ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ევროკომისიის ანგარიში – საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება, თუმცა დარჩება მყარ, 5-6%-იან მაჩვენებელზე

ევროკომისიის ვებგვერდზე ევროპული ეკონომიკური პროგნოზი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4%-ით. ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახელმწიფო მოხმარება, რასაც ხელი შეუწყო ხელფასების მკვეთრმა ზრდამ, დასაქმების მატებამ და სწრაფად მზარდმა სამომხმარებლო სესხებმა. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც, რაც განპირობებული იყო ბიზნესის სესხების ზრდით, საწარმოთა კარგი ფინანსური შედეგებითა და საჯარო ინვესტიციების გაძლიერებით.

„ზრდის პროცესში საქონლისა და მომსახურების სუფთა ექსპორტისა და მარაგების წვლილი  უარყოფითი იყო. მიწოდების მხრიდან, დამატებული ღირებულება ყველაზე მეტად გაიზარდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მომსახურების სფეროებში. საქართველო აგრძელებს სარგებლის მიღებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გარკვეული მომსახურებებისა და სავაჭრო მარშრუტების რუსეთისგან გადამისამართების შედეგად, რაც ნაწილობრივ ასახავს რუსეთის ფედერაციიდან შიდა მიგრაციის მნიშვნელოვან მასშტაბს.

მოსალოდნელია, რომ 2025 და 2026 წლებში ზრდა შენელდება, თუმცა დარჩება მყარ მაჩვენებელზე– 5-6%-ის ფარგლებში. მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად კვლავ კერძო მოხმარება დარჩება, რომელსაც მხარს დაუჭერს ძლიერი სამომხმარებლო სესხები და რეალური ხელფასების ზრდა, თუმცა შედარებით უფრო ნელი ტემპით.

მოსალოდნელია ინვესტიციების ზრდაც, რაც განპირობებული იქნება ბიზნეს სესხების დინამიკითა და ძლიერი საჯარო  ინვესტიციებით, თუმცა 2025 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესის ნდობის დონე მკვეთრად დაეცა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე. სუფთა  ექსპორტის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, სავარაუდოდ, კვლავ უარყოფითი იქნება,  თუმცა ნაკლებად, ვიდრე 2024 წელს, რადგან ძლიერი მოხმარებითა და ინვესტიციებით გამოწვეულ საქონლის იმპორტზე მოთხოვნა, როგორც მოსალოდნელია, გადააჭარბებს ტურიზმისა და სხვა მომსახურებების ექსპორტის ზრდით მიღებულ დადებით წვლილს. ამ პროგნოზს ახლავს განსაკუთრებულად მაღალი გაურკვევლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარების მიმართულების თვალსაზრისით, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა განწყობებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაფართოების მხარდაჭერით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, კერძოდ – 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე. მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის დონის კლება შენარჩუნდება 2025 და 2026 წლებში, თუმცა უფრო დაბალი ტემპით. ანგარიშის თანახმად, დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს გაიზარდა 2.5 პროცენტული პუნქტით, თუმცა კვლავაც შედარებით დაბალ დონეზე — 47.1%–ზე დარჩა.

„წინასწარი მონაცემები მიუთითებს ხელფასების ძალიან ძლიერ ზრდაზე, 2024 წელს რეალურ პირობებში 15%-ით, რაც რამდენიმე ფაქტორს ასახავს: რუსეთიდან მაღალკვალიფიციური მიგრანტების ხელფასების გავრცელებას, განსაკუთრებით IT სექტორში, ქართული კომპანიების მზაობას, რომ მოახდინონ მზარდი საყოფაცხოვრებო ხარჯების კომპენსაცია, განსაკუთრებით კი მთავარ ქალაქებში საცხოვრებელი ფართის ქირის ფასების, ზოგიერთ საწარმოო სექტორში მუშახელის დეფიციტისა  და 2024 წელს ინფლაციის სწრაფი შემცირების. ხელფასების ზრდა მოსალოდნელია, რომ შენელდება მომდევნო წლებში, თუმცა პროდუქტიულობის ზრდაზე მაღალი მაჩვენებლით შენარჩუნდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საშუალო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წელს შემცირდა და შეადგინა 1.1%, რაც დაბალი იმპორტირებული ინფლაციისა და ეროვნული ბანკის გონივრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. თუმცა, 2025 წლის პირველ თვეებში ინფლაცია გაიზარდა და აპრილში 3.4%-ს მიაღწია.

„მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ის საშუალოდ 4%-ს შეადგენს. სამომხმარებლო ფასების აჩქარებული ზრდა დაკავშირებულია ხელფასების ზრდის ეფექტის გავრცელებასთან, ლარის შეზღუდულ გაუფასურებასთან და ბაზისურ ეფექტებთან.
მოლოდინის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორები თანდათანობით შესუსტდება, რის შედეგადაც ინფლაცია 2026 წელს დაუბრუნდება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და 2024 წელს მშპ-ის 4.3% შეადგინა, მაშინ, როცა 2023 წელს ის 5.6%-ს აღწევდა.

„საქონლის ექსპორტი აშშ დოლარში 6%-ით გაიზარდა, რაც მეტალურგიული პროდუქციისა და რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მოთხოვნის აღდგენის დამსახურებაა.  იმპორტი მსგავს ტემპში გაიზარდა, რაც განპირობებული იყო შიდა მოთხოვნის ზრდით როგორც საინვესტიციო, ისე სამომხმარებლო საქონელზე. მომსახურების სფეროში უფრო მაღალმა პროფიციტმა და საინვესტიციო შემოსავლის წმინდა გადინების შემცირებამ ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, ხოლო ფულადი გზავნილების შემცირებულმა შემოდინებამ საპირისპირო ეფექტი მოახდინა. 2025 და 2026 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის უმნიშვნელოდ გაზრდაა მოსალოდნელი. მომსახურების სფეროში ჭარბი შემოსავლის ზრდაა პროგნოზირებული, ძირითადად ტურისტების მზარდი ნაკადის დამსახურებით, რაზეც, როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გავლენას არ ახდენს, ხოლო სავაჭრო დეფიციტი გაიზრდება, რადგან იმპორტი, სავარაუდოდ, ექსპორტზე უფრო სწრაფად გაიზრდება“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2024 წელს მთავრობის ზოგადი პროდუქტიულობა მხარდაჭერილი იყო ძლიერი შემოსავლებით, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი იყო.

„ეს გააძლიერა ეკონომიკურმა გაფართოებამ, ხელფასების ზრდამ, რამაც გაზარდა საშემოსავლო გადასახადის შემოსავლები, ასევე დისკრეციულმა ზომებმა, როგორიცაა სამორინის საფასურისა და საბანკო სექტორის გადასახადების ზრდა. მიმდინარე ხარჯები იმავე პერიოდში 20%-ით გაიზარდა, ძირითადად საჯარო სექტორის ხელფასებისა და საპროცენტო ხარჯების ზრდის გამო, ხოლო უკვე მაღალი კაპიტალური ხარჯები 10%-ით გაიზარდა.

2024 წელს სამთავრობო დეფიციტმა მშპ-ს 2.1% შეადგინა, რაც ნაკლებია ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ 2.5%-იან დეფიციტზე.მოსალოდნელია, რომ დეფიციტის და მშპ-ის შეფარდება 2025 და 2026 წლებში დაახლოებით 2%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ქვეყნის ფისკალური წესით განსაზღვრულ 3%-იან ზღვარზე. 2024 წლის დეკემბერში სამთავრობო ვალმა მშპ-ს 36.1% შეადგინა და მოსალოდნელია, რომ პროგნოზირებულ ჰორიზონტზე კიდევ უფრო შემცირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდაა.„ეს კანონპროექტი არის ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საზღვრებზე სამართალდამცავი უწყებათაშორისი კოორდინირებული ჯგუფების შექმნას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოვახერხოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა ფაღავამ.პარლამენტი დღეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე” – გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება."ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები