ევროკავშირში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით აკვირდებიან და ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ 27 წევრი ქვეყნის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ევროკავშირში ირანის მიერ რეგიონის რამდენიმე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას და სამხედრო შეტევებს „მიუღებლად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავენ.
„მოვლენები, რომლებიც ირანში ვითარდება, არ უნდა გადაიზარდოს ესკალაციაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და მის ფარგლებს გარეთ გაუთვალისწინებელი შედეგებით, მათ შორის ეკონომიკური სფეროსთვის. ჰორმუზის სრუტის მსგავსი კრიტიკული საზღვაო გზების ბლოკირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბლოკმა ირანს მოუწოდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

