ორშაბათი, მარტი 10, 2025

დონალდ ტრამპი-უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებისა.

ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა შესაძლოა, ვერ გადარჩეს. ის ომი არ უნდა მომხდარიყო და ის მოხდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ამ არეულობაში გავიჭედეთ“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებაზე, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა შეიძლება, ვერ გადარჩეს.

დონალდ ტრამპის თქმით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ისეთი მკაცრი, როგორიც თავად. ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ის მოსკოვის მხარეზე დადგა.

„მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ძალიან მკაცრი რუსეთის მიმართ, უფრო მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა. მე ვარ ის, ვინც შეაჩერა რუსული გაზსადენი, ნორდ სტრიმ 2. მე შევაჩერე ის. ბაიდენი მოვიდა და მან დაამტკიცა ის. მე ვარ ის, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა. მე ვარ ის, ვინც ჯაველინები გასცა რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან მკაცრი ვიყავი, მაგრამ პუტინთან კარგად ვმეგობრობდი. ბაიდენი არ ყოფილა მკაცრი. ბაიდენს არაფერი გაუკეთებია. სუსტი, პათეტიკური კაცი იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ახერხებს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე კიმ ჩენ ინთან და სი ძინპინთან. ამასთან, მინერალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შეთანხმება გაფორმდება. Fox News-ის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ვოლოდიმირ ზელენსკის დაბრუნებას და მინერალების შეთანხმების ხელმოწერას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, ეს მოხდება“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებმა – 100 მილიარდი დოლარი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს დისბალანსი მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა კონფლიქტთან და, შესაბამისად, მეტ საფრთხეშია, ვიდრე ამერიკა, რომელსაც ოკეანე აშორებს.

„ბაიდენს არასდროს უნდა გამოეყო 350 მილიარდი დოლარი. მას უნდა გაეთანაბრებინა ევროპასთან. როგორ შეიძლება ეს, როცა ჩვენს შორის ოკეანეა. ჩვენ არ ვართ ისეთ საფრთხეში, როგორშიც ისინი არიან. ისინი არიან გაცილებით დიდ საფრთხეში, თუ თქვენ ამას საფრთხეს უწოდებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ და ამით რუსეთს უფრო მეტ ფულს აძლევენ, ვიდრე უკრაინისთვის დახმარებაზე ხარჯავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან – სოზარ...

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი „ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.„დღეს როდესაც ტრამპმა დაიწყო „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად უნდა, ეს გავლენები შეამციროს. რამდენად შეძლებს და ამაზე ბოლომდეა მონდომებული, ძნელია საუბარი. ფაქტი ერთია, თვითონ იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში აშშ-ში ხორციელდებოდა, შტატებსაც შეუქმნა პრობლემები. ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან. პატარა კაცების სინდრომიც იჩენს თავს, რადგან ბალტიისპირელებს ევროკავშირში სერიოზულად არავინ იღებს“, - აღნიშნა სუბარმა.პარლამენტის თავმჯდომარემ „დიფ სთეითზე“ საუბრის დროს თქვა, რომ უნდა ამოიძირკვოს სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არ მოხდეს მათი რებრენდინგი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადასტურდა ის ყველაფერი რასაც მმართველი გუნდი წლებია ამბობს, მათ შორის საქართველოს ომში ჩართვაზე.

“ეს უვიც ხალხზე გათვლილი ტყუილია, თითქოს არბიტრაჟის მომსახურების გადახდა ნიშნავს, რომ ეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, რაც არის აბსურდი” – სალომე სამადაშვილი ხაზარაძის მიერ გადახდილ თანხაზე

მამუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხაზარაძე იყო მტყუანი და მან აღიარა ანაკლიის პროექტის ჩაშლა.2024 წლის ივლისში, ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც "ლელოს" დამფუძნებელი უკანონოდ მიიჩნევდა.არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, მისი მოთხოვნა უარყო."ლელოში" დღეს ამ თემაზე "კურიერის" დასმულ შეკითხვას სალომე სამადაშვილის გაღიზიანება მოყვა. მისი განცხადებით, არბიტრაჟის მომსახურების გადახდა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ეთანხმები.ჟურნალისტის დასმულ კითხვას, არბიტრაჟის გადაწყვეტილება იყო თუ არა ობიექტური, სალომე სამადაშვილმა თავი აარიდა."ეს არის "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული მორიგი, უვიც ხალხზე გათვლილი ტყუილი, რომ თითქოს არბიტრაჟის მომსახურების გადახდა ნიშნავს იმას, რომ ეთანხმები არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რაც არის აბსურდი. სიმართლე არის ის, რომ ანაკლიის პორტი არ აშენებულა.არბიტრაჟი მომსახურების გადახდას აკისრებს ყველა მხარეს და ყველამ უნდა გადაიხადოს. გეუბნებით, რომ უვიცი შეკითხვა არ უნდა დასვათ. არბიტრაჟის ან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე შენ რომ თანხმდები, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ეთანხმები. მე გეუბნებით, რომ ანაკლიის პორტი არ არის აშენებული და თქვენს ადგილზე დავინტერესდებოდი იმით, თუ რატომ არ არის აშენებული", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.თანხის მითვისების ნაწილში ბაჩიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მართლმსაჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს.დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, ბაჩიაშვილი თავს არიდებს მართლმსაჯულების განხორციელებას.ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით მას შემდეგ შეეცვალა, რაც მან ქვეყანა დატოვა. გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო, გავუწოდე ხელი, ჩავედი მოსკოვში, გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა – სააკაშვილი

ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არაფერი გამოვიდა.„ჩემი საბოლოო, დიდი ოცნება არის ქართული სახელმწიფოს მძლავრი ცენტრის წარმოშობა სოხუმში. აფხაზეთთან ერთად, საქართველო, პრაქტიკულად, ორმაგი და სამმაგი ძალის არის. ამათ ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზეთი დაავიწყონ ჩვენს ხალხს, მაგრამ მე ეს ერთი წამით არ მავიწყდება. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი წინაპრების საფლავები და ჩვენი ბავშვების მომავალი გვეძახის ისევ აფხაზეთისკენ. ეს მოხდება ისეთ პირობებში, როცა ქართველი ხალხი იქნება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე. ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. მე ხომ ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა. პირველივე გამოსვლაზე ინაუგურაციაზე გავუწოდე ხელი, პირველი ვიზიტით ჩავედი მოსკოვში. ომის წინ რა არ შევთავაზეთ, ოღონდ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზე. 2008 წლის შემდეგ გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, ვმასპინძლობდით რუს ჟურნალისტებს, რისთვისაც ახლა მასამართლებენ, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ჩვენი სიმართლე უნდა გაეტანათ და აგრესია შეემცირებინათ, პრაქტიკულად, ჩვენი დაცვის ერთ-ერთი ზღუდე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. მათ ძალიან არ უნდათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა, ნებისმიერი ფორმით. მათ არ მოსწონდათ გამსახურდია და ჰიბრიდული ოპერაციის შედეგად, სამხედრო გზით დაამხვეს. ჯერ მოახდინეს მისი სრული, მასობრივი პროპაგანდისტული დაბომბვა და შემდეგ უკვე პირდაპირი გზით დაბომბვა. მათ არ მოსწონდათ არც შევარდნაძე და, რა თქმა უნდა, არ მოვწონდი მე. მეტიც, მათ არც ივანიშვილი მოსწონთ ბოლომდე, რადგან მათ არ მოსწონთ თვითონ იდეა, რომ ვიღაც კიდევ არის მათი ჩამნაცვლებელი. მიაჩნიათ, რომ მთლიანად ყველაფერი მათი უნდა იყოს. შუამავლები მათ არ სჭირდებათ საქართველოს განადგურებასა და კონტროლში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს – გია ვოლსკი

ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ხაზარაძე ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა.„სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა იმით, რომ სახელმწიფომ მილიონი დოლარი დახარჯა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია. სახელმწიფო ბიუჯეტმა პროექტში უშველებელი რესურსი ჩადო, პროექტის შემსრულებელმა კი არაფერი, გარდა იმისა, რომ სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიაყენა იმით, რომ წლების განმავლობაში ეს თემა ვერ განვითარდა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო რესურსი არ იყო ამოქმედებული. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჯარიმის გადახდა, მით უმეტეს, თუ ამას არბიტრაჟი ავალებს, ის ვალდებულება იყო, რასაც იძულებითი ნაბიჯი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ იგი გონს მოეგო, რამე აღიარა ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმებისა და ამოცანების შესახებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები