საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა იერუსალიმში მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც ისრაელის პოლიციამ ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეუზღუდა.
მაკრონმა ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, ხოლო პატრიარქსა და წმინდა მიწის ქრისტიანებს მხარი დაუჭირა. მისი თქმით, წმინდა ადგილებზე რელიგიური რიტუალების აღსრულების უფლება სულ უფრო იზღუდება და ეს შემაშფოთებელია.
„იერუსალიმში რელიგიური რიტუალების თავისუფლად აღსრულება ყველა რელიგიისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.
ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.

