შაბათი, მარტი 1, 2025

ემანუელ მაკრონი – ევროპელები უფრო ერთიანები და ძლიერები უნდა იყვნენ, ვიდრე ოდესმე

ევროპელები უფრო ერთიანები და ძლიერები უნდა იყვნენ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ზელენსკის მისცემს შესაძლებლობას, აუხსნას აშშ-ის პრეზიდენტს, თუ რა ხდება მის ქვეყანაში.

„ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი მიიღებს ზელენსკის ხვალ, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. უკრაინა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა: ეს არის ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის, სუვერენიტეტისთვის, და შემდეგ ეს არის ბრძოლა ევროპელების უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკიმ შეძლოს, აუხსნას ტრამპს, თუ რა დგას სასწორზე მის ქვეყანაში. მე შევეცადე, ამეხსნა ორშაბათს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, ასევე შემეხსენებინა ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობა. მაგრამ ევროპელებს დღეს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ ერთ რამეში: მათ სჭირდებათ იყვნენ ერთიანები და ძლიერები უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. და ამიტომ, კავშირი პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის არის ერთ-ერთი საფუძველი უფრო ძლიერი ევროპისთვის“, – განაცხადა მაკრონმა პორტუგალიის პარლამენტში ვიზიტისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაგო ხვიჩია – ტრამპი სამყაროს მთავარი ძალაა ახლა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამერიკულ პოლიტიკას და სინაკლულე, რაც ქართული პოლიტიკის სიკვდილით არის გამოწვეული, ავინაზღაუროთ

მინდა, რაღაცნაირად ვეცადო, გამოვისყიდო ის დანაშაული, რასაც ქართული ოპოზიცია და ენჯეოსექტორი ამ ხალხის წინაშე სჩადის, მათ შორის მედია სექტორი, რომელსაც რკინის ფარდა აქვს ჩამოფარებული საქართველოსთვის და არ ჰყვება სამყაროს მთავარი მოვლენების შესახებ, რასაც ეს ხალხი ახორციელებს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ეს არის თავისუფლების იდეის პირველი მერცხალი და პირველი გამარჯვებული სამყაროში, ბატონი ხავიერ მილეი; ბატონი დონალდ ტრამპი სამყაროს მთავარი გამბედავი ადამიანი და მთავარი ძალა ამ წუთას პოლიტიკაში, რომელიც ჩვენთან არ არსებობს და ჩვენი სამყაროს მთავარი თილისმა, ილონ მასკი, როგორც ყველაზე ნათელი გონების ადამიანი და მე მინდა, რაღაცნაირად ვეცადო, გამოვისყიდო ის დანაშაული, რასაც ქართული ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ამ ხალხის წინაშე სჩადის, მათ შორის მედია სექტორი, რომელსაც რკინის ფარდა აქვს ჩამოფარებული საქართველოსთვის და არ ჰყვება სამყაროს მთავარი მოვლენების შესახებ, რასაც ეს ხალხი ახორციელებს ამ წუთას და სინამდვილეში, კონცერტი გვაქვს მოწყობილი ქვეყანაში, რა კონცერტიც გვაქვს, სამწუხაროდ“, – განაცხადა ხვიჩიამ.იაგო ხვიჩიამ სტუდიაში მილეის, ტრამპის და მასკის ცვილის ფიგურები წარმოადგინა.მისი თქმით, ჩვენ უნდა ვუყუროთ აშშ-ს, დავაკვირდეთ, რა ხდება ამ ქვეყანაში, აშშ-ში ხელისუფლებაში მოვიდა საღი გონების ადამიანები და სამყაროში მოხდა რევოლუცია, რომელიც ქართული მედიის და პოლიტიკოსების მეცადინეობით ქართველმა ხალხმა ჯერ არ იცის.„მაგრამ რევოლუცია უკვე მომხდარია. ვარსკვლავი რომ ჩამოვარდა და შენ რომ ხედავ რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ასეა. მე მგონი, მთლად მილიონი წელი არ უნდა დაგვჭირდეს ამის დასანახად, მაგრამ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამერიკულ პოლიტიკას და ის სინაკლულე, რაც ქართული პოლიტიკის სიკვდილით არის გამოწვეული, ამით უნდა ავინაზღაუროთ. ჩემთვის ამ წუთას, ამ პროფესიაში საინტერესო მხოლოდ ის არის, რასაც ამერიკაში ეს ხალხი აკეთებს, ამერიკაში და არგენტინაში, ეს გამონაკლისია, როგორც მესია გამონაკლისი არგენტინაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა აისახოს ეს გლობალური პოლიტიკური პროცესები საქართველოზე, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ცუნამი სადღაც მოხდა, ტალღა ახლა მოდის და აქ ადამიანებს, ძირითადად ოპოზიციას ამ ხალხისთვის ომი აქვთ გამოცხადებული.„ჩემი აზრით, საქართველოში ტრამპისტები მარტო ჩვენ ვართ და მარტო ჩვენ გვესმის სინამდვილეში, რასაც ის ხალხი აკეთებს. ხელისუფლება მოჩვენებითად ტრამპისტია. მაგალითად, განათლების სამინისტროს იქ აუქმებენ, აქ ართულებენ, ისინი რეგულირებებს აუქმებენ, ხელისუფლება ამკაცრებს, ისინი გამოხატვის თავისუფლებაზე საყვედურს აძლევენ ევროპას და თვითონ გამოხატვის თავისუფლებაზე არნახულ მასშტაბებს აღწევენ, ჩვენ კი ამ დროს, გამოხატვის შემზღუდავ კანონმდებლობას ვიღებთ. სიტყვით, „ქართული ოცნება“ გამოდის და ტრამპის არგუმენტებით ელაპარაკება ოპოზიციას. ოპოზიციას, რომელიც იმდენად წყალწაღებულია, რომ მათიანებმა ცენტრში რომ წააგეს, ჯერ ვერ გაიგეს. მარტივ მაგალითს გეტყვით, თქვენ იცით, როგორი პირწავარდნილი ვოუქისტი და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი იყო ცუკერბერგი, „ვაშინგტონ პოსტი“ და იმათ მოიბოდიშეს, ღიად განაცხადეს, ჩვენ შევცვლით პოლიტიკას, ვცდებითო და ვერ ვხვდები, რა გახდა კრებსითი ინგა გრიგოლია საქართველოში, რომ ამათ შეცდომა არ აღიარონ? მოდის აყოლა ხომ ვიცით და მოდის აყოლა ახლა არის ბოდიშის მოხდა იმ ტყუილებზე, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ე.წ პოლიტკორექტულობის, იდენტობის პოლიტიკის და ა.შ, ათასნაირი სოციალისტური ბოდვების გამო მათ შორის, სამყაროში ძალიან ცნობილი მედიასაშუალებები აკეთებდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისი აზრით, შემცირდა, თუ გაიზარდა ოპოზიციის ამომრჩეველთა რაოდენობა და რა კონფიგურაციის მივიღებთ, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ წინა არჩევნებში მისი პარტია გამარჯვებული არ ყოფილა და არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში აწყობს, რადგან ხალხმა ის მაინც დაადგინა, რომ „გირჩი“ არავის მოსყიდული არ ყოფილა, თორემ ასე რომ ყოფილიყო, პარლამენტში რომელიმე მხარე შეიყვანდა, მაგრამ დანარჩენ ოპოზიციას რისი იმედი აქვს, არ იცის.

ილონ მასკი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა“, – დაწერა მასკმა.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

ბადრი ჯაფარიძე – არასდროს არსად არ ყოფილა თქმული, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში ან სანქცია უნდა დააწესო, რომლითაც, მაგალითად, ქართული ხილი არ...

არასოდეს არსად არ ყოფილა თქმული იმის თაობაზე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში ან სანქცია უნდა დააწესო, რომლითაც, მაგალითად, ქართული ხილი არ გაიყიდოს რუსეთში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„სერიოზული ხომ არ არის ამაზე საუბარი? საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო შეუერთდა კიდეც ფინანსურ სანქციებს. იმ სანქცირებულ პირებს, რომლებსაც ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს, არ აქვთ უფლება, საქართველოში შემოიტანონ კაპიტალი ან საბანკო ანგარიშები ჰქონდეთ. თუ ამას გააკეთებენ, მაშინ სანქცირებული იქნება ჩვენი ფინანსური სისტემაც. ის, რაც თავის დროზე ღარიბაშვილმა გააკეთა, ესეც იყო საოცარი ტყუილი. მან თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს, როცა ამ დროს საქართველო შეუერთდა ფინანსურ სანქციებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.ბადრი ჯაფარიძის ეს განცხადება იყო პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე: „შეიცვალა თუ არა ოპოზიციამ რიტორიკა რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, რადგან 2023 წლის 20 ნოემბერს „ლელომ“ წარადგინა რუსეთის გავლენების დასასრულებლად 9-პუნქტიანი გეგმა, სადაც პირველ პუნქტში ეწერა ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება, რომელიც, მათ შორის, მოიცავდა სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით სანქციებსაც“.წამყვანმა სტუმარს „ლელოს“ წევრების განცხადებებიც შეახსენა, სადაც ისინი რუსეთის მიმართ სანქციებთან არშეერთების გამო ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდნენ.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ ჰქონდა კრიტიკა და ბრალდებაც, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ისეთი პროდუქციის ტრანზიტის წყარო, რომელზეც არის დაწესებული სანქციები.გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ოპოზიცია საუბრობდა, თუმცა მოკვლევაც ჩატარდა და თბილისში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც დაადასტურა, რომ საქართველოში ამას ადგილი არ ჰქონია.საპასუხოდ ჯაფარიძემ აღნიშნა: „ჩვენ ვალდებული ვიყავით და ვალდებული ვართ, ამ თემაზე მუდმივი ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ. იმიტომ, რომ, მაგალითად, საქართველოდან მანქანების რეექსპორტი არის გაზრდილი მართლაც საოცარი რაოდენობით, ხოლო ეს მანქანები, მათ შორის, ფეშენებელური მანქანები მიემართება რუსეთში. მე რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა, არის დიდი კონტროლი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო არ იქნეს გამოყენებული, როგორც ტრანზიტის დერეფანი ისეთი ტიპის პროდუქციისთვის, რომელიც გამოიყენება რუსეთის აგრესიული სამხედრო მანქანის მიერ“.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ აგრძელებდა „ლელო“ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განცხადებებს და ამ თემით აპელირებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტის შემდეგაც, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არ არის საფუძველი, საქართველოს ტრანზიტად გამოყენება ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის არის მნიშვნელოვანი, მათი კოალიციის მხრიდან არცერთი განცხადება არ ყოფილა, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდა.ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რადგან არის დე ფაქტო, ქმედითუუნარო პარლამენტი, ქვეყანა არის სრულად იზოლირებული, უნგრეთის გარდა, საქართველოში არ ჩამოსულა არცერთი მაღალჩინოსანი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს, შეწყდა ყოველგვარი კონტაქტი საქართველოში ჩატარებული არადემოკრატიული არჩევნების გამო და ამიტომ ერთადერთი დემოკრატიული გამოსავალი არის არჩევნები.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რა თქმა უნდა, ომის შეჩერება მინდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიებით უნდა მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას ცოცხალი ძალის დანაკლისი აქვს, ამ დროს კი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე.„თუ შეგიძლიათ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ახლა, გეუბნებით, რომ ისარგებლოთ ამით, რომ შეწყდეს ტყვიების ფრენა. მაგრამ ამბობთ, რომ არ გსურთ ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა ტრამპმა.საპასუხოდ ზელენსკიმ აღნიშნა: „რა თქმა უნდა, მინდა ომის შეჩერება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიებით უნდა მოხდეს“.თეთრ სახლში დონალდ ტრამპს, ჯეი დი ვენსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მწვავე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა – შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.„შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის.ტრამპის თქმით, ზელენსკი „მადლიერი“ უნდა იყოს.უკრაინის ლიდერს „უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წლიდან დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანეულ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთი ლიდერი შეიცვალა.დონალდ ტრამპის თქმით, ის არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის მხარეს. ამასთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ცუდი რამ თქვას რუსეთის ლიდერზე, შემდეგ კი ტელეფონი აიღოს და ვლადიმერ პუტინს ჰკითხოს, როგორ მიდის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან შეთანხმების მიღწევა ასე არ ხდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავსეა პუტინის მიმართ ზიზღით.ამასთან, ტრამპისა და ვენსის გაღიზიანება გამოიწვია ზელენსკის კომენტარმა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დროს პრობლემები ყველას აქვს, თუმცა ისინი ახლა ამას ვერ გრძნობენ, რადგან მათ შორის „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობენ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა არ არის იმ პოზიციაში, მათ უკარნახოს, რას იგრძნობენ.

ბოლო სიახლეები