ევროკომისიამ უკრაინას 90 მლრდ ევროს უპროცენტო კრედიტი გამოუყო. თანხის მესამედი საბიუჯეტო მხარდაჭერას, ხოლო 60 მლრდ – სამხედრო დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სამხედრო ხარჯები ე.წ. „კასკადური სისტემით“ განაწილდება. პირველ რიგში იარაღი თავად უკრაინაში, ევროკავშირში ან ევროპული ეკონომიკური ზონის ქვეყნებში იქნება შეძენილი. თუ აუცილებელი შეიარაღება იქ არ აღმოჩნდება, მაშინ იარაღის შეძენა მესამე ქვეყნებში, მაგ. აშშ-ში მოხდება.
ფონ დერ ლაიენის თქმით, 30 მლრდ ევრო უკრაინაში რეფორმების გატარებაზე და ქვეყნის მოდერნიზაციაზე დაიხარჯება. ამ ინვესტიციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას უნდა შეუწყოს ხელი.
დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარებულ ევროკავშირის სამიტზე მიღებული იყო გადაწყვეტილება 2026-2027 წლებში უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს კრედიტის გამოყოფის შესახებ. როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, ეს კრედიტი უკრაინამ მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაფაროს, რაც რუსეთი მას მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას გადაუხდის. თუ მოსკოვი ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე უარს განაცხადებს, მაშინ ევროკავშირი ვალის დასაფარად გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს.

