სამშაბათი, ოქტომბერი 7, 2025

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს, 518 ხმით მიიღო. რეფორმის წინააღმდეგ 96 დეპუტატი წავიდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა.

6 ოქტომბერს რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად, მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის განმარტებით, რეფორმის შემდეგ, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.

რეფორმის მიხედვით, ევროკომისიას შეეძლება არა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის შეაჩეროს უვიზო რეჟიმი. მაგალითად, შესაძლოა, შეაჩერონ მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის, დიპლომატებისთვის ან სამხედრო პირებისთვის.

17 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა, სავარაუდოდ, დეკემბრის თვიდან მოხდება.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – საზოგადოება რევოლუციური კომიტეტის წევრებისგან სიმართლეს იმსახურებს

რევოლუციის ლოგიკა ცინიკურია, ოლიმპიური სისტემასავითაა – წააგე-წადი (ციხეში), თუ გაიმარჯვებ, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. სწორედ ამ თავგანწირვისთვის იმსახურებენ რევოლუციური კომიტეტის წევრები პატივისცემას, თანაგრძნობას, მხარდაჭერას, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მათგან სიმართლეს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.ნიკა გვარამია ასევე წერს, როგორ შეიძლება განვითარდეს პროტესტი უახლოეს კვირებში.„არ ვაპირებ არც ჭკუის დარიგებას, არც უფლებას მივცემ ჩემს თავს, ინფორმაციული შიმშილის პირობებში კონსპირაციებს მივყო ხელი. დღეს კი მთავარი მინდოდა მეთქვა: პროტესტმა გაუძლო ერთ დღეში განხორციელებულ უმძიმეს ორმაგ დარტყმას და 24 საათიც არ დასჭირდა, რომ იმავე დროს, იმავე ადგილიდან ხმამაღლა ეთქვა, ჩვენ ისევ აქ ვართ! ჩვენ ვაგრძელებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ! ახლა ყველაზე ცუდი სიტყვები/განწყობები არის „ხომ ვამბობდი“, „ესენი ვინ ყოფილან“ და მსგავსები. ჩემს მეგობრებს და მათ, ვისთვისაც ჩემი პოზიცია საინტერესო და გასათვალისწინებელია, მინდა, შევახსენო: მორალურ უპირატესობას ნიშნისმოგება არ სჭირდება, პირიქით, დაგაკარგვინებთ. მართალი რომ იყავი, იმაზე უსასრულო ლაპარაკი, სიმართლეს აუფერულებს. მესმის, რომ ბოლო სამი თვე უმძიმესი გქონდათ. ყველაზე რთული მდგომარეობა იყო, რადგან ორივე მხრიდან დარტყმებს იღებდით. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ აპლოდისმენტებისათვის და ნიშნის მოგებისათვის ხომ არ ვაკეთებდით ამას? ხომ საერთო საქმისთვის ვაკეთებდით? ხოდა ამ საქმეს ახლა ნიშნისმოგება კი არა, გადაფურცლა სჭირდება.რევოლუციის ლოგიკა ცინიკურია: ოლიმპიური სისტემასავითაა – წააგე-წადი (ციხეში), თუ გაიმარჯვებ, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. არ მგონია, ეს ვინმეს არ სცოდნოდა. ამიტომაცაა უმძიმესი ტვირთი მისი საკუთარ მხრებზე წამოკიდება და სწორედ ამ თავგანწირვისთვის იმსახურებენ რევოლუციური კომიტეტის წევრები პატივისცემას, თანაგრძნობას და მხარდაჭერას, ცხადია, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მათგან სიმართლეს.ახლა რა მგონია „წინ ბევრი საქმე“. ბიძინას ყველაზე მეტად რა ტკივა, ეს კარგად ჩანს და არჩევნების დღეს მის მედიის წინაშე გამოჩენაშიც ცხადად იგრძნობოდა. ესაა სანქციები და ამ სანქციებამდე უმნიშვნელოვანესი გზა გავიარეთ ყველამ ერთად. სამი საყრდენი აქვს ამ წარმატებას და 4 ოქტომბრის ორმაგი დარტყმის ამოცანა სამივეს ჩამოშლა იყო.პირველი, ოპოზიციის ართანამშრომლობა. ამ მხრივ უმთავრესი იყო და რჩება ოპოზიციის უარი საპარლამენტო მანდატებზე. ამაზე მნიშვნელოვანი არც ფორმით და არც შინაარსით, არაფერი გაგვიკეთებია პოლიტიკოსებს. სწორედ ამის პირდაპირი შედეგია რეჟიმის არალეგიტიმურობა, რაც, თავის მხრივ, მთავარი (მაგრამ არასაკმარისი) წინაპირობაა ქოცების საერთაშორისო იზოლაციის და სანქციების. ამის გადახედვა უბრალოდ დაუშვებელია. ლეგიტიმაციის მიმართულებით დარტყმა იყო არჩევნებში მეინსტრიმული პარტიების შეთრევა. საბედნიეროდ, მათი მონაწილეობით „თვითმმართველობის არჩევნების“ შედეგები ლეგიტიმური ვერ გახდა – ბევრგან 100%-იანი შედეგები, არც ერთი რეალური დამკვირვებელი, თბილისში ისტორიაში უმდაბლესი გამოცხადება – 1/3-ზე ნაკლები (და რომ არ შესულიყო ოპოზიცია, საერთოდ ¼ არ იქნებოდა). ყველაფერ ამან განაპირობა უკვე ამ არჩევნების არაღიარებაც და ამჯერად კალაძის სტატუსიც „ე.წ. მერია“. არცერთი საერთაშორისო მილოცვაც არ არსებობს, პირიქით – უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურებებია. ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ. მოკლედ ბოიკოტი შედგა, არჩევნები კი ვერა. ეს ყველაფერი არამც და არამც არ მიმაჩნია არჩევნებში მონაწილეთა მიმართ თავდასხმების საფუძვლად. პირიქით, კვლავ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთამდე მისასვლელი გზა. მეორეს მხრივ, პირიქით, არჩევნებში მონაწილეთა მხრიდან თავდასხმები უკიდურესად გასაკვირია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კოალიციის მიერ გინდ მანდატებზე უარი, გინდ არჩევნებში არშესვლა ზევიდან-ქვევით ვერტიკალში არ გადაწყვეტილა. პირიქით, ამომრჩეველმა მოითხოვა ეს ჩვენგან და ჩვენც მათი მოთხოვნის ადეკვატურები ვიყავით.მეორე – ოპოზიციის უცხოელებთან მუშაობა. აქამდე ეს უკიდურესად წარმატებულად მიდიოდა და, მჯერა, პირველ რიგში, ამიტომაა დაპატიმრებული პოლიტიკურ ლიდერთა დიდი ნაწილი, რაც ოპოზიციის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.მესამე და მთავარი – პროტესტი. პროტესტს დღეს პირველი და მეორე ფუნქციაც აქვს შეთავსებული: პარლამენტში ოპოზიციის შესვლის პრევენცია და სანქციებზე მუშაობა. ამიტომაც, ვფიქრობ, დიდი აქციებია საჭირო: ერთ შაბათს დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით „დაასანქცირეთ ბიძინა“, მეორე შაბათს ევროკავშირის და საქართველოს დროშებით „დაასანქცირეთ რეჟიმი“, მესამე შაბათს ამერიკის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით მიიღეთ MEGOBARI ACT. ეს კონკრეტულ მიზანსაც დასახავს, საერთაშორისო მედიის და პოლიტიკის რადარებზეც დააბრუნებს პროტესტს, დიდი ალბათობით, წარმატებასაც მიაღწევს და ასე საჭირო გამარჯვებების გამოცდილებას განაახლებს. მე ასე ვხედავ პროტესტის განვითარებას უახლოეს კვირებში, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 313 დღე. ბოლოს, კვლავ გილოცავთ გამარჯვებას უმძიმეს გამოწვევაზე და ჩემ თავსაც ვულოცავ თქვენნაირი გაუტეხელი პატრიოტების თანამებრძოლობის პატივს. ოლიგარქია უნდა დაემხოს! გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს ნიკა გვარამია.

პოლონეთში ანგელა მერკელის მიერ უკრაინის ომზე გაკეთებული განცხადება გააკრიტიკეს – „რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებაში მთავარი ბრალი მერკელს მიუძღვის“

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას პოლონელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.საუბარია გამოცემა „პარტიზანთან“ ინტერვიუზე, რომელშიც ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ 2021 წლის ივნისში „იგრძნო, რომ პუტინი მეტად აღარ აღიქვამს სერიოზულად „მინსკის შეთანხმებას“.ყოფილი კანცლერის თქმით, მაშინ მოინდობა კრემლთან მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნა, თუმცა ამ იდეას ხორცი არ შეესხა, რის მიზეზადაც მერკელმა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგობა დაასახელა. საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მერკელის ამ სიტყვების დაჯერება არ ღირს.„ამ განცხადებას ისეთივე ინტერპრეტაციას ვაძლევ, როგორიცაა, მაგალითად, კანცლერის განცხადება,  თითქოს ცენტრალურ ევროპაში არავინ გამოდიოდა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ წინააღმდეგ. შეგახსენებთ, მაშინ მე ვამბობდი, რომ არ მოგვწონს შეთანხმებები, რომლებსაც ჩვენს ზურგს უკან აფორმებენ. კანცლერს ალბათ დაავიწყდა, როგორ გამოიყურებოდა ეს მაშინ და რას აკეთებდა მისი მთავრობა“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.ანგელა მერკელის განცხადება პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გააკრიტიკა. მისი თქმით, რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებაში მთავარი ბრალი მერკელს მიუძღვის.„მერკელმა აირჩია პუტინი, მისი სიტყვებიდან კი ისე ჩანს, რომ დამნაშავე კანცლერი კი არაა, რომელმაც ევროპა რუსეთზე დამოკიდებული გახდა, არამედ პოლონეთი, რომელიც ყველას აფრთხილებდა პუტინის საფრთხეზე? ეს გროტესკია, მსხვერპლისა და დამნაშავის ჩანაცვლება. მერკელმა აირჩია კომპრომისი რუსეთთან, მაგრამ ომი მაინც მოვიდა. ახლა კი, პოლონეთს ადანაშაულებს“, – დაწერა სოციალურ ქსელში მატეუშ მორავიეცკიმ.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორ წიქვაძე აღნიშნავს, ამერიკულ გამოცემაში ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატია არის შეკვეთილი, დაფინანსებული და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ 2025 წლის 5 ოქტომბერს The New York Times-ში დაიბეჭდა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ჟურნალისტი Philip Shishkin-ისათვის დაკვეთილი სტატია, რომლის ,,საგანი“ უნდა ყოფილიყო დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საკითხები.აღნიშნული სტატია კარგი მაგალითია იმისა, რომ The New York Times, ისევე როგორც The Guardian, ზუსტად იგივე გავლენის ქვეშ არიან და მოქმედებენ, როგორც ლოკალური, ანგაჟირებული მედიები, რომლებიც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსუყედ ფინანსდებიან მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ, მოპარული აქტივების ხარჯზე.როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მიერ სტატიაში ასახულ და უაპელაციოდ გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები. დაზარალებული მხარის პოზიციები, ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხები კი გადმოცემულია ზოგადი, აბსტრაქტული სახით იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად წარმოჩენილიყო თითქოსდა მათი სისუსტე, დაუსაბუთებლობა. ამავდროულად, მნიშვნელოვან კითხვებზე დაზარალებული მხარის ამომწურავი, დასაბუთებული პასუხები, რომლებიც სტატიის დამკვეთებისა და შემსრულებლების მხრიდან მათთვის არამომგებიანად იქნა მიჩნეული, საერთოდ არ არის ასახული ტექსტში (მაგალითად, საქმის პოლიტიკურ მოტივაციასთან და თითქოსდა ბაჩიაშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან, მხარეებს შორის მორიგების მცდელობასთან, ბაჩიაშვილის მიერ თავისივე ჩვენებებზე უარის თქმასთან, ციხეში თითქოს სამარტოო საკანში ყოფნასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაცემული პასუხები). დეტალურ განხილვაში არც კი შევალ, რადგან აღნიშნულის ღირსნი არ არიან უკიდურესად არაკეთილსინდისიერად მოქმედი დაინტერესებული პირები.ამავდროულად, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სტატია აშკარად გაცდენილია ,,განხილვის საგანს“, ბაჩიაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისების საკითხის ფარგლებს. მასში საუბარია პოლიტიკური შინაარსის/დატვირთვის მქონე საკითხებზე (მაგალითად, „გაყალბებულ არჩევნებზე“, ავტორიტარიზმზე, ერთი პირის მიერ ძალაუფლების ხელშე ჩაგდებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში-მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნგრეთში და ა.შ), რაც იმაზე მეტყველებს, რომ არც ბაჩიაშვილია მხოლოდ დამკვეთის როლში და ბევრად უფრო ღრმა პროცესებთან გვაქვს საქმე. ამასთან, ამ შემთხვევაშიც, სტატიის ავტორი გვევლინება არა როგორც ობიექტური მთხრობელი, არამედ პირდაპირ შეფასებებსა და დასკვნებს სთავაზობს მკითხველს, როგორც ჭეშმარიტებას.ამ ფონზე, ადამიანს შესაძლოა გარკვეული იმედგაცრუებაც კი დაეუფლოს, რადგან მაინც მსოფლიოს მაშტაბით ცნობილ მედიასაშუალებებზეა საუბარი. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტიც კი, იძულებული გახდა The New York Times-ის წინააღმდეგ ცილისწამების გამო სარჩელი შეეტანა ფლორიდის სასამართლოში, გარკვეულწილად ყველაფერს ნათელს ხდის და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის გონებაში არ ტოვებს იმედგაცრუებისთვის ადგილს.ბატონი დონალდ ტრამპის შეფასებით, მან სარჩელი შეიტანა რადიკალი მემარცხენეების მიერ მხარდაჭერილი „ქვეყნის ისტრორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ“, ხოლო სარჩელით აღნიშნულ მედიას ედავება ბოროტი განზრახვით დამახინჯებული და ტყუილებით სავსე ინფორმაციის გავრცელებას.როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამას ამბობს, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ის სტატია, რაც ბაჩიაშვილის საქმესთან (არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, საკითხების ბევრად უფრო ფართო სპექტრს ეხება სტატიის ტექსტი) დაკავშირებით გამოქვეყნდა, არის შეკვეთილი, დაფინანსებული და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ნათელია, რომ გარკვეული ისტორიისა და ოდესღაც რეპუტაციის მქონე ეს მსხვილი „მედიები“, დღეს არაფრით განსხვავდებიან ლოკალური (ვგულისხმობ საქართველოში მოქმედ ზოგიერთ მედიას), ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე „მედიებისგან“, მოქმედებენ იგივე პრინციპებითა და მიზნებით, რაც ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ამავდრულად“, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერი დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს.როგორც ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ყველა ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა იყოს წარდგენილი.„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ. წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობაა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა. ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილის. რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, ვინმეს თუ ჰყავს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბატონო პროკურორებო, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მესამე – სტრატეგიული ობიექტების დაკავება. ეს სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის ხალხს და იქ უნდა ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ხალხს ემსახურებიან. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიტაცებული ხელისუფლების გამო, ამ შენობებში სხედან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან, როგორ მოიპარონ და როგორ იცხოვრონ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს.რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას. ვინმეს თუ უნდა, სადმე წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას და მის გუნდს არ გავახარებ. პატიმრობა თუ იქნება გამოყენებული, ამას მოცემულობად მივიღებ. პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია. მადლობა მათ ბრძოლისთვის“,  – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ირაკლი ნადირაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. 

ტრამპი: ჩვენ დავადგენთ, ვინ უტევს ჩვენს ფედერალურ ოფიცრებს, და უმკაცრესი რეაგირება გვექნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩიკაგოში სამართალდამცველებზე მომხდარი თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.ტრამპის თქმით, ფედერალურ ოფიცრებზე თავდამსხმელები უმკაცრესად დაისჯებიან. ამერიკის პრეზიდენტის შეფასებით, პორტლენდსა და ჩიკაგოში მისი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები და არეულობები კრიმინალური აჯანყებაა.ტრამპი ამერიკის იმ ქალაქებში, სადაც კრიმინალი და არეულობაა, წესრიგის აღდგენას ეროვნული გვარდიის დახმარებით გეგმავს.„ჩვენ დავადგენთ ვინ უტევს ჩვენს ფედერალურ ოფიცრებს, და უმკაცრესი რეაგირება გვექნება. პორტლენდს ცეცხლი უკიდია. ვფიქრობ, ეს კრიმინალური აჯანყებაა. ამ ქალაქებს უსაფრთხოს გავხდით. ეს გავაკეთეთ ვაშინგტონში, ამას ვაკეთებთ მემფისში. ჩვენ თითოეულ ქალაქში შევალთ. რიგით მოქალაქეებს არ აწუხებთ ეროვნული გვარდია. მათთვის მთავარია უსაფრთხოება“, - განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები