პარტია “ევროპული საქართველო” მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებაში ფართო კონსესუსია, ეს ძალიან ძლიერი სიგნალია.
“ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოხდეს. ჩვენ ჯერ კიდევ ივნისში გვაქვს დარეგისტრირებული მოთხოვნა, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს. 9 თვე გავიდა და ამ გამოძიებაში ძალიან კონკრეტული დარღვევებია დაფიქსირებული მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ჩანს, რომ გამოძიება არსებითად არ მიმდინარეობს. პარლამენტის ვალია, ჩავერიოთ ამ პროცესში და მოვიწვიოთ საგამოძიებო კომისია”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს აფგან მუხტარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მედიამ საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართეს.
12 თებერვალს ცნობილი გახდა, პარლამენტი მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნაზე იმსჯელებს.
უფრო ადრე მუხტარლის საქმეზე ადვოკატმა მთავარ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართა.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.