მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პერსონალურ თავდასხმებს და იმუშაონ თავიანთი მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია.
„ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ბოლოდროინდელი ცრუ განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. არატრადიციული ღირებულებების თავს მოხვევას, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას. რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გამყოფი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პერსონალურ თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლო როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პერსონალურ თავდასხმებსა და იმუშაონ თავიანთი მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ადასტურებს თავის მტკიცე სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.