აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადასცემს უკრაინული მხარის თხოვნას რუსულ ობიექტებზე შორი მანძილის იარაღით დარტყმების ნებართვის შესახებ. განაცხადა ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლამისთან ერთად კიევში გამართულ პრესსკონფერენციაზე.
„ჩვენ განვიხილეთ შორ მანძილზე დარტყმები, ასევე რიგი სხვა საკითხები. ვგეგმავ ამ დისკუსიით ვაშინგტონში დაბრუნებას და პრეზიდენტის ინფორმირებას იმის შესახებ, რაც მოვისმინე“,- განაცხადა ბლინკენმა.
როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, რუსეთი ზრდის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამხედროებზე, რომლებიც იცავენ საკუთარ ქვეყანას.
„და ჩვენ ვხედავთ, რომ ირანმა რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც გააძლიერებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ თუ ვინმე ახდენს ესკალაციას, როგორც ჩანს, ეს რუსეთია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.