ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირსა და ,,მერკოსურის” ქვეყნებს შორის გაფორმებული ისტორიული სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოს გადაეგზავნება. შესაბამის წინადადებას ევროდეპუტატებმა დღეს გამართულ კენჭისყრაზე დაუჭირეს მხარი.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ევროკავშირის სასამართლოს სთხოვს, გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა შეთანხმების ცალკეული ნაწილები ევროკავშირის ხელშეკრულებებს.
მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შეთანხმებაში ჩადებული მექანიზმი, რომელიც ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაისა და ურუგვაის მისცემს შესაძლებლობას, გაასაჩივრონ ევროკავშირის კანონმდებლობა, თუ ის საფრთხეს შეუქმნის შეთანხმებით მინიჭებულ ბაზარზე წვდომას.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შეიძლება, მომავალში მდგრადობისა და გარემოს დაცვის წესებსაც შეეხოს.
სასამართლოს შესაძლოა, ერთ წელზე მეტი დასჭირდეს დასკვნის გამოსატანად და შესაძლოა, შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას გახდეს საჭირო.
ამ დროის განმავლობაში რატიფიკაციის პროცესი შეჩერდება.
მიუხედავად ამისა ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ევროკომისიამ შესაძლოა მაინც სცადოს შეთანხმების დროებითი ამოქმედება.
ევროპარლამენტში კენჭისყრა გაიმართა სტრასბურგში ფერმერების მწვავე პროტესტის ფონზე.

