ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.
სანქციების ახალი პაკეტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სლოვაკეთისა და უნგრეთის პოზიციის გამო დაბლოკილი იყო. ახლა კი, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.
„ევროკავშირმა ასევე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის განკუთვნილი მასშტაბური კრედიტის საბოლოო დამტკიცების პროცესში. ეს საკითხიც რამდენიმე თვის განმავლობაში სადავო იყო უნგრეთის ვეტოს გამო. საუბარია ევროკავშირის მრავალწლიან ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცებაზე. პროცესი მიმდინარეობს წერილობითი პროცედურის ფორმატში და გაგრძელდება 23 აპრილამდე. წერილობითი პროცედურა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს ან ოფიციალურად დაასაბუთოს უარი. პროცედურა გაგრძელდება 24 საათის განმავლობაში – 23 აპრილის 12:00 საათამდე. პროცედურა შესაძლოა, ვადამდე ადრე დასრულდეს, თუ დოკუმენტს ყველა ქვეყანა დროულად მოაწერს ხელს. პროცედურის დასრულება ნიშნავს გადაწყვეტილებების საბოლოო დამტკიცებას ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, უნგრეთი და სლოვაკეთი დაელოდებიან, ვიდრე რუსული ნავთობი ფიზიკურად მიაღწევს მათ ტერიტორიას „დრუჟბას“ ნავთობსადენით. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ იქნება მიღებული 23 აპრილამდე.
მანამდე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მხარი დაუჭიროს სანქციების მე-20 პაკეტს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ნავთობი სლოვაკეთში „დრუჟბას“ მილსადენით შევა.
უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტს მხოლოდ მას შემდეგ მოხსნიდა ვეტოს, რაც „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება აღდგებოდა.
მედიის ცნობით, უკრაინაში დღეს დაადასტურეს, რომ „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მიწოდება აღდგენილია.
ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტიდან ამოღებულია რუსული ნავთობის ზღვით გადაზიდვის აკრძალვა.
ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, რას მოიცავს პაკეტი. მედიის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ მოიცავს დამატებით შეზღუდვებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასა და ვაჭრობაზე, სანქციების გაფართოებას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კონტროლის გამკაცრებას, ასევე სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ და რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ოპერაციების დამატებითი შეზღუდვებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.

