ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 5.2 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო, სურსათის გამორიცხვით ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.4 პროცენტი შეადგინა. ასევე, მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.5 პროცენტის ფარგლებში, შენარჩუნდა. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ დაბალია (0 პროცენტი), დიდწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს საყურადღებოს ტოვებს.

სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი 2025-2026 წლებში მცირედით ზემოთ გადაიხედა, რაც, მეტწილად, სურსათის მაღალმა ინფლაციამ განაპირობა. მიმდინარე ცენტრალური პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება. სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს და მისი ეფექტები ეტაპობრივად იწურება. ცენტრალური სცენარიც სწორედ ასეთ განვითარებას მოიაზრებს. კერძოდ, აღნიშნული დინამიკა დროებითი ხასიათისაა და არ იწვევს ე.წ „მეორე რაუნდის“ ეფექტებს, რაც გულისხმობს, რომ ზეწოლა არ გადადის სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზე.

ამასთანავე, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად უბრუნდება თავის გრძელვადიან ზრდის ტემპს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ–სექტემბერში რეალური მშპ საშუალოდ 7.7%-ით გაიზარდა. ერთობლივი მოთხოვნის მის გრძელვადიან ტრენდთან დაახლოებას დამატებით ხელს უწყობს, ფინანსურ ბაზარზე ფინანსური პირობების გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნება. ეს უკანასკნელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების დინამიკაში აისახება.

მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.

მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომელიც მპკ-მ განიხილა, ერთი მხრივ, მოიაზრებს გლობალური ინფლაციური რისკების რეალიზებას. კერძოდ, აშშ-ს სატარიფო პოლიტიკის ხელახალი გამწვავება, გლობალურად ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაააქტიურებს და შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მიწოდების ჯაჭვებზე. ეს კი საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული ტიპის საქონლის ფასების დამატებითი ზრდის რისკებს აძლიერებს. ამ სცენარით, სატარიფო პოლიტიკასთან ერთად, გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაციის რისკებიც საყურადღებოა, რადგანაც იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების ფასებზე.

მაღალინფლაციური სცენარი ეგზოგენურ ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური რისკების რეალიზებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, ფასების საერთო დონის მიზნობრივზე მაღალი ზრდის ხანგრძლივად შენარჩუნებამ შესაძლოა ინფლაციური მოლოდინები გააძლიეროს. ამავდროულად, თუ ასეთ ვითარებაში, ერთობლივი მოთხოვნა მის პოტენციურ დონეზე ძლიერი შენარჩუნდება, მოთხოვნის მხრიდან ფასებზე წნეხი გაძლიერდება. ამ რისკების რეალიზება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებას მოითხოვს.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, ეს სცენარი, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზების მსგავსად, მოიაზრებს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად კლებად ტენდენციას, რომელიც მიწოდების ზრდისა და გლობალური მოთხოვნის შენელების ასახვა იქნება. ამავდროულად, ამ სცენარით, დოლარის გლობალურად შესუსტებული პოზიციის ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდება, რაც იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. დამატებით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციები ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობებს აძლიერებს.

მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. თუმცა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯარიმა 1000 ლარი იქნება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“ შედის

5 ნოემბერს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები განიხილეს.მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ცვლილებები მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას.როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად, წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას. თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება დამატებით სამედიცინო კვლევის ჩატარება. მისი თქმით, ცვლილებებით ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი.კერძოდ, თუ წვევამდელი თავს აარიდებს დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს, ის 1000 ლარით დაჯარიმდება.“რაც შეეხება ამ დამატებით სახდელს, უკვე მოქმედ ნორმებში არის სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამატებითი კვლევები იყო საჭირო და იმ დამატებით კვლევებს როდესაც შესთავაზებენ, ამ შემთხვევაში გამოუცხადებლობაც იყოს ნორმაში შემოთავაზებული.დამატებით კვლევებზე გამოცხადება განისაზღვრება ერთი კვირის ვადაში, შეიძლება რამდენიმე დღის ვადაში დ თუ ხდება ეს არიდება არასაპატიო მიზეზით, როცა რაღაც ვალდებულების ნორმა არსებობს, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობაც უნდა იყოს და სწორედ ეს შემოთავაზებაა. რადგანაც დაემატა კოდექსში, რომ ითვალისწინებს დამატებით კვლევას, ასევე აქ გამოუცხადებლობაც იქნება პასუხისმგებლობა”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური“ და „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება: „მეთაური“.გრიგოლ გიორგაძის თქმით, კოდექსის მოქმედი რედაქცია არასრულწლოვანის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვისას ითვალისწინებდა მხოლოდ მშობლის თანხმობას. ცვლილებებით კი ზუსტდება ვინ შეიძლება იყოს თანხმობის გამცემი. „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“.მისივე თქმით, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება შედის მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭების მიზნით. კერძოდ, სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ზედამხედველობას გაუწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ „თავდაცვის კოდექსით“ დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფინანსური სახსრების ხარჯვას.

დიმიტრი მედვედევი – არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა, ალბათ, არც თავად იცის, მაგრამ ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების...

არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა - ალბათ, არც თავად იცის, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვების სიტყვებზე შედეგები გარდაუვალია და რუსეთი იძულებული გახდება, თავად შეაფასოს ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა.„არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა. (ალბათ, არც თავად იცის). მაგრამ, ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების შედეგები გარდაუვალია: რუსეთი იძულებული იქნება, რომ სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა თავად შეაფასოს“, - წერს მედვედევი.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ, „სერიოზული საკითხი“ უწოდა.ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა.

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად ამავე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის...

არის ქვეყნები, სადაც ზუსტად ამავე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ერთი ხელწერაა, რადგან ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა.„ეს არის უცხოელი აგენტების აქცია ჩვეულებრივი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად ამავე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები. ერთი ხელწერაა, რადგან ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას. საქართველოშიც იგივეა. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება, 100%-ით ყველა აგენტია, მაგრამ ეს პროცესები თავისი არსით არის მართული უცხოური ძალების მიერ, უცხოელი აგენტების დახმარებით და ისინი ცდილობენ, შექმნან რაღაც ილუზია. სინამდვილეში, არავითარი პროტესტი არ არსებობს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერმა.

ანა წითლიძე – ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რა როლი ჰქონდათ ნიკა გილაურს, პალიკო კუბლაშვილს

ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს, რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს, როგორ მოხდა 13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ადამიანების გაყვანა? –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.კითხვაზე, რატომ არ თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებამდე, რომ იქმნება კოალიცია ივანიშვილის ხელდასმით, ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით პარტიის დასასუსტებლად, ანა წითლიძემ უპასუხა, რომ „ეს იყო შეცდომა“.„ეს კითხვა ჩემთან არ არის, რადგან მე, მათ შორის, საჯაროდ კამპანიას განმავლობაში ამაზე ვწერდი და ვსვამდი კითხვებს გილაურთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი საკითხზე მანამდეც უნდა ყოფილიყო მკაფიო, თუნდაც საარჩევნოდ. მიშა, ჩემგან განსხვავებით, დიდსულოვანია და შეუძლია, ბევრ მოღალატეს აპატიოს, მათ შორის, თუ ნახავს რესურსს, რომ ეს ადამიანები ამას გადააფასებენ. მე მგონია, რომ ადამიანებს, ყველას, უნდა ჰქონდეს შანსი და ამ ერთობაში ყველას უნდა ჰქონდეს შანსი. არ ვამბობ, რომ ვინმე უშეცდომო იყო, უბრალოდ ვინ – მეტად, ვინ – ნაკლებად. „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონია შეცდომები, მაგრამ „ნაციონალური  მოძრაობა“ ბიძინას ფულზე არასდროს არ შემჯდარა. ერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არავისთან არ მაქვს წითელი ხაზი, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს: რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს, რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს, როგორ მოხდა 13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ადამიანების გაყვანა, რაც კულუარებში ყველამ იცის? ამას პასუხები საჯაროდ უნდა გაეცეს. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ერთობა იქნება სიყალბე და ვერცერთი ერთობა ვერ იქნება მყარი და ეფექტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ადამიანმა თუ აღიარა შეცდომა და თქვა, რომ რაღაცაში შეცდა – ასეთ ადამიანს უნდა მიეცეს გადაფასების შესაძლებლობა და მეორე შანსი. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კულუარებში და დამალულად. ვიდრე პოლიტიკური პროცესი კულუარებიდან გარეთ არ გამოვა და საჯარო არ გახდება, ყოველთვის იქნება გაუგებრობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე-ჯაფარიძე ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, არ გამოსდით ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი სპეკულანტები, უცხოელი აგენტები არიან, რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან უცხოელი აგენტები და მოქმედებენ დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბობ მეიერთან ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში და ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, თუმცა არ გამოსდით, რაც ძალიან კარგია.„ამხელა საქმე წამოიწყეს არბიტრაჟში და ეს საქმე წააგეს. აქედანაც ჩანს და შემდეგ არც რცხვენიათ, რომ კიდევ აგრძელებენ ამ თემებზე საუბარს. რეალურად, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ ყველგან დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები