ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი – „ქართული ოცნება“ უარყოფს გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას, ამიტომაც უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მისი ჩამოგდება

„ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას, ამიტომაც უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მისი ჩამოგდება, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, „ქართული ოცნების“ პრორუსულ პარტიად მოხსენიება არის თაღლითობა.

„ქართული ოცნების“ პრორუსულ პარტიად მოხსენიება თაღლითობაა. ეს არის პატრიოტთა მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ვოუქიზმს, გლობალიზმსა და ომის პოლიტიკას. სწორედ ამიტომ სურთ ფონ დერ ლაიენსა და სოროსს მისი დამხობა და ამიტომაც იმყოფება პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში მათ მხარდასაჭერად“, – წერს მარიანი.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რატი ბრეგაძე: “გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ორბელიანის სასახლეში ოპოზიციის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს. "გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს. ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული იმიტომ. სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა." - წერს რატი ბრეგაძე.  

პრემიერი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია – ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება

პრემიერის თქმით,  მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო  2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება. "გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ  ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც გვეკისრება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო მიაღწევს 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისთვის, მათ შორის არის საჭირო ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით ეკონომიკის ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს. ამიტომ, ყველა მიმართულებით განვითარებას აქვს მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრეზიდენტი: ქართული ქარტია და ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი

ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი, ალტერნატივა და ამის უკან ყველა არის ერთიანი, – ასე მიმართა პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. „დიასპორაში ასევე იყო წართმეული ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომლებიც მივიდა უბნამდე, ნათლად აჩვენებს, სად არის საქართველოს ხალხის ნება, მაგრამ ძალიან ცოტა ხმა წამოვიდა, რათა არ შეეშალა ხელი აქ დაწერილ შედეგებზე. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო შედეგები. ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ამ დღეებში და რასაც კიდევ გავაკეთებთ ერთად. პოლიტიკური პარტიები არიან ისინი, რომლებმაც უნდა წარადგინონ პოლიტიკური ხედვა. სხვადასხვა პარტია არის, ეს არ არის რაღაც ხელოვნური ერთობა. ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი, ალტერნატივა და ამის უკან ყველა არის ერთიანი. თქვენ რომ მიეცით ხმა მათ, მიეცით ხმა ევროპას, მომავალს, მიეცით ხმა საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: 43 % – ანი სხვაობა პირველ ადგილოსან “ქართულ ოცნებასა” და შემდეგ ადგილოსანს შორის, ეს არის განაჩენი ოპოზიციას იმისთვის, რომ ისინი ყიდიან საქართველოს...

"მთავარი მიზანი რაც მათ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ეს მიზანი ვერ შეასრულეს და ახლა ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა ოპოზიციას იმისთვის, რომ აპირებდნენ დაეწესებინათ სანქციები, იმისთვის, რომ ისინი ყიდიან საქართველოს ინტერესებს სხვებზე, გასცა პასუხი და მიუჩინა სამარცხვინო ადგილი დემოკრატიულ სივრცეში. „26-ში საღამოს, ვნახეთ მათი გუნება განწყობის ცვლილება. ხომ იძახეს რომ გაყალბდა, გაყალბდაო, დადგნენ ბრიფინგზე, ვერაფერი ვერ თქვეს და თენგო აგიხსნითო. თენგოც გამოვიდა და ვერაფერი თქვა.  საუბრობენ, რომ გაყალბდა და რა გაყალბდაო რომ ეუბნებოდნენ ვერ საუბრობდნენ, ბოლოს გადააბარა ბატონ თენგოს და თენგომაც ვერაფერი გვითხრა. ასე რომ ეს ცალკე ამ არჩევნების და ოპოზიციის სახედ დარჩება, რომ თენგო გაგესაუბრებათ, ამ დონეზე არის დასული ოპოზიცია.  ხომ გაყალბებული იყო, სცენა აწყობილი რომ ჰქონდათ, რატომ არ ავიდნენ იმ სცენაზე? რატომ დაშალეს ის სცენა და წავიდნენ. 2-ის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს და წავიდნენ დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ რამე გაყალბდა? აქ რომ რამე გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა ან თუნდაც მაგ ოპოზიციას რა შეაჩერებდა პროტესტისგან, ხომ? მაგრამ წავიდნენ 2-ის ნახევარზე და დაიძინეს ტკბილად და მშვიდად იმიტომ, რომ იციან, ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლობის გამო. სინამდვილეში, ეს განაჩენია. როდესაც არის 43 პროცენტიანი სხვაობა პირველ ადგილოსან „ქართულ ოცნებასა“ და შემდეგ ადგილოსანს შორის, ეს არის განაჩენი, რომ ქართველმა ხალხმა ამ ოპოზიციას ყველაფრისთვის- იმისთვის, რომ ისინი აპირებდნენ დაეწესებინათ სანქციები, იმისთვის, რომ ისინი ყიდიან საქართველოს ინტერესებს სხვებზე, იმისთვის, რომ ისინი აპირებდნენ ამ ქვეყნის ომში ჩათრევას, იმიტომ, რომ ისინი იტყუებიან მარცხნივ და  მარჯვნივ, იმისთვის, რაც მათ პარლამენტში გააკეთეს, გასცა პასუხი და მიუჩინა სამარცხვინო ადგილი დემოკრატიულ სივრცეში“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გახარია: ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ როგორ უნდა იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?!

ფაქტობრივად, ჩიხში ვართ. საქართველოს დიდი ნაწილი დღეს ქუჩაში დგას და ამბობს, რომ ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს, შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. „მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის. არჩევნები კი არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია სამართლიანობა და ევროპული მომავალი. თვითონ ხომ გააფუჭეს?! თვითონ ხომ შეიყვანეს ქვეყანა ამ ჩიხში?! ფაქტობრივად, ჩიხში ვართ. საქართველოს დიდი ნაწილი დღეს ქუჩაში დგას და ამბობს, რომ ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს, შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა. ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ როგორ უნდა იარონ? იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?!“ - აღნიშნა გახარიამ.

ბოლო სიახლეები