პარასკევი, ივლისი 10, 2026

ერდოღანმა ნატო-ს ლიდერებს პერსონალური რევოლვერები აჩუქა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარის სამიტის დასრულების, შემდეგ ნატო-ს ლიდერებს პერსონალური, საბრძოლო ვაზნებით დატენილი რევოლვერები გადასცა, რამაც საპატიო სტუმრები საგონებელში ჩააგდო და მათი უსაფრთხოების სამსახურების შეშფოთება გამოიწვია.

ამ ამბის დეტალები გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პირველი იყო, ვინც ეს უჩვეულო საჩუქარი ახსენა. ანკარის ორდღიანი სამიტიდან დაბრუნების შემდეგ, მან განაცხადა, რომ პერსონალური რევოლვერი მიიღო. მსგავსი საჩუქრები სხვა ლიდერებსაც გადაეცათ. იარაღთან ერთად, წითელ კოლოფში იდო ექვსი საბრძოლო ვაზნა და ჩანაწერი, რომელიც რევოლვერებს საექსპორტო კონტროლისგან ათავისუფლებდა.„ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტ ერდოღანისგან უჩვეულო საჩუქარი მივიღე – „მაგნუმის“ ტიპის რევოლვერი ვაზნებთან ერთად, რომელზეც ჩემი სახელია ამოტვიფრული“, – დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა მხოლოდ თვითმფრინავის სამშობლოში დაშვების შემდეგ გაიგო, თუ რა საჩუქარი მიიღო სამიტის მასპინძლისგან. მან რევოლვერი დაუყოვნებლივ გადასცა აეროპორტის პოლიციას სეიფში შესანახად. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას კუთვნილ იარაღებთან დაკავშირებული ფორმალობებიც ასევე დე ვევერის გუნდმა მოაგვარა, რადგან ორივე მათგანის რეზიდენცია ბრიუსელშია.

ფონ დერ ლაიენმა ერდოღანს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა. მისმა პრესსპიკერმა დასძინა, რომ დეაქტივაციის შემდეგ, რევოლვერს სამხედრო მუზეუმს გადასცემენ.

რამდენიმე რევოლვერი – მათ შორის სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რობ იეტენის კუთვნილი იარაღები – ამ დრომდე ანკარაში რჩება. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ კი რევოლვერი თან წაიღო, თუმცა საბრძოლო ვაზნები თურქეთში დატოვა. კანადელ ოფიციალურ პირებს ამის მიზეზი არ განუმარტავთ. რაც შეეხება შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის რევოლვერს, ქვეყანაში მას სტანდარტული პროცედურების შესაბამისად ჩაიტანენ.

სამიტებზე საჩუქრების გაცვლა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღება იშვიათად ხდება საჭირო. უჩვეულმა საჩუქარმა რამდენიმე დელეგაცია ძალიან გააოცა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიის შეკითხვებს არ უპასუხა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერს 14 ივლისს გახსნიან

ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე.„ევრონიუსის“ ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ელჩებმა მხარი დაუჭირეს მეექვსე კლასტერის გახსნის შესახებ საერთო პოზიციას, რომელიც საგარეო ურთიერთობებს მოიცავს.აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ირლანდიამ, ქვეყანამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.ოფიციალური ცერემონიები 14 ივლისს ბრიუსელში ცალ-ცალკე გაიმართება.„ევრონიუსის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოთხი კლასტერი კვლავ განსახილველი რჩება: მეორე კლასტერი (შიდა ბაზარი), მესამე კლასტერი (კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა), მეოთხე კლასტერი (მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირი) და მეხუთე კლასტერი (რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა).ევროკომისია მიიჩნევს, რომ როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა ტექნიკურად მზად არიან ყველა მათგანის გასახსნელად.თუმცა, შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებდა, რომ ეს „დაჩქარებული გაწევრიანების“ ტოლფასი იქნებოდა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან წევრობის მოლაპარაკებებს ძირს გამოუთხრიდა.

რუსეთის ვიცე-პრემიერი – უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის მხრივ არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს

უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის მხრივ არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.მან აღნიშნა, რომ რუსეთის საწვავის ბაზარზე დეფიციტი არსებობს, ვინაიდან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მწყობრიდან გამოდის დაბომბვების გამო.„უნდა ვაღიაროთ, რომ არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს. ან ხანდახან ბენზინგასამართი სადგურები არასტაბილურად მუშაობენ. დეფიციტი გასაგების მიზეზების გამო , იმის გამო, რომ ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნაწილობრივ მწყობრიდან გამოდიან რემონტისთვის მოხვედრის გამო“, - განაცხადა ნოვაკმა.ცნობისთვის, აქამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საწვავის ბაზარზე არსებულ პრობლემებს „დროებითი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსების შვებულებების პერიოდის ჩაშლის მცდელობებს უკავშირდება.

თორნიკე შენგელია საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში

ფიბა-მ გამოავლინა მსოფლიო ჩემპიონტის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო კალათბურთელები. MVP-დ ხორვატიის ნაკრების ლიდერი მარიო ჰეზონია დაასახელა.საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა:ნიკო მანიონი (იტალია), ტარიკ ბებეროვიჩი (თურქეთი), მარიო ჰეზონია (ხორვატია), მატეუშ პონიტკა (პოლონეთი), თორნიკე შენგელია (საქართველო).ფიბა-ს პუბლიკაციაში თოკოს შესახებ ვკითხულობთ: „პირველ საკვალიფიკაციოზე თორნიკე შენგელია „მონსტრი“ იყო. მისი 37 ქულითა და 10 მოხსნით საქართველომ ესპანეთი დაამარცხა. ეს საღამო ქართველ ქომაგს დიდხანს ემახსოვრება. ამ ტურნირზე ქართველი ვეტერანი საშუალოდ 21.3 ქულას, 7.2 მოხსნას, 2.5 პასს, 1.8 ჩაჭრასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა“.

სტუ-ის რექტორი გამორჩეული მკვლევრისა და ინჟინრის, გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული მკვლევრის, ინჟინრისა და პედაგოგის - პროფესორ გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და აკადემიური საბჭოს სახელით, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული კოლეგის - პროფესორ გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო.ბატონი გურამი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მომავალი თაობების აღზრდას. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელდა ქვეყნისთვის სტრატეგიული არაერთი პროექტი, ხოლო საინჟინრო და ეკონომიკურ მეცნიერებათა მიმართულებით მისი დანატოვარი მდიდარი აკადემიური მემკვიდრეობა - 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 12 სახელმძღვანელო - ფასდაუდებელი შენაძენია ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის.პროფესორმა გურამ ამყოლაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენერგეტიკის, საწარმოთა ეკონომიკისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების განვითარებაში. მისი მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მომავალი თაობებისთვის ყოველთვის დარჩება პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების მაგალითად. მის სახელს უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების, მათ შორის „საქენერგოს“ მართვის ავტომატიზებული სისტემების დამუშავება. გურამ ამყოლაძის სამეცნიერო ნაშრომებმა და სახელმძღვანელოებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ საინჟინრო და ეკონომიკურ აზროვნებაში.ჩვენი უნივერსიტეტის სახელით, გულწრფელად ვუთანაგრძნობ გურამ ამყოლაძის ოჯახს, მის კოლეგებს ენერგეტიკის ფაკულტეტიდან, ახლობლებსა და აღზრდილთა მრავალათასიან არმიას. ღვაწლმოსილი პედაგოგისა და კეთილშობილი პიროვნების ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, ტულუზის INP-ENSEEIHT (N7) უნივერსიტეტში სალექციო კურსს წაიკითხავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ სადოქტორო პროგრამის სტუდენტი რომან ცერცვაძე Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან საინჟინრო უმაღლეს სასწავლებელში - ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ში იმყოფებოდა.ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარმა აქტიური სამეცნიერო საქმიანობა ჩაატარა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, რის შედეგადაც მას მიეცა შესაძლებლობა აღნიშნულ უნივერსიტეტში სალექციო კურსი წაიკითხოს. რომან ცერცვაძე სტუდენტებს ლექციებს ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელების მიმართულებით ჩაუტარებს. სალექციო კურსი თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებს მოიცავს და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ი ევროპაში ელექტროტექნიკის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონიკის, ინფორმატიკისა და ჰიდრავლიკის მიმართულებით საინჟინრო განათლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ქართველი დოქტორანტის მიერ ამ უნივერსიტეტში სალექციო კურსის წაკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მაღალ დონეს და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დოქტორანტები საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში არა მხოლოდ კვლევით, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევიან. რომან ცერცვაძის მიერ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საინჟინრო უმაღლეს სკოლაში სალექციო კურსის წაკითხვა მისი მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, სამეცნიერო კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი აღიარებაა.ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელები თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური მიმართულებაა. დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად გადადის გიგაბიტურ კავშირგაბმულობაზე, 5G/6G ქსელების განვითარებაზე, დაბალორბიტალური სატელიტური სისტემების ინტეგრაციასა და გლობალური ინტერნეტკავშირის ახალი არქიტექტურის ფორმირებაზე, ამ სფეროში ჩატარებული კვლევები და მიღებული ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.ჩვენი დოქტორანტი სწორედ ამ აქტუალურ და სტრატეგიულ მიმართულებაზე წარადგენს სალექციო კურსს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. ეს არა მხოლოდ მისი პირადი წარმატებაა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სკოლისა და იმ კვლევითი პოტენციალის აღიარებაც, რომელიც უნივერსიტეტში ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ჩამოყალიბდა. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური აქტივობები ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებას და, საბოლოოდ, ქართული საინჟინრო განათლების ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში“, - აცხადებს დეკანი.დოქტორანტ რომან ცერცვაძის თქმით, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ში სამთვიანი აკადემიური ვიზიტი მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილებაა. როგორც ის აღნიშნავს, საერთაშორისო კვლევით გარემოში მუშაობამ შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინა ცოდნა თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ემუშავა უცხოელ მეცნიერებთან და ჩართულიყო აქტუალურ სამეცნიერო კვლევებში.„დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას და მომავალში ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. ეს პერიოდი ჩემთვის მხოლოდ აკადემიური გაცვლა არ ყოფილა. როგორც ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემების დოქტორანტს, მომეცა შესაძლებლობა მემუშავა საერთაშორისო კვლევით გარემოში, მიმეღო ახალი ცოდნა, გადამელახა ახალი გამოწვევები და მემუშავა მრავალფეროვან პროფესიულ თანამშრომლობებში. ამავდროულად, ტულუზაში ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო ახალი კულტურა, გამეცნო არაჩვეულებრივი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და შემექმნა მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება. გულწრფელად მადლობელი ვარ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელების, კოლეგებისა და ტულუზის INP-ENSEEIHT-ის მთელი საზოგადოების იმ მხარდაჭერის, წახალისებისა და თბილი მიღებისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ვიგრძენი. მართალია, ეს გაცვლითი პროგრამა დასრულდა, თუმცა ეს არ არის გამომშვიდობება. მოუთმენლად ველი დაბრუნებას ახალი მოტივაციით, ახალი იდეებითა და კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული გზის ნაწილი გახდა“, - აცხადებს რომან ცერცვაძე.

ბოლო სიახლეები