვარდიაშვილს, მარიამ წიკლაურს, თამარ ჯიქიას, გიორგი ფეიქრიშვილს, სანდრო სართანიას, ირაკლი ყანჩელს, ლუკა მაქსიმილიან კუპტაშვილს, სალომე გურჩიანს, ანი ჭიღლაძეს, თამარ ზურაბიანს, გიორგი ფანცულაიას, ერეკლე ტეფნაძეს, გოჩა ზედგინიძეს, ლუკა ბუთურიშვილს, ნათია ქოჩლაძეს, ეკატერინე ჭელიძეს, გიორგი მუმლაძეს, იამზე ქვარცხავას, ნათია მარგიანს, თამარ გედევანიშვილს, მაია გოგორიშვილს, ანანო მჭედლიშვილს, რეზი გურგენიძესა და გიორგი ფალავანდიშვილს.

ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰყავთ გულში – „მე ვიხდი!“  ჩეხეთის აეროპორტში ქართველი ქალის უანგარო საქციელმა ყველა აღაფრთოვანა -სოფო-თეო კვარაცხელია

,,ჩემი ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ, მთელი სიღრმით დამანახა, რომ საოცარი ერი ვართ — ყველაზე გამორჩეულები, თბილები და თითით საჩვენებლები!​მოგეხსენებათ, დღეს ჩეხეთიდან დავბრუნდით. აეროპორტში შემოწმების გავლისას ერთ-ერთი მოსწავლის ზურგჩანთის ზომა არ მოეწონათ და დამატებითი თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ჯგუფის წევრებს მხოლოდ ნაღდი ფული გვქონდა, მათ კი ქეში არ მიიღეს. თვითმფრინავში ჩასხდომა უკვე იწყებოდა — ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრესსა და ფორიაქში ვიყავით, წამები წყვეტდა ყველაფერს...​და სწორედ ამ კრიტიკულ წუთას, სრულიად უცხო ადამიანი მიუახლოვდა კონსულტანტს, უსიტყვოდ გაუწოდა საბანკო ბარათი და მტკიცედ უთხრა: „მე ვიხდი!“ ( არ იყო პატარა თანხაც...)​უნდა გენახათ ჩეხი კონსულტანტის გაოცებით სავსე თვალები, როცა იკითხა: „ნამდვილად თქვენ იხდით?!“ — მისთვის ეს წარმოუდგენელი იყო, ჩვენთვის კი — ემოციების ნამდვილი ქარიშხალი და სუნთქვის შემკვრელი სიამაყე!​ამქვეყნად ბევრი ბოროტებაც მინახავს და ბევრი სიკეთეც, მაგრამ თუ რამეს შეუძლია ჩემი სულის შეძვრა და უსაზღვრო აღფრთოვანება, სწორედ ასეთი უანგარო საქციელია.წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ადამიანი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოგიდგება მხარში ყველაზე რთულ დროს და გაძლევს ძალას, რომ დაბრკოლება გადალახო.ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰყავთ გულში... და საბედნიეროდ, ისინი ჩვენს გვერდით არც ისე ცოტანი არიან!​მე გიყვებით Ekaterine Ioseliani ეკატერინე იოსელიანზე..ადამიანზე, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ!ადამიანო, მე ღმერთი მიყვარს შენში !მადლობა, ქალბატონო ეკატერინე!''-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებელი სოფო-თეო კვარაცხელია წერს.

კაცი, რომლის სახლშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა.ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბინაში დაგროვილი გაზი მაშინ აფეთქდა, როდესაც კაცმა გამათბობლის ჩართვა სცადა.

იაგო ხვიჩია – პარტიების გაუქმების ფუნქცია აქვს ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას, ეს მიმართულია ხალხის წინააღმდეგ, წაართვას მას უფლებამოსილება, თვითონ შემოიყვანოს და გაიყვანოს პოლიტიკური...

პოლიტიკური პარტიების გაუქმება და პოლიტიკური ველიდან გაყვანა არის ფუნქცია, რომელიც აქვს ქართველ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.ხვიჩიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „რამდენად აქვს ხელისუფლებას ვალდებულებაც კი, სამართლებრივი გზით დაიცვას სისტემა, როდესაც პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება?“როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა დავინახოთ ფუნქციები, რა ფუნქცია აქვს ქართველ ხალხს და რა ფუნქციებს უთმობს ის მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.„რაღაც ფუნქციათა ნაწილი არის, რომელიც ხალხისგან გადაცემული აქვს ხელისუფლებას და მას ევალება, ეს ფუნქცია შეასრულოს, რაღაც ფუნქციები კი ისეთია, რომელიც ხალხს უშუალოდ თვითონ რჩება. პოლიტიკური პარტიების გაუქმება და პოლიტიკური ველიდან გაყვანა არის ის ფუნქცია, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას, ან ხელისუფლებას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური, თუ არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული დამნაშავე, მან პასუხი უნდა აგოს ინდივიდუალურად, სისხლისსამართლებრივად და ეს არის ხელისუფლების მოვალეობა, მაგრამ პარტიების აკრძალვა, რადგან მისი წევრები ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს, ეს მიმართულია არა ამ პარტიების, ან რომელიმე პოლიტიკოსთა წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, რომ ქართველ ხალხს წაართვას ერთადერთი უფლებამოსილება, თვითონ შემოიყვანოს და გაიყვანოს პოლიტიკური მოთამაშეები პოლიტიკური ველიდან.„როგორც ფუნქციონირებს ის დემოკრატიული სამყარო, სადაც საყოველთაო არჩევნების წესით ერთი ხმა უდრის ერთ ადამიანს? ეს წესები თანაბარია ყველასთვის და ხელისუფლებამ, რომელმაც დღეს 51% ან 54% აიღო, როგორც წინა არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, მას ექნება შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, 40% ვინც აიღო, მის ქმედებებში რა ტიპის ღალატი არსებობს, თან გადაწყვიტოს ისე, რომ ამ საქმეზე არ იდგეს სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ გადაწყვეტილებაც კი?! ჩვენ შეიძლება, გვაქვს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ, მაგრამ ანა წითლიძის სისხლის სამართლის დამნაშავეობის შესახებ ცნობა არ გვაქვს. ამიტომ, როდესაც ქართველ ხალხს ეუბნება „ქართული ოცნება“, მე თქვენზე ვზრუნავ, არ მინდა, თქვენ შეგაცდინოთ ვიღაცამ, თუნდაც აგენტებმა ან ვიღაცებმა, არასწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ და შემთხვევით, ჩვენ გარდა, სხვა არ მოგაყვანინოთ ხელისუფლებაში, ამიტომ მე ისინი უნდა ავკრძალოო, ეს ნაბიჯი არის გადადგმული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათი თავისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ხვიჩიამ.შეკითხვაზე, გასათვალისწინებელია თუ არა ის, რომ საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არსებობს, იაგო ხვიჩიამ კითხვითვე უპასუხა:„რა სისტემური დანაშაული ჩაიდინა ანა წითლიძემ? მიხეილ სააკაშვილი ისედაც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში. ვისზე ვლაპარაკობთ? ბატონ მერაბიშვილს და ადეიშვილსაც არ შევუწუხებივართ, მგონი, ბოლო პერიოდის განმავლობაში. ირაკლი ფავლენიშვილი ჩემი სტუდენტი იყო მაშინ, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და 2012 წლის არჩევნები ტარდებოდა. ახლა მე ვიღაც მეუბნება, ირაკლი ფავლენიშვილი და ანა წითლიძე უნდა ავკრძალოთ და ამით ჩვენ ქართულ დემოკრატიულ წესრიგს ვიცავთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ირაკლი მეზურნიშვილი – ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე,- ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ათენში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის რიგით 68-ე გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება.მისი თქმით, ძალიან აქტუალურია ისეთი საკითხი, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიმყოფებით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. აქ იმართება რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა გენერალურ დებატებში. ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური: შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის ზოგადად რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე მქონდა დღეს პატივი ეკონომიკური კომიტეტის წაყვანის. დღეს ასევე გაიმართა საინტერესო დებატები თვითონ კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ვხელმძღვანელობდი მე, როგორც პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტის რანგში და იქ იყო სხვადასხვა რეზოლუციები, სხვადასხვა რეკომენდაციები. აქტიურად არის საქართველო ჩართული ზოგადად პაბსეკის საქმიანობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ბოლო სიახლეები