ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

უეფა-ს ოფისში 21-წლამდე ნაკრებთა 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის ფინალურ ეტაპს სერბეთი და ალბანეთი უმასპინძლებენ.

ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რეიტინგით მე-17 ადგილზეა და წილისყრისას მეორე კალათაში მოხვდა. გაირკვა, რომ უმცროსი „ჯვაროსნები“ F ჯგუფში ითამაშებენ:F ჯგუფი: გერმანია, საქართველო, საბერძნეთი, ჩრ. ირლანდია, ლატვია, მალტა.

შესარჩევი ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში ხორვატია დაამარცხა და საკვალიფიკაციო ციკლიდან ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც სლოვაკეთი უმასპინძლებს, რამაზ სვანაძის 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში პოლონეთს, საფრანგეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსეთი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ელექტროენერგიის მიწოდებას დაჰპირდა და ფინანსური დახმარება გაუგზავნა

რუსული მედიის ინფორმაციით, „რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ევგენი გრაბჩაკი, გამოჩენილ აფხაზ პოლიტიკოსს, ბადრა გუნბას შეხვდა“. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დიდი მასშტაბის ენერგეტიკული კრიზისის დაწყებიდან პირველად, ელექტროენერგიის მარაგის საკითხების განხილვის შესაძლებლობა გამოჩნდა და რუსეთი მზად არის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის აფხაზეთისთვის. მედიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს შეხვდა რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, სადაც ითქვა, რომ აფხაზეთს ფინანსური დახმარება გაუგზავნეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის. ბადრა გუნბასთან შეხვედრა გამართა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რომან სტაროვიტმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გამშვები პუნქტების შესაძლებლობები ერთნახევარჯერ გაიზრდება. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთთან ურთიერთქმედების გაძლიერებით. ლავროვის თქმით, მოსკოვში მოელიან აეროპორტის გახსნას სოხუმში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას. ცნობისთვის, ბადრა გუნბა 2024 წლის ნოემბრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, თუმცა რუსულ მედიას ის ამ სტატუსით არ მოუხსენიებია.

თეთრი სახლი USAID-ის მიერ სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითს აქვეყნებს

თეთრი სახლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენმე მაგალითს აქვეყნებს. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ათწლეულების განმავლობაში სააგენტო არ იყო ანგარიშვალდებული გადასახადების გადამხდელების წინაშე, რადგან ის დიდ თანხებს მიმართავდა „ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელ სასაცილო, ხშირ შემთხვევაში კი, მავნებლური პროექტებისთვის“, პრაქტიკულად ზედამხედველობის გარეშე. თეთრი სახლის ჩამონათვალში შემდეგი მაგალითებია მოყვანილი: 1,5 მილიონი დოლარი „სერბეთის სამუშაო ადგილებსა და ბიზნესსაზოგადოებებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებისთვის“; 70 ათასი დოლარი ირლანდიაში მრავალფეროვნების, თანასწრობისა და ინკლუზიურობის (DEI) მიუზიკლის შექმნისთვის; 2,5 მილიონი დოლარი ვიეტნამისთვის ელექტრომანქანებისთვის; 47 ათასი დოლარი კოლუმბიაში „ტრანსგენდერული ოპერისთვის“; 32 ათასი დოლარი პერუში „ტრანსგენდერული კომიქსისთვის“; 2 მილიონი დოლარი გვატემალაში სქესის შეცვლისა და „ლგბტ აქტივიზმისთვის“; ექვსი მილიონი დოლარი ეგვიპტეში ტურიზმისთვის; ასობით ათასი დოლარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, მას შემდეგაც კი, რაც გენერალურმა ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო; მილიონობით დოლარი EcoHealth Alliance-სთვის, რომელიც ჩართული იყო უხანის ლაბორატორიაში კვლევებში; კვების ასობით ათასი პორცია, რომელიც მიიღეს „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებულემა მებრძოლებმა სირიაში; განვითარებად ქვეყნებში „პერსონალიზებული“ კონტრაცეპტივების ბეჭდვის დაფინანსება; ასობით მილიონი დოლარი „საირიგაციო არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და სასუქის დასაფინანსებლად, ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოების მხარდასაჭერად“, რაც თალიბებისთვის სარგებლის მომტანია. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სია გრძელია და მსგავსი პროექტების დაფინანსება ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება.

პარლამენტმა შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებული “პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. საკითხი სხდომაზე განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭება მისთვის დამსახურებული იურიდიული სტატუსი და ჩამოყალიბდება როგორც სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი. მასში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი სტრუქტურითა და ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება კვლევით ცენტრს, მოხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია, მის ბალანსზე არსებული რესურსები კი პარლამენტს გადაეცემა. კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ასევე, პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებით, 2028 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ანუ მე-11 მოწვევის პარლამენტში, გარდამავალი დებულებით დაშვებული იქნება პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის სამი წევრის მიერ. ამ შემთხვევაში, წინაპირობა იქნება, რომ მასში გაერთიანებული უნდა იყვნენ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები, რომლებიც პარტიულ სიაში იყვნენ როგორც უპარტიოები, ან დატოვეს პოლიტიკური პარტია. პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი 85 ხმით მიიღო.

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, - წერს ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ბოლო სიახლეები